in

Global Finance-მა კობა გვენეტაძე, საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის, მეოთხედ დაასახელა

Global Finance-მა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის, ზედიზედ, მეოთხედ დაასახელა. მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავის რეიტინგებში, პირველად 2018 წელს ჩართო. გასული სამი წლის მსგავსად, კობა გვენეტაძე ახლაც ცენტრალური ბანკების იმ მმართველთა სიაშია, რომლებმაც A და A- შეფასება მიიღეს.

2021 წლის Central Banker Report Cards-ში 101 ცენტრალური ბანკირი შეაფასეს. კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს, ამ კატეგორიაში არიან: აშშ-ის ცენტრალური ბანკის მმართველი ჯერომ პაუელი, ისრაელის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ემირ იარონი, ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკის მმართველი ადრიან ორი და ა.შ.

Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

„გასულ წელს, ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა, საფრთხე შეუქმნა ფისკალურ სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის გამოც ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს საგანგებო რეჟიმში მოუხდათ მუშაობა. მათ მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენეს“, – აღნიშნულია გამოცემაში.

„მაშინ როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და ინფლაცია ისევ მნიშვნელოვანი საზრუნავი ხდება, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან“ – აღნიშნავს გამოცემა Global Finance – ის რედაქტორი ჯოზეფ ჯარაპუტო – “Global Finance-ის ცენტრალური ბანკების ყოველწლიური მიმოხილვა აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის ლიდერები უმკლავდებიან გაუარესებულ მდგომარეობას და რომლები ჩამორჩებიან“.

გამოცემის შეფასებით, კობა გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გადამჭრელი ზომები გაატარა.

1987 წელს დაარსებული Global Finance 163 ქვეყანაშია მიმოქცევაში. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე – GFMag.com – ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 34-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance – ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ჟურნალის წარმომადგენლობები ლონდონსა და მილანშია განთავსებული.

 

წყარო: Global Finance

 

[R]

Klimt vs Klimt – Google-ის ონლაინ გამოფენა II მსოფლიო ომის დროს განადგურებულ ნამუშევრებს ანახლებს

ŠKODA მომავალს საუკეთესო ტრადიციებით ქმნის – ნახეთ ბრენდის ახალი მოდელი SLAVIA