in

შესაძლოა, კოფეინი წონის კლებაში გვეხმარებოდეს — კვლევა

სულ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სისხლში არსებულმა კოფეინის დონემ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს სხეულის ცხიმის ოდენობაზე. თავის მხრივ, ეს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს განსაზღვრავს, რომ აღარაფერი ვთქვათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მაღალ ალბათობაზე… მკვლევრებმა გენეტიკური მარკერები გამოიყენეს, რათა ეპოვათ კავშირი კოფეინის დონეებს, დიაბეტის მეორე ტიპსა და სხეულის ცხიმის ინდექსს შორის. შედეგად, გვეუბნებიან, რომ კალორიებისგან თავისუფალი კოფეინიანი სასმელები შეგვიძლია სხეულში ცხიმის დონის შემცირების პოტენციურ საშუალებად მივიჩნიოთ. 

M2
M2

„გენეტიკურად პროგნოზირებული კოფეინის მაღალი კონცენტრაციები დაკავშირებულია დაბალ სხეულის ცხიმის ინდექსსა და მთლიანი სხეულის ცხიმის მასასთან. მეტიც, იგი დაკავშირებული იყო მეორე ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან. როგორც შეფასდა, კოფეინის ეფექტის ნახევარი მეორე ტიპის დიაბეტზე ცხიმის ინდექსის შემცირებით იყო განპირობებული“, — აცხადებენ მეცნიერები.

კვლევა 10 000 ადამიანის მონაცემებს მოიცავდა არსებული გენეტიკური ბაზებიდან, ფოკუსირდებოდა იმ კონკრეტულ გენებზე, რომლებიც კოფეინის დაშლის სიჩქარეს უკავშირდებოდა. ზოგადად კი, ეს ვარიაციები მოქმედებს CYP1A2-სა და მის მარეგულირებელ AHR გენებზე, რომლებიც კოფეინს უფრო ნელა შლის და მას სისხლში დიდხანს გაჩერების საშუალებას აძლევს. 

მართალია, მნიშვნელოვანი კავშირი არსებობდა კოფეინის დონეებს, სხეულის მასის ინდექსსა და მეორე ტიპის დიაბეტს შორის, მაგრამ არ გამოვლენილა კავშირი სისხლში კოფეინის დონეებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, იქნება ეს გულის უკმარისობა, ინსულტი თუ ფიბრილაცია. მეტიც, მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა კოფეინის ზომიერი მოხმარება გულის სიჯანსაღესა და სხეულის ცხიმის დაბალ ინდექსს დაუკავშირა. თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ კოფეინის ეფექტები ჩვენს სხეულზე ყოველთვის დადებითი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა განვსაზღვროთ, რა რაოდენობით მივიღებთ მას…

„პატარა, მოკლევადიანმა ცდებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღება იწვევს წონისა და ცხიმის მასის შემცირებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კოფეინის მიღების ეფექტები ჯერ უცნობია“, — განმარტავენ მკვლევრები.

ფიქრობენ, რომ არსებული ასოციაცია, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ორი ფაქტორით: პირველი, კოფეინი ზრდის თერმოგენეზს, ანუ სხეულში სითბოს გამომუშავების პროცესს და მეორე, იგი ორგანიზმში ცხიმის ენერგიად გარდაქმნას აუმჯობესებს. ეს ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, მთლიანი მეტაბოლიზმის სისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს…

ნახეთ: დისნეიმ Moana 2-ის თიზერი გამოაქვეყნა

BMW – ბრენდი, რომელმაც გაუძლო დროს და ქმნის მომავალს