„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, დიზაინ-სტუდია Kollektiv-ის ბრენდინგის პორტფოლიოს გაგაცნობთ. კოლექტივი ქართულ შემოქმედებით სივრცეში 2016 წელს გამოჩნდა. სააგენტო, რომელიც 15-წლიან გამოცდილებას აერთიანებს გიორგი კალმახელიძემ, ლევან ღვინიანიძემ და ბუბა რადიანმა დააფუძნეს. ნახეთ და შეაფასეთ Kollektiv-ის #პორტფოლიო.
ბათუმის ბულვარი
ბულვარის ბრენდინგი ახლო კავშირში უნდა ყოფილიყო საზოგადოების აღქმასთან, ჩატარდა გამოკითხვა და გაირკვა, რომ ბულვარის ლოგო ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი წარმოედგინა. დასახელდა ბევრი სხვადასხვა სიმბოლო, მათ შორის ბათუმის კოლონადები. დასახელებულ ვარიანტებში დავიწყეთ ისეთი უნივერსალური ფორმის ძებნა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებოდა. ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ კოლონადების ზედხედს – ერთგვარი ჩარჩოს ფორმას, რომელიც ბოლომდე არ იკვრება, ჰქონდა საკმაოდ დიდი პოტენციალი. დაუსრულებელი ფორმა, რომელშიც დინამიკურად იცვლება გამოსახულება, მნახველს საშუალებას აძლევს დაასრულოს კომპოზიცია და მიიღოს თავისი შეგრძნებებისა და ასოციაციების შესაბამისი ლოგო. საბოლოოდ მივიღეთ მოქნილი იდენტობა, რომელიც არავის ზღუდავს და რომელთანაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ემოციური ბმა. ახალი იდენტობის ფერთა პალიტრად ავირჩიეთ ყველა ის ფერი, რომელიც ყველაზე აქტიურად და ხშირად გვხვდება ბათუმის ბულვარში.
Bridge Ventures
Bridge – ხიდი აგებულია დაბრკოლებაზე გავლის უზრუნველსაყოფად და ერთი მხარის მეორესთან დასაკავშირებლად, რამაც მოგვცა შესაძლებლობა ხაზი გაგვესვა „კავშირზე“. ზუსტად ეს გახდა ჩვენი კონცეფციის მთავარი ნაწილი, ის გამოხატავს კომპანიის სახელს, ინდივიდუალურობას და პოზიციონირებას.
შევქმენით მონოგრამა (ერთამენთთან დავაკავშირეთ ასო ბ და ვ). მონოგრამის ფორმა ჰქმნის პროფესიონალიზმის და სოლიდურობის შეგრძნებას. ეს არის საერთო სიმბოლო, ერთგვარი ქსელი, რომელიც წარმოაჩენს სიტყვის (Bridge) რეალურ მნიშვნელობას – დამაკავშირებელს.
იდენტობა კი გავამდიდრეთ ფერებითა და გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც შექმნილია ლოგოტიპის სხვადასხვა ნაწილებისგან. შედეგად, მივიღეთ კომპანიის მთავარი მიზნის სრული ვიზუალური გამოხატულება – ნდობის, ენთუზიაზმის შთაგონება და ღირებულებების სწორად მიწოდება.
GeorgianBlue
GeorgianBlue საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მათ მფლობელობაში 326 ჰექტარი მიწის ნაკვეთია. თავიდანვე ვიცოდით, რომ ბრენდის ვერბალური და ვიზუალური ბრენდინგი/იდენტობა ლოკალური და გლობალური ბაზრისთვის უნდა შექმნილიყო. აქედან გამომდინარე, ბრენდის სახელდებასა და სლოგანში აქცენტი მის წარმომავლობაზე (საქართველოსა და გურიაზე) გავაკეთეთ. ასევე, დასახელებაში გავითვალისწინეთ პროდუქტი (მოცვი) რომელიც სიტყვა Blue-თი მეტაფორულად გამოვხატეთ.
სახელის გათვალისწინებით ვორდმარკში რამოდენიმე დამალული დეტალი გამოვხატეთ – ასო R-ში ფოთოლი (ნატურალურობაზე აქცენტის გასაკეთებლად) ხოლო ასო B-ში მოცვის გვირგვინი (როგორც პროდუქტის პირდაპირი აღმნიშვნელი). ამ დეტალებმა საშუალება მოგვცა ვიზუალური სტილისტიკა სწორედ მათზე დაყრდნობით განგვევითარებინა. ფერები (ლურჯი და მწვანე) პროდუქტიდან და მისი ნატურალურობიდან გამომდინარე შეირჩა. საბოლოო ჯამში მივიღეთ თვალშისაცემი და პროდუქტთან მიმართებაში რელევანტური ვიზუალური სტილი.
