in

კოკა ნიკოლაძის მუსიკალური ნაწარმოების ბოლო აკორდი Ebay-ზე უკვე 3000$-ად იყიდება

მუსიკოსის თავდაპირველმა ხუმრობამ შემდეგში სერიოზული ხასიათი მიიღო


ოსლოში მცხოვრებმა ქართველი მუსიკოსმა და გამომგონებელმა, კოკა ნიკოლაძემ ბოლო პერიოდში ყველას თავისი უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტებით დაგვამახსოვრა თავი, რომელთაგან ბოლო, Pocket Beatbox-ის წინასწარი რეზერვაცია უკვე ყველასთვის შესაძლებელია. თუმცა დღევანდელი ამბავი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ კიდევ უფრო საინტერესო და ჩახლართულია. რამდენიმე დღის წინ კოკამ საკუთარ Youtube-ის არხზე გამოაქვეყნა ახალი ნამუშევარი, “How Things Fall”, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან, Nordic Voice-სთან კოლაბორაციით შექმნა. აუდიო/ვიზუალური ნამუშევარი სხვადასხვა შემთხვევითი ნივთების დახმრებით შეიქმნა და თითოეულ ნივთის მოძრაობას და ზედაპირზე შეხებას შესაბამისი ჟღერადობა დაერთო თან – თუმცა მუსიკოსმა თავისი მუსიკალური ნომრის ბოლო აკორდი საიდუმლოდ დატოვა და მას Ebay-ზე ყიდის. ბოლო აკორდის შესაძენად აუქციონი ერთი კვირის წინ დაიწყო და საწყისი ფასიდან (500 $) დღეისთვის 3000 $ მდე ავიდა – ეს ყველაფერი კი ერთი იდუმალი აკორდის შესაძენად! კოკას აღნიშნულ კოლაბორაციასთან და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ:

რას მოიცავს აღნიშნული ნამუშევარი “How Things Fall” და როგორ მოხდა მისი ტექნიკური შესრულება?

რაც თავი მახსოვს, დავარდნილი ბურთის ხმას რო გავიგებდი, სულ ბახის დო მაჟორული პრელუდია მახსენდებოდა და წარმომედგინა, რომ ბურთის ყოველი დავარდნა აკორდის მომდევნო ნოტად ჟღერდა.

პირველი შეკვეთის შესასრულებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. რამდენიმე საათი ანსამბლთან სამუშაოდ და მერე ერთი კვირა. ამიტომ ჩამწერი აპარატურით მივედი და რეპეტიციის ბოლოს ანსამბლი დავსემპლე.

მერე სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი, დავიდგი კამერა და გადავიღე ვიდეო, რომელიც გავაფერადე ჩაწერილი სემპლებით.

პინგ-პონგის ბურთები, კვერცხი, კარტოფილი, სანათი და ა.შ. – ის ნივთები რაც ამ ვიდეოში „ხმას გამოსცემს“ – რამე კონკრეტული თემატიკით შეარჩიე ეს ყველაფერი თუ შემთხვევითობის პრინციპით მოხდა?

სახლში ნაპოვნი ნივთები გამოვიყენე, საგანგებოდ არაფერი მიყიდია. პინგ-პონგის ბურთები წინა ექსპერიმენტული პროექტებიდან დამიგროვდა. კარტოფილი იქვე იდო, ორნაირი. ერთი კვერცხი მაცივარში ვიპოვე. ფანარი, ბუშტი და ქინდერი ჩემი სამი წლის შვილს გამოვართვი, დაბლაგვებული იაპონური დანა მეგობარმა მაჩუქა წლების წინ.

ამ ნივთებით დავალაგე ნაწარმოების ფორმა. უკვე შუაღამე იყო და მეტი ვერაფერი მოვძებნე საინტერესო.

აღნიშნული ნამუშევრის ბოლო აკორდი საიდუმლოდ დატოვე და იბეიზე გასაყიდად დადე, რას მოელოდი აღნიშნულის შემდეგ, რამე სერიოზული გათვლები გქონდა თუ უბრალოდ ხუმრობდი?

