სცენარი ნომერი პირველი: სეირნობთ თქვენი სახლის წინ. ამ დროს ხმაური გესმით. ხედავთ, რომ თქვენი მეზობლის ჩანთა გახეულა, რომელშიც სურსათი ეწყო. ხილი, ქილები, სხვადასხვა პროდუქტი ყველა მიმართულებით იშლება. ნაბიჯს დგამთ მის დასახმარებლად, მაგრამ უცებ გახსენდებათ, როგორ უგულებელყო მან წინა ღამეს თქვენი თხოვნა, მუსიკისთვის ხმა ჩაეწია, რადგან ძალიან წუხდებოდით მის სახლში გამართული წვეულების ხმაურით.
მიუახლოვდებით, რომ დაეხმაროთ სურსათის შეგროვებაში თუ მხოლოდ გულიანად გაიცინებთ კარმის სილამაზეზე?
სცენარი ნომერი ორი: ხედავთ თქვენი თანამშრომელი ვერ ახერხებს ასლის გადასაღები ახალი აპარატის გამოყენებას. თქვენი პირველი ინსტინქტური მოქმედებაა აჩვენოთ მას როგორ მუშაობს დანადგარი. მაგრამ გახსენდებათ, რომ გასულ კვირას, როცა ძალიან გეჩქარებოდათ, ლიფტის კარები ცხვირწინ მიგიხურათ, მიუხედავად იმისა, რომ დაგინახათ როგორ მორბოდით მისკენ.
მაინც დახმარებას გადაწყვეტთ თუ საკუთარ თავს ეტყვით, უმჯობესია გაიგოს რა ხდება, როცა გუნდური მოთამაშე არ ხარ?
რომელიმე ამ სიტუაციაში, ალბათ, სრულიად ჩვეულებრივ მოქმედებად მიიჩნევთ, რომ უარი თქვათ დახმარებაზე. ეს არ იქნება შურისძიება, უბრალოდ ნაკლები მოტივაცია გექნებათ, დრო დაუთმოთ ადამიანებს, რომლებმაც წინა ჯერზე თავად არ ისურვეს თქვენი საჭიროებების გათვალისწინება.
მაგრამ რა გავლენას მოახდენს თქვენი პირველადი ინსტინქტების გაკონტროლება კულტურაზე, საზოგადოებაზე ან სამსახურებრივ სივრცეზე?
ეთიკის პირველი და ყველაზე საშიში მტერი რაციონალიზაციაა. გარკვეულ დონეზე, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ, ზემოთ აღწერილი სცენარების შემთხვევაში მოქმედებების მიმართულება, შესაძლოა, ცდუნებებმა არასასურველი გზებით წაიყვანოს.
არსებობს ერთი ტერმინი — კოგნიტიური დისონანსი, რომელიც ამოძრავებს თქვენ მოქმედებებს. ფსიქოლოგიური დისკომფორტი იგრძნობა, როდესაც ქცევა არ შეესაბამება ღირებულებებს, გრძნობებს ან რწმენას. როდესაც მოქმედებები და გრძნობები ერთმანეთს არ ემთხვევა, მიღებული დაძაბულობა არაცნობიერს უბიძგებს, რომ აღმოფხვრას ჩვენი დისკომფორტი ერთის ან მეორის შეცვლით.
ეს ტერმინი პირველად ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინგერმა გამოიყენა 1957 წელს. თუმცა ძალიან ძველი ებრაული სიბრძნეც გვასწავლის იგივე პრინციპს:
თუ დაინახავ, რომ შენი მტრის ვირი ტვირთის სიმძიმეს ვერ უძლებს და მუხლები ეკეცება, რას იზამ? რა თქმა უნდა, შეჩერდები მტრის დასახმარებლად.
ეს აჩენს ორ კითხვას: რატომ მხოლოდ ჩემი მტრის ვირი? და რატომ უსვამს ხაზს მტრის დახმარებას და არა ცხოველის?
