13
Mar
2019

ქართულმა სააგენტომ ესპანური ღვინის ბრენდინგზე იმუშავა

13 Mar 2019

“გარუ” ესპანური ღვინის მწარმოებელია. კომპანიის ბრენდინგზე ქართულმა სააგენტო “კოლექტივმა” იმუშავა. “გარუ” სამხრეთ ესპანეთში, La Rioja-ს პროვინციაში მდებარეობს. ბრენდინგზე მუშაობა “კოლექტივმა “გარუს” ქარხნისა და ვენახებისა და ადგილობრივი კულტურის კვლევით დაიწყო. ბრენდის კონცეფცია სააგენტოების “კოლექტივისა” და “მარმელადსის” ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა. როგორ აღმოჩნდა ქართული სააგენტო ესპანურ ბაზარზე? როგორი იყო ბრენდინგზე მუშაობის პროცესი? დეტალებზე  “კოლექტივის გუნდს ვესაუბრეთ”:

ჩვენი გარუსთან თანამშრომლობა ზურაბ პოლოლიკაშვილის დამსახურებაა, რომელმაც კომპანიის მფლობელებთან საუბრისას ჩვენს კომპანიას გაუწია რეკომედაცია. ნამუშევრების ნახვის შემდგომ, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს, სამუშაო პროცესიც სწორედ აქედან დაიწყო.

ლოგოტიპი რამდენიმე იდეას აერთიანებს. პირველყოვლისა უნდა ითქვას, რომ შევქმენით უნიკალური ფონტი. რაც შეეხება საერთო ფორმას, იგი La Rioja-ს გერბის ფორმას იმეორებს, ხოლო ლოგოტიპის ზედა ნაწილი გერბში გამოსახული გვირგვინის ჩვენეული ინტერპრეტაციაა. ლოგოტიპის შიდა ხაზები არაგონის დროშის გამოხატულებაა, რომელსაც ესპანეთის გერბშიც ვხვდებით.


რაც შეეხება პატერნს, მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფორმა, ლოგოს ქვედა ნაწილის მოხაზულობა. ამ გზით მივაღწიეთ პატერნზე მუშაობისას დასახულ მიზანს- გამოგვეყენებინა ლოგოტიპის ელემენტი, რათა არ დაგვერღვია სტილისტიკა და პატერნი ლოგოსთან ჰარმონიაში მოგვეყვანა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბრენდის ვიზუალური იდენტობა სრულიად ორგანულია როგორც La Rioja-ს პროვინციისთვის, ასევე ესპანური კულტურისთვის.”

განხილვა