ეროვნული ლიგის ფარი
ფეხბურთში სწორი თავდაცვა და სწორი თავდასხმა წარმატების საწინდარია და არამარტო ფეხბურთში ეს ორი კომპონენტი ოდითგანვე გამჯდარია ადამიანის ბუნებაში.
თავდაპირველი იდეა სწორედ ფარის კონკრეტულად კი ხევსურული ფარის ფორმიდან გაგვიჩნდა. მრგვალ ფორმას დავამატეთ ჯვარი რომელიც ქართულ სიმბოლიკის მთავარი კომპონენტია, ხოლო ფორმის გასათანამედროვებლათ გამოვიყენეთ არასტანდართული ჭრები, კომპოზიციის შუა ნაწილს კი აგვირგვინებს ნახევარსფერო როგორც ფეხბურთის ბურთის მეტაფორული გამოხატულება.
დავით ყიფიანის სახელობის თასის დიზაინი რამოდენიმე კომპონენტისაგან შედგება: ჯილდოს ფორმის იდეა, თრიალეთის თასიდან გამომდინარეობს, ჯილდოს ხელმოსაკიდი, ლენტის ასოციაციას იწვევს, რაც გამარჯვების თანმდევია, თასსა და კვარცხლბეგს შორის გვხვდება ოვალი, რაც ბურთის სიმბოლოა.
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფორმა ეროვნული ლიგისა და ქვეყნის თასის ფორმების ერთგვარი შერწყმაა. ტიტულის ფორმა სამი ელემენტისგან შედგება: სფერო, ფრთები და კვარცხლბეკი.
სფერო ეროვნული ლიგის თასშიც და ქვეყნის თასშიც გხვდება, იგი ბურთის მეტაფორული გამოხატულებაა. ფრთები ერთმანეთის საპირისპიროდ არის განლაგებული, როგორც ფეხბურთში ორი გუნდი. მისი დინამიკური ფორმა მოძრაობის იმიტაციას ქმნის, მოძრაობა ფეხბურთის მთავარი კომპონენტია, წინხედში კი იგი ლათინურ ასო V-ს ფორმას იმეორებს – V როგორც მოგების აღმნიშვნელი სიტყვა Victory. კვარცხლბეკი კი, მთლიან კომპოზიციას აგვირგვინებს.
GWS
კომპანიის მხრიდან მთავარი მოთხოვნა ლოგოში წმინდა გიორგის გამოსახულების შენარჩუნება და ახლებურად წარდგენა იყო. ყველამ კარგად ვიცით რომ, წმ. გიორგი ქართულ კულტურაში მნიშვნელოვან სიმბოლურ-ისტორიულ კონტექტს ატარებს, ხოლო მისი ლოგოდ გამოყენება ბრენდს, რომელიც ქართული ტრადიციების და ღირებულებების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომჩენია მეღვინეობა/მევენახეობის ბაზარზე ცენტრალურ ფიგურად აპოზიციონირებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა კამპანიის კრეატიული სტრატეგია, სახელწოდებით: „იცოდე“. მასთან სხვადასხვა სიტყვის მიწერით მივიღეთ სხვადასხვა ტიპის მოწოდებითი ხასიათის ინფორმაციული ფრაზები. ჩვენ დაგვევალა კამპანიისთვის შეგვექმნა ბრენდის ვიზუალური იდენტობა. ბრენდის კონცეფცია დავაშენეთ ერთ-ერთ შიშის გამომწვევ ფრაზაზე, რაც თავისთავად იწვევს პრობლემის ახლებურად გადააზრებას. ეს ფრაზაა: „ჩუმი მკვლელი“- რაც გულისხმობს პაციენტებში მის უსიმპტომოდ მიმდინარეობას, მისი აღმოუჩენლობა კი სავალალო შედეგებით მთავრდება. სიტყვა, „ჩუმი“ ზუსტად გამოხატავს დაავადების ვერაგ ბუნებას. ეს სიჩუმე გამოვხატეთ ლოგოტიპში ნეგატიურ სივრცეში მოთავსებულ ლათინური: C-თი. ასევე, C გამოვიყენეთ სტილშიც, სადაც სხვადასხვა ვიზუალური ობიექტი თუ ფოტოგრაფია თავსდება C-ის ფორმაში.
არქიტექტურული ლაბორატორია (LOA#3)
LOA-ს ისტორია 15 წლის წინ დაიწყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, სამმა მეგობარმა პატარა არქიტექტურული კომპანიის დაარსება გადაწყვიტა. ჩვენი დავალება იყო აიდენტიკის სრული რევიზია, იდენტობას მკვეთრად უნდა გამოეხატა ის, რომ არქიტექტორები და ხელოვანები ერთად ქმნიან უკეთეს სამყაროს. ზუსტად ეს ფილოსოფია გახდა ჩვენი შთაგონების წყარო და გვიბიძგა საკმაოდ საინტერესო და შინაარსობრივად მდიდარი მიმართულებისკენ.
