შესაძლოა, ცოტა სარკაზმულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახალი კვლევა შემდეგ მოსაზრებას გვთავაზობს: წარსულის კლიმატის ცვლილებებსა და ადამიანის ტვინის ზომის შემცირებას შორის კავშირი არსებობს. ეს ადაპტაციური პასუხია, რომელიც 50 000-წლიან პერიოდში კლიმატის ჩანაწერებისა და ნამარხების ანალიზით გამოვლინდა.
მეცნიერი ჯეფ მორგან სტიბელი იკვლევს, როგორ განვითარდნენ და ადაპტირდნენ ადამიანები გარემოში არსებული ცვლილებების საპასუხოდ, მისივე თქმით, „დღევანდელი გლობალური დათბობის ტრენდის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გავიაზროთ კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ტვინის ზომასა და ქცევაზე“.
ამგვარად, იგი დააკვირდა, როგორ შეიცვალა 298 ჰომო საპიენსის ტვინის ზომა 50 000 წელიწადში გლობალური ტემპერატურის, ტენიანობისა და ნალექიანობის გათვალისწინებით. ადამიანთა ნეშტები იმის მიხედვით დააჯგუფა, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ, 4 ნამარხის 100, 5000, 10 000 და 15 000-წლიანი კატეგორიები გამოყო. შემდგომ კი 4 მთავარ კლიმატის ჩანაწერს შეადარა, რომელთა შორისაც EPICA Dome C-იც არის, 800 000 წელზე მეტი ზუსტი მონაცემებით — შედეგების მიხედვით, ცივ პერიოდებთან შედარებით, როცა ჰაერი დათბა, ტვინის საშუალო ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა.
გავიხსენოთ ისიც, რომ ბოლო 50 000 წელიწადში გამყინვარების მაქსიმუმი დაფიქსირდა, რამაც უფრო ცივი საშუალო ტემპერატურა შემოგვთავაზა, თუმცა უკვე ჰოლოცენის პერიოდში საშუალო ტემპერატურა გაიზარდა და დღეს არსებულ რეალობამდე მივედით… ანალიზმა კი ჰომო საპიენსში ტვინის ზომის ცვლილების ზოგადი ნიმუში აჩვენა, რაც პირდაპირ უკავშირდება ტემპერატურის მატებასა და დაცემას — ჰოლოცენის დათბობის პერიოდში ადამიანის ტვინის საშუალო ზომა 10.7%-ით შემცირდა!
„როგორც ჩანს, ტვინის ზომის ცვლილებები კლიმატის ცვლილებებიდან ათასობით წლის შემდეგ ხდება და ეს კარგად ჩანს ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის, დაახლოებით 17 000 წლის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ აკლიმატიზაცია ერთი თაობის ფარგლებში ხდება და ბუნებრივი გადარჩევაც რამდენიმე თაობაში შეიძლება მოხდეს, სახეობის დონის ადაპტაციას ხშირად ბევრი თაობა სჭირდება… ტვინის ზომის ძალიან ცოტათი შემცირებამაც კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენს ფიზიოლოგიაზე იმ გზით, რომლის შესახებაც სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს“, — განმარტავენ მკვლევრები.
აქ კი საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კონკრეტული ევოლუციური ნიმუში შედარებით მოკლე დროში 5000-დან 17000 წლამდე მოხდა. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ მეცნიერები, რომ ამას ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე საზიანო გავლენა ექნება. ანალიზის თანახმად, ტვინის ზომაზე ტენიანობა და ნალექიანობაც იმოქმედებს…
მართალია, კონკრეტული კვლევა ამ საკითხთან კლიმატურ ცვლილებების კავშირზე მიგვითითებს, მაგრამ სულ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ფაქტორს არ უნდა მივაწეროთ. თანაც, სტიბელის თქმით, ამაზე გავლენა ეკოსისტემიდან ისეთ ფაქტორებს შეიძლება ჰქონდეს, როგორებიცაა მტაცებლობა, არაპირდაპირი კლიმატური ეფექტებიდან ვეგეტაცია ან საერთოდაც, კულტურული და ტექნოლოგიური საკითხები.
„ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა გავიგოთ, ფიზიოლოგიის ცვლილებები ტემპერატურულ ცვლილებებს უკავშირდება თუ ამას არაპირდაპირი ეფექტი აქვს მასზე“ — აცხადებს სტიბელი.