52 წლის კობა კრავეიშვილი შეფ-მზარეულია. 15 წელი იცხოვრა უკრაინაში და ეს ქვეყანა მისთვის მეორე სახლად იქცა. უკრაინიდან ჰყავს ბებია, დედის დედა. უკრაინელია მისი ცოლიც. გასული წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები რომ შეიჭრნენ და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღდა, კობას დიდხანს არ უფიქრია, ომში წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მიუხედავად ორი მცდელობისა, უკრაინამდე ჩასვლა ვერ მოახერხა.
მაშინ გადაწყვიტა, რომ თუკი ომში, ფიზიკურად ვერ დაეხმარებოდა უკრაინელებს, მაშინ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული დევნილებისთვის უნდა გაემართა ხელი — როგორც შეეძლო, როგორც გამოუვიდოდა.
განცხადება — გაგიყოფთ ბინას
ასე გამოაქვეყნა კობამ სოციალურ ქსელში განცხადება — „გავუყოფ საკუთარ ბინას უკრაინიდან ჩამოსულ დევნილებს“.
კობას განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ უკრაინიდან დევნილები:
„გულით მინდოდა უკრაინაში, ომში წასვლა, სხვადასხვა გზით ვცადე გამგზავრება, მაგრამ რაკი არ გამოვიდა, მივხვდი, რომ ნიშანი იყო. მე მზარეული ვარ და არა — მეომარი. ომის დროს ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც უკეთ გამოსდის, რაც შეუძლია. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, მე რომ ომში წავსულიყავი, ყველანაირი სამხედრო გამოცდილების გარეშე, ალბათ ვერც ვერაფრით დავეხმარებოდი მათ. შესაძლოა, აქეთ ვქცეულიყავი ტვირთად. დიდი დიდი ერთხელ გავისროდი, მერე მომკლავდნენ და ეგ იქნებოდა. მივხვდი, რომ აქ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე იქ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქედან დავხმარებოდი უკრაინელებს. დიდ დიღომში ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე, დედა და ძაღლი. დიდი სახლი გვაქვს, ხუთოთახიანი, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო ერთი ოთახი დაგვეთმო უკრაინიდან წამოსული დევნილებისთვის. განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე გამომეხმაურნენ და მას მერე ჩვენს სახლში ერთი ოთახი სულ დაკავებულია“.
კობას სახლში ახლაც ცხოვრობს უკრაინიდან დევნილი ქალი, 52 წლის ირა დნიპროდან. „ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა, ერთად აღვნიშნეთ“, — ღიმილით მიყვება კობა.
უკრაინელი დევნილებისთვის განკუთვნილი ოთახის მოწყობაში კი კობას უკრაინელი მეგობარი, შორეული ნაოსნობის გემის კაპიტნის თანაშემწე დაეხმარა:
„თავისუფალი ოთახი კი გვქონდა, მაგრამ მოწყობილი არ იყო. მხოლოდ ერთი საწოლი გვედგა. პირველი დევნილები რომ მივიღე, ხანდაზმული ქალი და მისი ქალიშვილი, შვილს იატაკზე გავუშალეთ ლოგინი. დედა სიმსივნეს ებრძოდა, ძალიან მძიმედ იყო. ისევ დავწერე სოციალურ ქსელში, რომ ოთახისთვის მინიმალური ავეჯი გვჭირდებოდა. ჩემი ოდესელი მეგობარი გამომეხმაურა, მეზღვაურია და სწორედ იმ დროს მისი გემი ბათუმში იყო გაჩერებული. ჩამოვიდა თბილისში და ყველა საჭირო ავეჯი და ინვენტარი შეიძინა. ძალიან მადლობელი ვარ მისი“.
განსაკუთრებით დაამახსოვრდა კობას მის სახლში დაბინავებული ახალგაზრდა დედა-შვილი. ამ დედა-შვილისა და მათთან ერთად, ათობით უკრაინელი დევნილის ფოტომ, რომელიც ირპენშია გადაღებული, შარშან, მარტის დასაწყისში, მთელი მსოფლიო მოიარა:
„დარწმუნებული ვარ, თქვენც გექნებათ ნანახი ის ფოტო. შემზარავი ფოტოა. როგორ დგანან ირპენიდან გამოქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბილი ხიდის ქვეშ და მდინარეზე გადასვლას ფიცრების დახმარებით ცდილობენ. აი, სწორედ ამ ფოტოზე იყო აღბეჭდილი ის დედა-შვილი, რომლებმაც გარკვეული პერიოდი ჩვენს სახლში იცხოვრეს. ზოგადად, ყველას, ვინც კი შევიფარეთ, თავისებურად მძიმე ისტორია ჰქონდა, თითქმის ყველა ფრონტის ხაზიდან იყო გამოქცეული, მაგრამ ეს დედა-შვილი განსაკუთრებით დამამახსოვრდა“.
