2001 წელი იყო. ESM-ის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. მაშინ, ჯერ კიდევ პოპულარული იყო რადიოსადგურები, თუმცა ახალი ტელევიზიების გამოჩენასთან ერთად, მათი დაღმასვლა იწყებოდა. ჩვენი ლექტორის ოჯახი ფლობდა ერთ-ერთ ცნობილ რადიოსადგურს და გადაწყვიტა სტუდენტები მის პოპულარიზაციაში ჩავერთეთ. ჩვენს გუნდს უნდა მოეფიქრებინა, როგორ გაგვეზარდა სპონსორებისა და მსმენელების რიცხვი. ბიუჯეტი არ გვქონდა, არც საქმე იყო ანაზღაურებადი, უბრალოდ, ენთუზიაზმით ვაკეთებდით ყველაფერს.
რადიოსადგურის პოპულარიზაციისთვის, ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ გათამაშებების დახმარებით მოგვეზიდა მსმენელები. ავაწყეთ სქემა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესებისთვის უნდა შეგვეთავაზებინა მათი პროდუქტის/სერვისის გათამაშება, რადიოში რეკლამის სანაცვლოდ. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ეს მიდგომა მუშაობდა. თუმცა, რადიოსადგურის ზოგიერთი პარტნიორი უკმაყოფილო იყო იმით, რომ რადიოსადგურს შეეცვალა სეგმენტი. მას სურდა უფრო მაღალი ხარისხის მუსიკა შეეთავაზებინა მსმენელებისთვის, მაშინ, როცა ჩვენ გათამაშებები ჩავრთეთ საქმეში.
ამ გამოცდილების შემდეგ, 2002 წელს, თიბისიში დავიწყე მუშაობა, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ექსპერტად. სწორედ მაშინ იქმნებოდა ის პროდუქტები, რომლებსაც დღეს, ყოველდღიურად მოვიხმართ. ზოგიერთ ფილიალში ყველა პროდუქტის მიღებაც არ იყო ხელმისაწვდომი და მაგალითად, მომხმარებელი ჭავჭავაძის ფილიალიდან შეიძლება ვერის ოფისში გაეგზავნათ. მომდევნო კარიერული ეტაპებიც იქვე გავიარე – გავხდი საკრედიტო განყოფილების ჯგუფის უფროსი, შემდეგ მარჯანიშვილის ფილიალის საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელი. აი, დისკომფორტი კი, რაც პირველ სამსახურს უკავშირდება, დრეს-კოდი იყო. წარმოიდგინეთ, ვარ მე-4 კურსის სტუდენტი და ყოველდღიურად მეცვა შავი შარვალ-კოსტიუმი ჰალსტუხით. ეს იყო ძალიან არასასიამოვნო – 6 საათის დადგომისთანავე ხელი ჰალსტუხისკენ მიმქონდა და ვიხსნიდი. რომ ვფიქრობ ხოლმე, პირველად რატომ წავედი ბანკიდან – სწორედ არაკომფორტული დრეს-კოდის გამო.
პარალელურად, ESM-ში ვაგრძელებდი სწავლას. უკვე, მე-4 კურსელი ვიყავი. ESM-ს ჰქონდა გაცდენების დასაშვები რაოდენობა სტუდენტებისთვის, თუმცა ცოტა გადავაჭარბე და ერთხელაც, შეტყობინება მომივიდა, რომ გამრიცხეს. თურმე, რექტორ სულიკო ქადაგიძეს ჩამოუვლია აუდიტორიებში და ცარიელი მერხები რომ დაუნახავს, გამოსცა დეკრეტი და გარიცხა სტუდენტები, რომლებიც ძალიან ბევრს აცდენდნენ. როგორც აღმოჩნდა, ზოგი იტყუებოდა, რომ მუშაობდა, ამიტომ ცნობის მიტანის შემდეგ, ისევ აღმადგინეს.
კოკა ქამუშაძე – სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.