თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, „კლასის მასხარები“ ყველაზე ნიჭიერი ბავშვები არიან. International Journal of Humor Research-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იუმორის გრძნობა და ინტელექტი ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება…
„მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ბავშვები განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩევიან, ისინი განსაკუთრებულ ნიჭსაც ფლობენ“, — ამბობს უგურ საკმა, კვლევის წამყვანი ავტორი, თურქეთში მდებარე ანატოლიის უნივერსიტეტიდან.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები, მოზარდებისგან განსხვავებით, იუმორს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. „მაშინ როცა მოზარდები იუმორს გართობისთვის მიმართავენ, ბავშვები მას უფრო მეტად თანატოლებთან ურთიერთობის მიზნით იყენებენ. სწორედ ამიტომ, ბავშვთა და მოზარდთა იუმორის ბუნებაც განსხვავებულია“, — ამბობს უგურ საკმა.
ხოლო იმისათვის, რომ მკვლევრებს გაერკვიათ, რომელი იყო უფრო ჭკვიანი და მხიარული მოსწავლე, ექსპერიმენტში 217 ბავშვს 10 მულტფილმის შეფასება სთხოვეს. დადგინდა, რომ ბავშვები, რომელთაც ვერბალური უნარები განვითარებული ჰქონდათ, მეტად სასაცილო კომენტარებს აკეთებდნენ. შესაძლოა, ეს ბუნებრივიც იყოს, თუმცა კვლევას, სკოლის მოსწავლეების პროგრესისა და განათლების გაუმჯობესებისთვის, მაინც ღირებულად თვლიან.