გლობალურ დათბობასა თუ რეკორდულ ტემპერატურებზე ბევრს ვსაუბრობთ, თანმდევი შედეგების მომსწრენიც ვხდებით დროთა განმავლობაში და შოკოლადის ამბავიც ერთ-ერთი ასეთია. კლიმატის ცვლილების პრობლემას მეტად ხელშესახებს ხდის… მოკლედ, ტემპერატურის მატებამ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც შოკოლადის მთავარი მომმარაგებელია მთელ მსოფლიოში, მოსავლის აღების პროცესი შეაფერხა.
თუმცა შეაფერხა, ალბათ, რბილი ნათქვამია, რადგან ბოლო წლებია რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს სიცხესთან, დაავადებებსა და უჩვეულო წვიმებთან უწევთ გამკლავება. არადა, სწორედ ისინი აწვდიან მსოფლიოს კაკაოს მარაგის 70%-ს. შოკოლადი რომ შეგვიმცირდება ეს ცალკე ამბავია, თუმცა მეორე მხარეს მეტად მწვავე რეალობაა:
„კაკაოს მოყვანა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობისთვის, ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება კი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მათ“, — ამბობენ მეცნიერები.
მკვლევრები საიმედოს ვერაფერს გვიზიარებენ, პირიქით, ახალი მოხსენების თანახმად, წიაღისეული საწვავის, მეთანისა და ნახშირის მოხმარების გამო კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურებს შემოგვთავაზებს კოტ-დ’ივუარში, განაში, კამერუნსა და ნიგერიაში. სიტუაცია კი განსაკუთრებით მწვავეა კოტ-დ’ივუარსა და განაში, რომლებიც ორ უდიდეს კაკაოს მწარმოებელ ქალაქს წარმოადგენს.
არსებული რეალობის შესაფასებლად, მეცნიერებმა დასავლეთ აფრიკის 44 კაკაოს მწარმოებელი სივრცის მონაცემები გამოიყენეს და დღეს არსებული ტემპერატურა კლიმატის დათბობამდე არსებულ მონაცემებს შეადარეს. შეისწავლეს რეგიონები იმის მიხედვით, თუ რომელ ზონებში აჭარბებდა იგი კაკაოს ხეებისთვის ოპტიმალურ 32 გრადუსს — აღმოაჩინეს, რომ ბოლო ათწლეულში კლიმატის ცვლილების შედეგად, კაკაოს ხეები 32 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის ქვეშ კოტ-დ’ივუარსა და განაში 3 კვირის მანძილზე იყო, თანაც ზრდის მთავარ სეზონზე ოქტომბრიდან მარტამდე პერიოდში.
გასულ რეკორდულ ცხელ წელს კი, გაანალიზებული სივრცეების ⅔-ში ტემპერატურა 32 გრადუსიდან 42 გრადუსამდე გაიზარდა!
მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ჭარბი სიცხე მოსავლის რაოდენობასაც შეამცირებს და ხარისხსაც. ამას კი თან ახლავს სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა წვიმები, დაავადებები თუ არალეგალური მოპოვების შემთხვევები. ნაკლები მოსავლიანობა ფასების ზრდას გულისხმობს და უკვე არაერთმა შოკოლადის მწარმოებელმა განაცხადა ამის შესახებ…
კვლევა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გვაცნობს და გვეუბნება, რომ დედამიწის მიწის ფართობის დიდი ნაწილი გასული 30 წლის მანძილზე მეტად მშრალი გახდა. ამასთან გამკლავებას კი ერთობლივი ქმედებებით შევძლებთ — „კოლექტიური ქმედება სიმშრალის წინააღმდეგ მხოლოდ შოკოლადის გადარჩენას კი არა, პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას ეხება“.