ორი პატარა, მაგრამ დამაინტრიგებელი კვლევის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ყოველდღიურად კოფეინის დიდი დოზით მიღებამ, შესაძლოა, ტვინის ე. წ. გადატვირთვის უნარს ხელი შეუშალოს. როცა მაგალითად ვხვდებით, რომ კონკრეტული ფიქრები ჩვენ სასარგებლოდ აღარ მუშაობს და მათი შეცვლა გვინდა, ტვინის გადატვირთვას მივმართავთ, რათა ისინი სასარგებლო აზრებით შევცვალოთ. ტვინი გამუდმებით ამ პროცესშია ჩართული, იმაზე დაფუძნებით, თუ რას ვაკეთებთ, ვფიქრობთ ან ვგრძნობთ. ხშირად კი ეს გაუცნობიერებლადაც ხდება…
მკვლევრებმა 20 ინდივიდში ტვინის ის სიგნალები გაანალიზეს, რომლებიც სწავლასა და მოგონებების გახსენებას უკავშირდებოდა. ასე გამაოგნებელი დეტალებიც გამოავლინეს, რომლებიც გამოწვევის წინაშე აყენებს ვარაუდებს, რომ კოფეინი ხელს უწყობს ტვინის პლასტიკურობას, ნერვული სისტემის უნარს, შეცვალოს აქტივობა შინაგანი ან გარეგანი სტიმულის საპასუხოდ…
„ეს მონაცემები ხაზს უსვამდა კოფეინის ეფექტების პირდაპირი ტესტირების საჭიროებას სამომავლო კვლევებში, რადგან, თეორიულად, კოფეინის ქრონიკულად გამოყენებამ შეიძლება შეზღუდოს სწავლისა და პლასტიკურობის უნარი“, — აცხადებენ მკვლევრები.
კოფეინს ადენოზინის დაბლოკვა შეუძლია, ანუ თავის ტვინში არსებული ნივთიერების, რომელიც საჭირო დროს ჩაძინებაში გვეხმარება და, შესაბამისად, ჩვენს სიფხიზლეს უზრუნველყოფს. ადენოზინი ასევე ზემოქმედებს პროცესზე, რომელიც LTP-ის სახელით არის ცნობილი — მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე, თუ როგორ აძლიერებს თავის ტვინში არსებული ნეირონის უჯრედები მათ შორის კავშირებს. ეს კი ახალი ინფორმაციების მიღებისა და დროთა განმავლობაში ადაპტაციისთვის მნიშვნელოვან პროცესად ითვლება.
16 ადამიანი, რომლებიც დღეში 1-დან 5 ჭიქამდე კოფეინიან სასმელს მიირთმევდნენ, და 4 მონაწილე, რომლებიც იშვიათად იღებდნენ კოფეინს, ტვინის სიმულაციის პროცესში ჩართეს. ეს უკანასკნელი კი შექმნილი იყო იმისათვის, რომ განმეორებადი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციისთვის (rTMS) მიებაძა. ხოლო შემდეგ გუნდი ნერვულ სისტემაში ელექტრული იმპულსების ნიშნებს დააკვირდა, რათა LTP გაეზომა — მონაწილეებში, რომლებიც არ მიირთმევდნენ კოფეინიან სასმელებს, LTP-ის ეფექტები ძლიერად იყო გამოხატული.
თუ მკვლევრებს დავეყრდნობით, კოფეინისგან მიღებული რეგულარული სტიმულაცია, შესაძლოა, ტვინში საპირისპირო ეფექტს იწვევდეს, რითაც პლასტიკურობის დაბალი მაჩვენებლებიც იხსნება. უბრალოდ, ეს ჯერ უბრალოდ ჰიპოთეზაა. კვლევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩაეტარებინათ საპილოტე კვლევა, რომელიც სამომავლო ჰიპოთეზების შესახებ გვეტყოდა… თანაც კოფეინსა და ჩვენს ჯანმრთელობას შორის კავშირი ძალიან კომპლექსურია — კვლევები როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ეფექტებზე საუბრობს, დაწყებული დემენციის რისკების შემცირებით, დამთავრებული დიაბეტის რისკების ზრდით.
„უკეთესი გააზრება იმისა, თუ როგორ ცვლის კოფეინი სწავლისა და მეხსიერების მექანიზმს, ამასთან, კოფეინის პოტენციური გავლენა კლინიკურ rTMS ეფექტებზე, სამომავლოდ ნამდვილად დიდ ყურადღებას იმსახურებს“, — აცხადებენ მკვლევრები.