Klean Kanteen – ამ ბრენდს, დღეს, მილიონობით ადამიანი ენდობა. ბრენდმა უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული წყლის ბოთლებით გაითქვა სახელი. ბოთლების ორმაგი კედელი, ვაკუუმური იზოლაციით, ცხელი ან ცივი სასმლის ტემპერატურის შენარჩუნებაში გეხმარებათ. თუმცა, ეს არაა მთავარი, რის გამოც ბრენდი უყვართ. სანამ თქვენ გემრიელ ფინჯან ყავას შეექცევით, ჩვენ Klean Kanteen-ზე, პასუხისმგებლიან ბრენდზე გიამბობთ.
ბრენდი ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა. მისი დაფუძნება რობერტ სილსის სახელს უკავშირდება. იმ დროისათვის, პირადი მოხმარებისთვის, ბაზარზე არ მოიძებნებოდა უჟანგავი ფოლადის წყლის ბოთლები. საამისოდ, ამერიკელი მომხმარებლისთვის მხოლოდ პლასტმასის ბოთლები იყო ხელმისაწვდომი. ამავდროულად, აქტივისტები ბევრს საუბრობდნენ გარემოზე პლასტმასის მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობაზე პლასტმასის მავნებლობას ჯერ კიდევ არ განიხილავდნენ.
რობერტმა, კალიფორნიის ტექნიკის მაღაზიებში შეიძინა საჭირო მასალები და უჟანგავი ფოლადისგან წყლის ბოთლის პირველი პროტოტიპი დაამზადა. ორწლიანი დაუღალავი შრომისა და საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მან ბაზარს Kelan Kanteen-ის პირველი ბოთლი წარუდგინა.
დამფუძნებელი არც ელოდა, რომ Klean Kanteen-ის უჟანგავი ფოლადის ბოთლებს ფართო გამოხმაურება ექნებოდა. საწყის ეტაპზე, ასეც იყო. ბოთლების შესახებ ინფორმაციას ადამიანებს მუსიკალურ ფესტივალებზე, გარემოსდაცვით ბაზრობებსა და სხვა ღია ღონისძიებებზე უზიარებდნენ.
2005 წელს, ბრენდის მართვა კრესველების ოჯახმა გადაიბარა. მათ სილსის ხედვა გაიზიარეს და უჟანგავი ფოლადისგან მაღალი ხარისხის, გამძლე და უსაფრთხო წყლის ბოთლების მრავალსახეობა შექმნეს, რითაც საზოგადოებას პლასტმასას ჩანაცვლების საშუალება მისცეს.
რამდენიმე წლის შემდეგ, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბისფენოლ-A (BPA), ტოქსიკური ქიმიკატი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამთბარი პლასტმასის ჭურჭლიდან, წყლის მეშვეობით ხვდება. BPA იწვევს ჰორმონალურ დარღვევას და შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების სათავე, როგორიცაა დიაბეტი და სიმსივნე. ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ ადამიანებს პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებისაკენ უბიძგა.
გარემოსდაცვითი აქტივობების მხარდაჭერის პარალელურად, Klean Kanteen-ის მასშტაბები გაიზარდა და ის საერთაშორისო ბრენდად იქცა. მან ადამიანებს მრავალჯერადი წყლის ბოთლების გამოყენება შთააგონე, რითაც კიდევ უფრო შემცირდება პლასტმასას ყოველდღიური მოხმარება. ბრენდმა უარი თქვა ინვესტორების რესურსებზე და კვლავაც ოჯახურ ბიზნესად რჩება, რომლის თანამფლობელები თანამშრომლებიც არიან. ასეთი თავისუფლება Klean Kanteen-ს საშუალებას აძლევს დარჩეს პრინციპებისა და ადვოკატირების ერთგული.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.