9
აგვ
2017

ჭკვიან ბეჭედ „კნიკს” კინოს ბილეთის ფუნქცია დაემატა

9 აგვ 2017

კნიკი“, ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც ერთდროულად, საფულის დანიშნულებითაც გამოიყენება და მფლობელის სამედიცინო ინფორმაციასაც ინახავს, მომხმარებელს ახალ შესაძლებლობას აძლევს. ონლაინ შეძენილი კინოთეატრ „კავეას“ ყველა ბილეთი „კნიკის” ბეჭედზე აისახება და სასურველი ფილმის ნახვას QR კოდის ან დაბეჭდილი ბილეთის გარეშე შეძლებს.

BOG PLUS

ნინო გვაზავა („კნიკის” მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი): დავამატეთ ახალი ფუნქცია – „კნიკის” ნებისმიერი მფლობელი, რომელიც ერთხელ მაინც ონლაინ შეიძენს კინოთეატრ „კავეას“ ბილეთს, ბეჭდისა და კინოთეატრის ვებგვერდზე საკუთარ „ექაუნთებს“ ერთმანეთთან აკავშირებს. ყოველ მომდევნო ჯერზე შეძენისას, ბილეთები ავტომატურად აისახება მის „კნიკზე”. სეანსზე დასასწრებად, საჭიროა მხოლოდ კონტროლიორის წამკითხველზე ბეჭდის „გატარება“.

ახალი ფუნქციის დამატებასთან დაკავშირებით, „კნიკმა” კამპანია „დანიშნე კინომოყვარული“ წამოიწყო, რომლის საბოლოო მიზანიც სამკაულის მიმართ ცნობადობისა და, შესაბამისად, მომხმარებელთა გაზრდაა. როგორც ნინო გვაზავა ამბობს, ეს კამპანია არ არის მხოლოდ კინო მოყვარულთათვის. „კნიკის” ბეჭდის ყველა მფლობელს დამატებით, საჩუქრად გადაეცემა კინოს აბონემენტი – 10 ბილეთი, რომლის გამოყენებაც 1-ელ ოქტომბრამდე შეუძლია.

„თუმცა, ის უპირველეს ყოვლისა ბეჭედია, რასაც თავისთავად საკმაოდ დიდი სიმბოლური დატვირთვა და ასოციაციები შეიძლება ახლდეს. გვინდა, „კნიკმა” ადამიანების ცხოვრების სტილზეც მოახდინოს პოზიტიური გავლენა, გახადოს ისინი უფრო სოციალური, გვინდა მათ მეტი დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. სწორედ ამიტომ, „ლივინგსტონის“ კრეატიულ დირექტორთან, ლევან ლეფსვერიძესთან ერთად, მივედით იმ იდეამდე, რომ დაგვეწყო ეს კამპანია“.

როგორც ნინო გვაზავა ამბობს, „კნიკი” მომხმარებელს მომავალშიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს და ე.წ. ჭკვიანი ბეჭედი ფუნქციურად კიდევ უფრო დატვირთული გახდება.

„გვინდა ბეჭედში ყველა ბარათის, ბილეთისა და სხვა აუტენთიფიკაციის საშუალება გავაერთიანოთ. „კნიკის” ფუნქციონალი სწრაფად იზრდება, აქტიურად ვმუშაობთ ამ იდეის განხორციელებაზე და მომავალში, კიდევ უფრო კარგი სიახლეებით გავახარებთ ქართულ აუდიტორიას. პარალელურად, ვიკვლევთ უცხოურ ბაზრებს, პროდუქტი ტექნოლოგიურად იმდენად დახვეწილია, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს. წლის ბოლომდე საერთაშორისო ბაზარზეც იქნება „კნიკი” წარმოდგენილი“.

განხილვა