ვიხუმრე, ჩემ ჭკუაში. გადაღების ბოლოსკენ, ღამის ოთხ საათზე, დანით ვცადე ბუშტის გახეთქვა და ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ გამსკდარიყო, უსასრულოდ შეიზნიქა, თითქოს სიცოცხლე უნდოდა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ კამერის ბატარია ერთ პროცენტზე იყო, მეხსიერება იწურებოდა, დარჩენილი მქონდა რამდენიმე წამი. ჩემს შვილს გაეღვიძა და დაიწყო ტირილი. ჩემმა ძაღლმა მეზობლის ძაღლის ხმა გაიგო და დაიწყო ღრენა. რომ მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა და ყველაფერი თავიდან უნდა გადამეღო მომდევნო ღამეს, ბუშტი გასკდა, დანა კინაღამ ხელში გავიყარე. რამდენიმე წამი ვიჯექი, მერე კამერა გაითიშა, თეო გაჩუმდა, მობიმ შეწყვეტა ღრენა და დაისადგურა გამაყრუებელმა სიჩუმემ. გამოვიდა.

მონტაჟისას, ხუმრობით ჩავაქრე ბოლო აკორდი და დავაწერე იყიდება-თქო. მარიამს მოეწონა. მერე მითხრა იბეიზე გაყიდეო, ბევრი ვიცინეთ. მერე ეგრე დავტოვე, ვიდეო იუთუბზე ავტვირთე და აკორდი მართლა დავდე გასაყიდად იბეიზე. მილიონად მინდოდა, ხუმრობით, მაგრამ იბეიმ – ხუთას დოლარზე მეტად არაფერს გაგაყიდინებო. დავდე ხუთას დოლარად.

 

          სულ მალე იწურება აღნიშნული აუქციონი – ბოლო მონაცემებით ერთ-ერთი მსურველი 3000 დოლარს იხდის მხოლოდ ერთ აკორდში – შენ ამ ხალხს წინასწარ არ იცნობ, როგორ ფიქრობ რამ განაპირობა ამ ექსპერიმენტის ესეთ მდგომარეობამდე მიყვანა? ან რა ტიპის ადამიანი შეიძლება იყოს რომელიც ამ ყველაფერში 3000 დოლარის გადახდისთვის მზად არის?

რა ღირს ხელოვნება?! – ფასი შეთანხმებაზეა. მე მადლობელი ვარ, ყველა ბიდერის. ვიცნობ ხალხს, ვისთვისაც ესთეტიკასთან ურთიერთობა, ხელოვნების განცდა და შინაარსთან რეზონანსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალური საკუთრება და ყოფიერება. იმედი მაქვს საბოლოო მყიდველი ასეთი ადამიანი აღმოჩნდება.

          ჯერ კიდევ იზრდება Bid-ები აღნიშნულ აკორდზე, როგორ ფიქრობ საბოლოოდ რა თანხამდე შეიძლება ავიდეს და როგორ,  რა საშუალებით აპირებ მყიდველს საბოლოო აკორდი გადასცე?

გულწრფელად არ ვიცი რამდენად გაიყიდება ბოლო აკორდი. მყიდველს USB-სთიქზე ჩაწერილ აკორდს გავუგზავნი. თერთმეტწამიანი ვიდეო ფაილი 441.8 მეგაბაიტია. UPS-ით ან DHL-ით გავგზავნი, რომ უსაფრთხოდ ჩავიდეს და თრექინგ კოდის მიწერაც შევძლო.

          ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა NFT-ების გამოყენება სახელოვნების სფეროშიც –აღნიშნული აკორდის მყიდველი უნიკალურად მიიღებს ბოლო აკორდს, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ ის თავად გადაწყვეტს აკორდის გასაჯაროებას?

ეს მისი უფლებაა. აკორდის მესაკუთრე ის გახდება. თუ უნდა მოისმენს და ნახავს, ან – გაასაჯაროებს, ან შეინახავს და არასდროს, არავის გაუზიარებს.

          აღნიშნული ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ხომ არ ფიქრობ ცხოვრება გაიმარტივო და ახალი შემოსავლის წყარო გაიჩინო? თუ ფიქრობ რომ მსგავსი ექსპერიმენტები მხოლოდ ერთჯერადად ამართლებს?

“How Things Fall” სპონტანურია. მიყვარს სპონტანური პროექტები. შუალედებში თავჩაუხრელად, ხანდახან მონურად ვმუშობ კომპლექსურ პროექტებზე. ასეთი პროექტები ამოსუნთქვასავითაა. ფულის ნაწილს კეთილ საქმეს მოვახმარ, ნაწილით კი ვიყიდი რამე ხელსაწყოს, რითიც მომდევნო ნაწარმოებს გავაკეთებ. მერე, იმის ჰონორარით რამე კიდე ახალს – ასე ვიფრენ შთაბეჭდილებიდან შთაბეჭდილებამდე, სანამ სული მიდგას.


რაოოო? „ბუდვაიზერი“ უფასო ლუდს სთავაზობს მათ, ვინც ვაქცინას გაიკეთებსო!

წარმატებული ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში – ინტერვიუ ელენე თოიძესთან