ქართველი კომპოზიტორი და საუნდ არტისტი, კოკა ნიკოლაძე აგრძელებს მუსიკალურ ექსპერიმენტებს და ვიდეოს აქვეყნებს კომპოზიციაზე „Outoutout”, რომელიც მთლიანად Deluge-ის პორტაბელურ სინთეზატორზეა შექმნილი. სინთეზატორი ასევე აკონტროლებს ვიდეო სემპლერსაც. ამით მუსიკოსი დრამერის პერსონაჟზე მუშაობს, რომელიც ყოველდღიურ ნივთებს დასარტყამ ინსტრუმენტებად იყენებს. მომავალში მუსიკოსი ბასისტი პერსონაჟზეც აპირებს მუშაობას, შედეგად კი სცენაზე ორივე მათგანის კონტროლი შეეძლება.
კოკა ნიკოლაძე წლებია ნორვეგიში მოღვაწეობს – ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო – ვიოლინოს სპეციალობით ერნსტ არაქელოვის, კომპოზიციას კი პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 2010 წლიდან იყო პროფესორ მარკო სტროპას სტუდენტი შტუდგარტის (გერმანია) მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. კოკა ნიკოლაძის საზღვარგარეთ წასვლა განაპირობა მისმა დაინტერესებამ თანამედროვე მუსიკით. საქართველოში ამ ჟანრში მუშაობისა და თვითრეალიზაციის პირობები არ იყო. უცხოეთში ხელოვნების ამ სფეროში შედარებით მარტივია ფეხის მოკიდება. 2012 წლიდან კოკა ოსლოს მუსიკის აკადემიის კომპოზიციისა და მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტია, იკვლევს ელექტრონულ მუსიკასთან დაკავშირებულ სივრცეს. მისი ნამუშევრები მოიცავს ელექტრონულ, ელექტრო აკუსტიკურ , ვოკალურ მუსიკას და კამერულ ოპერებს. ასევე, აქტიურ კვლევებს კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქციის სფეროში, კომპიუტერულ პროგრამებს ბგერის რეალურ დროში პროცესირებისათვის და კომპიუტერზე დაფუძნებულ კომპოზიციაში.