in

საბედისწერო შეცდომა, რომელმაც Kodak-ის ბედი გადაწყვიტა

ეს ამბავი ციფრული ფოტოგრაფიის ეპოქამდე ხდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში, ფირის ფოტოგრაფიის უდიდეს ნაწილს Kodak მოიცავდა. Kodak-ის ბიზნესგეგმა, სახარჯი მასალის შესყიდვაზე იყო დამოკიდებული. ბრენდი ფირის ფოტოკამერებს ხელმისაწვდომ ფასად ყიდდა, დაბალი მარჟით, მთავარ მოგებას კი, ფირის, ფოტოქაღალდისა და სხვადასხვა აქსესუარის რეალიზებით იღებდა.

ამრიგად, Kodak-მა ეფექტური გზა გამონახა დიდი ფულის საშოვნელად, თუმცა ციფრული ფოტოაპარატების განვითარებასთან ერთად, ფირისა და ფოტოქაღალდის საჭიროება თანდათან შემცირდა. Kodak-მა უარი თქვა ციფრული ფოტოაპარატის პროდუქტად ქცევაზე და ეს სიახლე სრულად უგულვებელყო. რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, ციფრული ფოტოკამერის გამომგონებელი სტივენ სასონი Kodak-ის ელექტროინჟინერი იყო. ამ გამოგონების სამსახურში წარდგენისას, გაჩუმება და მისი დავიწყება ურჩიეს. Kodak-მა თავი აარიდა ციფრულ ფოტოკამერას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მისი პროდუქტი აღარ იქნებოდა მოთხოვნადი.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მოკლე დროში, ციფრული ფოტოკამერების გამოშვება Fuji Films-მა დაიწყო და Kodak უკან მოიტოვა. სამწუხაროდ, Kodak-მა ამ დროსაც ვერ ისწავლა ჭკუა და მომდევნო 10 წელი Fuji Films-თან კამათსა და იმის მტკიცებაში გაატარა, რომ ფირის ფოტოკამერით გადაღება სჯობს და ვერაფერი შეედრება დაბეჭდილი სურათის შეგრძნებას. ამასთან, ბრენდი იმედოვნებდა, რომ ამერიკელები იაპონურ ბრენდთან (Fuji Films) შედარებით, ეროვნულს (Kodak-ს) მიანიჭებდნენ უპირატესობას.

ამ ათი წლის განმავლობაში, ადამიანებმა მეტი ინტერესი გამოთქვეს ციფრული ფოტოგრაფიის მიმართ და დაინახეს, რომ ის ბევრად იაფიც ჯდებოდა და ხარისხიც მნიშვნელოვნად უკეთესი იყო. Kodak ჯიუტად არიდებდა თავს ციფრულ ტექნოლოგიას. მარკეტინგის გუნდი ცდილობდა ძველი პროდუქტის გასაყიდად ახალი მიდგომები გამოეყენებინა.

ბრენდი ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ოდესღაც ეფექტური მიდგომა ახლა მოძველებული იყო. სწრაფად განახლებადმა ტექნოლოგიებმა შეცვალა ბაზრის ქცევა და მისის საჭიროება. როდესაც კომპანიამ, როგორც იქნა, გაიაზრა, რომ ციფრული ფოტოკამერის წარმატება გარდაუვალი იყო, მეტისმეტად დაგვიანდა. იმ დროისათვის, სხვა მსხვილი კომპანიები უკვე იკავებდნენ წამყვან ადგილს ბაზარზე და Kodak-ს მათ სიმაღლეზე ასვლა გაუჭირდებოდა.

2004 წელს, Kodak-მა ფირის ფოტოაპარატის გაყიდვა შეწყვიტა. შედეგად, 15 000 თანამშრომელი დარჩა სამსახურის გარეშე. 2011 წლისთვის, Kodak-მა აშშ-ის 500 უმსხვილეს კომპანიას შორისაც დაკარგა ადგილი.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

„შენია“: „მივხვდით, რომ მომხმარებლების გულის გასაღები გვეჭირა ხელში“

მალე კიბოს მკვლელი ვირუსით ადამიანს უმკურნალებენ