კობა კრავეიშვილი “Volunteers Tbilisi”-ს მიერ ორგანიზებულ ქართული კერძების მასტერ-კლასზე
კობას ბინაში ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ათზე მეტმა დევნილმა იცხოვრა, მათი ნაწილი კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.
გარდა საკუთარი ბინის გაყოფისა, კობამ უკრაინიდან დევნილების თბილისში დასაქმებაზეც იზრუნა:
„ამაში ჩემი პროფესია და ამჟამინდელი საქმიანობაც დამეხმარა. პროფესიით შეფ-მზარეული ვარ, მყავს სანაცნობო წრე სხვადასხვა საკვებ დაწესებულებაში და იქ, სადაც ენის ცოდნა მნიშვნელოვანი არ იყო, მაგალითად, სამზარეულოში, რამდენიმე ადამიანის დასაქმება მოვახერხეთ. გარდა ამისა, ვმუშაობ დაცვის სამსახურში და კიდევ რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ობიექტზე დავასაქმეთ“.
გარდა სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით დახმარებისა, კობა სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინიდან დევნილებისთვის სრულიად უფასოდ, ქართული კერძების მასტერკლასებსაც ატარებს:
„ვერ წარმოიდგენთ, როგორი დიდია მოთხოვნა და სურვილი, განსაკუთრებით, ხაჭაპურის მასტერკლასზე. ლამის ნახევარი წლით ადრე მყავს უკვე ჩაწერილი მსურველები. ქართული კერძების მასტერკლასებს ვატარებთ უკრაინიდან დევნილი ბავშვებისთვისაც. ისეთი დადებითი ემოციით ხვდებიან ეს ბავშვები ყოველ ასეთ შეკრებას, გადმოცემაც კი ჭირს. დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან კერძების კეთების პროცესში, ხალისობენ, ერთობიან. ეს ყველაფერი მათ იმ უმძიმესი კადრების დავიწყებაში ეხმარება, რაც მათ რამდენიმე თვის წინ გამოიარეს“.
კობას მზარეულობა და ქართული კერძების კეთება არ ესწავლება. უკრაინაში ცხოვრების დროს ის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში უძღვებოდა რუბრიკას ქართული კერძების შესახებ. გარდა ამისა იყო ცნობილი საერთაშორისო ტელე-შოუს მონაწილეც:
„15 წელი ვიცხოვრე კიევში. ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული ვიყავი, მონაწილეობა მივიღე პოპულარულ და რეიტინგულ შოუში „მასტერ-შეფი“ და ამის შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა ტელევიზიებთან. რადიოში მიმყავდა გადაცემა ქართულ სამზარეულოზე. ვიყავი ტელევიზიაში დილის გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანი, სადაც ქართულ სამზარეულოს რუბრიკა მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ერთ-ერთი ცნობადი სატელევიზიო სახე ვიყავი და ახლაც, აქ ჩამოსულებიც კი მცნობენ და დიდი სიხარულით ესწრებიან ჩემს მასტერკლასებს“.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინიდან საქართველოში იმდენი დევნილი აღარ ჩამოდის, რამდენიც ომის პირველ თვეებში, კობა ამბობს, რომ დღეს დახმარება სწორედ აქ დარჩენილ დევნილებს სჭირდებათ:
„მათ ნაწილს ფიზიკურად არსად აქვს წასასვლელი. უკრაინელი დევნილებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებიც ნელ-ნელა სრულდება. ამიტომ ახლა, სწორედ ჩვენი, ხალხის ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია, რომ ახლა, წელიწად-ნახევრის თავზე, ემოციები იკლებს, თითქოს ისეთი მძაფრი განცდები აღარ გვაქვს, როგორც ომის პირველ თვეებში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა გადაიტანეს ამ ადამიანებმა, რას გამოექცნენ, განსაკუთრებით ბავშვები და დღესაც რას უძლებს მათი ქვეყანა. მე დღემდე ამ ფიქრით ვცხოვრობ, ასე ცხოვრობს ჩემი ცოლი, დედაჩემი, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს ერთი წლის წინ ჩემი იდეა, სახლში მიგვეღო სტუმრად უკრაინელი დევნილები და ერთად გაგვენაწილებინა მათი დარდი, ერთად დავდგომოდით გვერდში, რითაც შეგვეძლო. ჩვენი ბრძოლა ესაა. მართალია შორიდან, მაგრამ მაინც“…
ფოტოკრედიტი: Stephan Schumacher
[პარტნიორის კონტენტი]