ეს გარკვეულწილად აღქმებზეა დამოკიდებული. ხშირად სხვებს „მტრებად“ მივიჩნევთ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მცირე შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ან მათთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილება გვაქვს. უმნიშვნელო ანტიპათია დროთა განმავლობაში ღვივდება და დიდ ზიზღს იწვევს, რასაც რაციონალური საფუძველი არ გააჩნია.
თუმცა, როდესაც საერთო მიზნის მისაღწევად ვთანამშრომლობთ, ავტომატურად იბადება ემპათია. კოლექტიური მიზნის გაზიარების პარალელურად, მტრობის ეს უსაფუძვლო გრძნობები გზას უთმობს ურთიერთპატივისცემას, რომელიც გადაიზრდება გულწრფელობასა და მეგობრობაში.
ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ქცევის მეცნიერებმა ჯონ დარლიმ და დანიელ ბეტსონმა ჩაატარეს ექსპერიმენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სასულიერო სემინარიის სტუდენტებს შორის. მათ სხვადასხვა სტუდენტს მორიგეობით უთხრეს, რომ ძალიან მოკლე დროში სჭირდებოდათ შემცვლელი მასწავლებელი. ლექციის თემა იყო ახალი აღთქმის ერთი ეპიზოდი კეთილი სამარიტელის შესახებ, რომელიც გზის პირას გაჩერდა ძარცვის დროს დაშავებული მსხვერპლის დასახმარებლად, ხოლო სხვა გამვლელებმა კი დაზარალებულს ყურადღება არ მიაქციეს.
ზოგიერთ სტუდენტს უთხრეს, რომ გაკვეთილი სადაცაა დაიწყებოდა, ამიტომ უკვე აგვიანებდნენ. აუდიტორიისკენ მიმავალ გზაზე, ექსპერიმენტის კიდევ ერთი მონაწილე მსახიობი დაშავებული ადამიანის როლს განასახიერებდა და ტროტუარზე უღონოდ ესვენა.
მიუხედავად იმისა, რომ კეთილი სამარიტელის იგავის შესახებ უნდა გასძღოლოდნენ ლექციას, სტუდენტების მხოლოდ 10% შეჩერდა დაშავებულის დასახმარებლად. ხოლო იმ სტუდენტებს შორის, რომლებსაც უთხრეს, რომ ლექციის დაწყებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, 63% აღმოჩნდა ისეთი, გასაჭირში მყოფ ადამიანს ყურადღება რომ მიაქცია.
ამ შემთხვევაში, დამნაშავე იყო არა მტრობა, არამედ ყურადღების სხვა საგანზე გადატანა. სემინარიის სტუდენტები ისე იყვნენ შეპყრობილნი გაკვეთილის ჩატარების მოვალეობით, რომ ვერ ხვდებოდნენ, როდის გამოჩნდა სწორედ ამ გაკვეთილის პრაქტიკული გამოყენების აუცილებლობა.
არაცნობიერი ეკითხება საკუთარ თავს: თუ მეჩქარება, რატომ ვჩერდები? მე უნდა ვიჩქარო საქმეზე ზრუნვა.
არაცნობიერი თავადვე სცემს პასუხს: შესაძლოა, ეს უფრო პრიორიტეტულია. შესაძლოა, დაშავებულის დახმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექციის წაკითხვა.
იგივე პრინციპი მოქმედებს ნებისმიერი ეთიკური დილემის წინაშე: პაუზა, შენიშვნა, კითხვა, განხილვა.
ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს გრძნობებს. მაგრამ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი ქმედებები. ჩვენს ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებით, შეგვიძლია ჩვენი დამოკიდებულებებისა და ემოციების შესაბამისობაში მოყვანა. ეს გავლენას იქონიებს ჩვენ ირგვლივ მყოფებზე, რომ მეტად პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთ ქმედებებზე, რაც ხელს შეუწყობს უფრო ჯანმრთელ და ბედნიერ ურთიერთობებს.