სააგენტო Kollektiv-მა ამერიკული POMONA-სთვის ახალი დიზაინი შექმნა. ეს შინაური ცხოველების მოვლისა და კვების კომპანიაა, სწორედ მისი ქვებრენდის, PAWMONA [Dog Treats]-ის შეფუთვაზე იმუშავა ქართულმა სააგენტომ.

„დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე ხშირად გვეძლევა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების საჭმლის შეფუთვაზე მუშაობის შესაძლებლობა. ეს სწორედ ის იშვიათი და ამავდროულად სასიამოვნო გამონაკლისი იყო, როდესაც ჩვენ ძაღლის საჭმლის შეფუთვის დიზაინის შექმნა მოგვიხდა“, – ამბობს Kollektiv-ის არტ დირექტორი გიორგი კალმახელიძე.

PAWMONA მხოლოდ „ონლაინ“, Amazon-ზე იყიდება. ამიტომ, Kollektiv-ის მთავარი ამოცანა იყო, ისეთი შეფუთვა შეექმნათ, რომელიც სწრაფად მოახდენდა მომხმარებელზე შთაბეჭდილებას და ძალიან დიდ ასორტიმენტს შორის სწორედ ამ ბრენდის სასარგებლოდ გააკეთებინებდა არჩევანს.

„თავიდანვე შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მეგობარი ძაღლები, დიზაინიც მეგობრული და მხიარული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ფერადი ილუსტრაცია, რაც ჩვენს ჯადოქარ ილუსტრატორ მარი კახურიშვილს მივანდეთ. მთლიან look and feel-ზე მუშაობა მე და გიორგი კალმახელიძემ გავინაწილეთ. მთავარი გმირი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქტის პირდაპირი მომხმარებელი ძაღლები არიან. ამას დავამატეთ playfull „ვორდმარკი“, რომელიც მთლიან სიმეტრიულ სტილთან თანხვედრაში მოვიდა, რამაც ერთიანი კომპოზიცია შექმნა“, – ამბობს Kollektiv-ის კრეატიული დირექტორი ბუბა რადიანი.
რაც შეეხება ნამუშევარს, მისი თქმით, ისეთი დიზაინი შეიქმნა, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია და მომხმარებელზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს.

„პროდუქტი, რომელიც ვიზუალურად კარგად გამოიყურება უფრო მიმზიდველია მომხმარებლისთვის, ვიდრე პროდუქტი, რომელიც საშუალოდ ან ცუდად გამოიყურება. ის ყოველთვის გამოირჩევა დახლზე და მომხმარებელს მასთან შეხების, მომავალში ყიდვის და გასინჯვის სურვილს უჩენს. ერთი სიტყვით, კარგი დიზაინი ყიდის პროდუქტს. (რაღა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში პროდუქტის ხარისხი და დიზაინი თანხვედრაში უნდა იყოს). ჩვენს შემთხვევაში ამოცანა სხვა იყო: კომპანია თავის პროდუქციას მხოლოდ ონლაინ ყიდის, კერძოდ კი, amazon.com-ის მეშვეობით, აქედან გამომდინარე, პროდუქტი ხელშეუხებელია მანამ, სანამ მას თქვენ კურიერი არ გადმოგცემთ ან კართან არ დაგიტოვებთ. საბოლოოდ, ვფიქრობთ, რომ მივიღეთ პროდუქტი, რომელიც სადაც არ უნდა ნახოთ (დახლზე თუ „ონლაინ“), გამორჩეულია და თქვენზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს. აი, როგორ შთაბეჭდილებას, ეს უკვე თქვენი – მომხმარებლების გადასაწყვეტია“.












