“კოდალა” სოციალური საწარმოა, რომლის მიზანია, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს თვითრეალიზაციაში. საწარმოს ძირითადი პროდუქცია ხის ისეთი ასაწყობი სათამაშოებია, რომელიც ავითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. პროდუქციის ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით, რაც უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. “კოდალა“, თავდაპირველად, “სათამაშოების სახლის” სახელით, მოძრაობა დავითიანმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითერების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით დაარსა, ხოლო რებრენდინგის შემდეგ, საწარმომ დამოუკიდებლად განაგრძო განვითარება.

ამჟამად, საწარმოში დასაქმებულია 20-მდე თანამშრომელი, აქედან 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირია. “კოდალაში” ახალ პროფესიებს ეუფლებიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის წარმომადგენლები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრები. “კოდალა” აწარმოებს სამი სხვადასხვა ტიპის 150-მდე სახის ხის სათამაშოს: ასაწყობი, მექანიკური და ფიგურული. “კოდალას” ნაწარმის შეძენა შესაძლებელია მსხვილ სუპერმარკეტებსა და სათამაშოების მაღაზიებში.
საახალწლოდ, “კოდალამ” წამოიწყო აქცია
#ჩვენმათვჭირდებით, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაგზავნოს საკუთარი ნახატი და მიიღოს მისი ხის ანალოგი, ხოლო გადარიცხოს საწარმოში იმდენი, რამდენსაც შეძლებს. ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანია, წაახალისოს “კოდალაში” დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დააახლოვოს ისინი საზოგადოებასთან უფრო მეტად, აგრძნობინოს მათი საჭიროება, დაანახოს, რომ მათი ცხოვრებითა და საქმიანობით სხვებს უხარებენ ბავშვობას. აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
აქციის ფარგლებში, “კოდალა” იაშვილის კლინიკაში მყოფ ლეიკემიით დაავადებულ პატარებს ესტუმრა და სპეციალურად მათთვის, მათი საახალწლო ნახატების სათამაშო ანალოგები შექმნა.