6
Feb
2019

„კოკორო“ იაპონურად გულს ნიშნავს, ქართულად კი – ქალის თეთრეულის ბრენდს

6 Feb 2019

Startauperi
Startauperi


იცოდით, რომ „კოკორო“ იაპონურად „გულს“ ნიშნავს? მისი ქართული მნიშვნელობა კი ერთ ახალბედა ბიზნესს უკავშირდება: „კოკორო დამარქვეს შემთხვევით. სკოლაში მეგობარმა დამიძახა „ნინკოკორო“, მეორე მეგობარმა „ნინ“ მოაშორა და იმის მერე დავრჩი კოკორო“… გვიყვება ნინო იოსავა, რომელმაც მომავალი მეუღლე, კოკო ჩიხრაძე გაიცნო… 2016 წელს კი, უკვე, როგორც ცოლ-ქმარმა, ქალის საცვლების ქართული ბრენდი, თავიანთი (ზედმეტ)სახელებიდან გამომდინარე – kokoro lingerie დააფუძნეს.

კომპანიაში კოკო მენეჯერია, კოკორო კი – დიზაინერი. უნდათ, რომ განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ, ჯერჯერობით, საქართველოში, ბაქოსა და რუსეთში. ისე კი, მთავარი მიზანი, საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ქართული წარმოების საცვლების ბრენდად ქცევაა. M: ნინო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქალის საცვლების ბრენდი შეგექმნათ? მოგვიყევით, იდეიდან პროდუქტამდე რა გზა გაიარეთ…
გვინდოდა, ისეთი რამ შეგვექმნა, რაც საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა და გადავწყვიტეთ ქართული საცვლების ბრენდის დაფუძნება. სანამ, უშუალოდ, პროდუქტის წარმოებას დავიწყებდით, ბაზარი გამოვიკვლიეთ, ყველა ტექნოლოგია შევისწავლეთ, მოვიძიეთ ხარისხიანი და ნატურალური მასალა, ფაბრიკა და პირველ კოლექციზე მუშაობას შევუდექით. თბილისში, ჩვენთვითონვე შევკერეთ 100 ცალი. 

იმის მიუხედავად, რომ 2 თვეში ყველაფერი ამოვყიდეთ, ხარისხით კმაყოფილები მაინც არ ვიყავით. ბევრი ძიების შედეგად, უკრაინაში მივაკვლიეთ ქარხანას, სადაც მეორე კოლექცია დავამზადეთ.

დღემდე, კოლექციებზე უშუალოდ მე ვმუშაობ, მენეჯმენტზე – კოკო. თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოა თავისი ნიმუშებით, ქსოვილების არჩევით და ა.შ. M: სად შეიძლება „კოკოროს“ პროდუქციის შეძენა? და მხოლოდ ქალის თეთრეულს რატომ აწარმოებთ?
ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია შოურუმ “Secret Store-ში“, გამრეკელის #20-ში და ასევე, მისი ონლაინ ყიდვაც შესაძლებელია. რაც შეეხება ჩვენს ნაწარმს, მხოლოდ ქალის თეთრეულს ვაწარმოებთ იმიტომ, რომ გაყიდვების თვალსაზრისით, ბევრად მოგებიანია და ამასთან, უფრო საინტერესოც. 

ჩვენს კითხვაზე, როგორია დამფუძნებლების ხედვა, ბრენდის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით, ნინო იოსავა გვპასუხობს, რომ გეგმები დიდია, თუმცა, ამაზე მოკლედ საუბარი – რთული. რაც შეეხება ბრენდის მისიას – ერთია, ნებისმიერი ასაკის ქალმა, „კოკოროს“ საცვლებში თავი კომფორტულად იგრძნოს.

განხილვა