27
Dec
2019

Kollektiv-ის 2019 წელი – ბუბა რადიანის #აზრები

27 Dec 2019

M2
M2


როგორც 2018 წელი, 2019 წელიც, „კოლექტივისთვის“, საკმაოდ მრავალფეროვანი და სიახლეებით აღსავსე გამოდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს დამკვეთების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – კომპანიების უმრავლესობა ქართული იყო. თუმცა, აღსანიშნავია უცხოური კომპანიებისგან გაზრდილი შეკვეთებიც.

განსაკუთრებით ბევრი პროექტი შეფუთვის (Packaging-ის) მიმართულებით გვქონდა, გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ მოედანზე ძალიან აქტიურები ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიები იყვნენ. იყო სასიამოვნო გამონაკლისები, როგორიც არის ყავა, ჩაი, ძაღლის საკვები Freeze Dried Fruit და ა.შ.

საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდა „ლიბერთი“ ბანკთან, რომელთანაც სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავეთ. აგრეთვე გამოვყოფ ჩვენს მიერ განახლებულ GAU-ს ვიზუალურ იდენტობას და „ბათუმის ბულვარის“ ბრენდის იდენტობას, რომელიც კომპანია „მოზაიკა“-სთან ერთად გავაკეთეთ.

მთლიანობაში საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები დაგვიგროვდა, რომელთა უმეტესობა წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, პროექტის დროზე ადრე შეწყვეტა მოგვიხდა. იყო მომეტებული შემთხვევები დამკვეთის მხრიდან ზედმეტად ჩართულობის და მიდგომის: „მე ვარ დამკვეთი და მაშასადამე ბოსი“ ან „თქვენ დაიწყეთ მე დავამთავრებ“ ან „ერთი „კლიკი“ მარცხნივ ორი მარჯვნივ“ ან „ლოგო გამიგრანდიოზულე“ და ა.შ.

რაც მთავარია, ამ ჩვენს თავგადასავალში  ძალიან საინტერესო, მონდომებული და ნიჭიერი ახალგაზრდები აღმოვაჩინეთ და მათთან ვითანმშრომლეთ. გაიცანით, პატივი ეცით, გაუფრთხილდით მათ – ლუკა ზარანდია, დაჩი იმედაძე, მარი კახურიშვილი, ტატა მეგრელიშვილი, გიორგი ჯანანაშვილი, მარიამ ტურაბელიძე, თამუნა ონიანი და ა.შ.

2019 წელს პირველად გავხდით “Ad Black Sea”-ს ბრინჯაოს პრიზის მფლობელებიც „თბილისი არქიტექტურის ბიენალესბრენდინგისთვის.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ეს წელი ბევრ სირთულესთან ერთად, ჩვენთვის, საკმაოდ წარმატებული იყო. ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, დასახვეწი და გასავითარებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი კიდევ უფრო საინტერესო, სასიამოვნო სიახლეებით აღსავსე და წარმატებული იქნება. მთავარია მონდომება, თავდაუზოგავი შრომა და საუკეთესო ხარისხი. 2020-ში შევხვდებით.

 

ბუბა რადიანი

კრეატიული დირექტორი, „კოლექტივი“

განხილვა