ციფრულ ფოტოგრაფიას საფუძველი 24 წლის ინჟინერმა სტივენ სასონმა ჩაუყარა, 1975 წელს მან პირველი ციფრული ფოტოაპარატი შექმნა. სასონი მაშინ კომპანია Eastman Kodak-ის თანამშრომელი იყო.
ეს იყო 8 ფუნტიანი (1 ფუნტი – 453,59 გრამი) კამერა, რომელიც იღებდა 0.01 მეგა-პიქსელიან შავ-თეთრ ფოტოებს და კასეტაზე ინახავდა. ერთი სურათის გადასაღებად 23 წამი იყო საჭირო. ფოტოების ნახვა კი მხოლოდ ფირზე გამოსახული მონაცემებისა და მათი ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენის შემდეგ იყო შესაძლებელი.
სტივენ სასონმა ახალი ტექნოლოგია „კოდაკის” ხელმძღვანელობას გააცნო, მაგრამ მათ ციფრულ ფოტოგრაფიის სამომავლო განვითარების პერსპექტივა ვერ დაინახეს.
„ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ არავინ არასოდეს მოისურვებდა საკუთარი ფოტოების ტელევიზორის ეკრანზე ნახვას. ქაღალდზე დაბეჭდილ ფოტოს 100 წლიანი ისტორია ჰქონდა, ყველას მოსწონდა, რადგან სურათის დაბეჭდვა, ძვირი სულაც არ ღირდა”,-აღნიშნა ინჟინერმა New York Times-თან საუბრისას.
იმ დროს „კოდაკი” ამერიკის ფოტო ინდუსტრიის დომინანტი კომპანია იყო და არ სურდა ფილმის ბიზნესის კანიბალიზაცია. საბოლოოდ „კოდაკი” მაინც ციფრულ ფოტოგრაფიაზე გადავიდა. თუმცა, მხოლოდ 18 წლის შემდეგ.
Eastman Kodak 2012 წელს ბანკროტად გამოცხადდა.