ბაზისური გეომეტრიული ფორმებით (წრე, კვადრატი და სამკუთხედით) მივიღეთ მინიმალისტური და დასამახსოვრებელი ლოგოტიპი, რომელმაც შემდგომ მთელი სტილიც განსაზღვრა. ზუსტად ამ გეომეტრიულმა ენამ მოგვცა საშუალება შეგვქმნა პრინციპული და დინამიური იდენტობა. მთავარ ფერებად ვიყენებთ შავ-თეთრ ფერს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მინიმალიზმის როგორც სტილის ძალას. ანიმაციებმა საშუალება მოგვცა მთელი აიდენტიკის დინამიკური პოტენციალი მაქსიმალურად წარმოგვეჩინა. საბოლოო ჯამში ბრენდინგი გადმოსცემს ფორმალურ, ავთენტურ, პროფესიონალურ ხასიათს. LOA-ს ბრენდინგი ერთ-ერთი ცნობილი დიზაინის პრინციპის და მანიფესტოს: „ფორმა ემსახურება ფუნქციას“ ხორცშესხმის ნათელი მაგალითია.
Rustavi FC
ლოგოტიპის შექმნისას მთავარი იდეური მამოძრავებელი ქალაქ რუსთავის ისტორია გახდა. ადგილი – რომელიც IV საუკუნეში უფლისწულთა ქალაქი იყო. ადგილი, სადაც რუსთავის მრავლისმნახველი ციხე მდებარეობს. ადგილი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სამრეწველო ქალაქად იქცა და რომელშიც ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სიმბოლოში რამდენიმე გრაფიკული ელემენტის გაერთიანება გადავწყვიტეთ. ფარი – როგორც საბრძოლო იარაღი, თავდაცვის მეტაფორული გამოხატულება. ფარი- მეტალის ნაკეთობა, როგორც სამრეწველო ქალაქის აღნიშვნა. ფარი, როგორც უფლისწულთა იარაღი. ხმალი – როგორც საბრძოლო იარაღი, თავდასხმის მეტაფორული გამოხატულება. ხმალი- მეტალის ნაკეთობა, როგორც სამრეწველო ქალაქის აღნიშვნა. ხმალი, როგორც უფლისწულთა იარაღი. ციხის ქონგური – რუსთავის ციხის ხაზგასასმელად. წრე – ხმლის დაბოლოება და ბურთის გამოხატულება.
თბილისის არქიტექტურული ბიენალე
ბიენალეს ლოგოზე 2018 წელს ვიმუშავეთ, რასაც შემდგომ მოყვა უშუალოდ კონფერენციისთვის ვიზუალური იდენტობის შექმნა. გადავწყვიტეთ სიმბოლოში აქცენტი თბილისზე გაგვეკეთებინა, რათა პირდაპირი ასოციაცია სწორედ ქალაქთან, ხოლო შემდგომ, ლოგიკურად, ქვეყანასთან გაჩენილიყო. ბიენალეს სიმბოლო გათანამედროვებული ასომთავრული „თ“ არის. შექმნის პროცესში მაქსიმალურად შევეცადეთ სიმბოლოს გეომეტრიული პროპორციები დაგვეცვა.
ბიენალეს პირველი თემა იყო „მხოლოდ შენობები არ კმარა“. ვინაიდან ბიენალეს თემა ტრანსფორმაციას ეხებოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საბჭოთა არქიტექტურამ და ურბანულმა სივრცემ განიცადა მიზანშეწონილად მივიჩნიეთ დინამიკური იდენტობის შექმნა. როგორც თოთოეული ადამიანის მოთხოვნა და შეხედულება დროდადრო იცვლება, ასევე იცვლება ლოგოტიპის ფორმა, რომელიც ბიენალეს სიმბოლოს ლოგიკური ვიზუალური გაგრძელებაა. ეს არის ორი კვადრატი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მუდმივად იცვლის ადგილს და ფორმას. შინაარსიდან გამომდინარე, მას ტიპური „ხრუშოვკების“, როგორც იმ ეპოქის ერთგვარი სიმბოლოს გეგმები ემატება. საბოლოო ჯამში, იდეის გამოსახულებას ვიღებთ, რასაც თქვენ თითოეულ პოზიციაში დაინახავთ და იგრძნობთ. ეს იქნება გრაფიკული პოსტერი, ვიდეო, თუ ვებსაიტი (რომელიც კომპანია Marmelads-თან ერთად შევქმენით).
EPRC
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არის წამყვანი ეკონომიკური კვლევითი ცენტრი საქართველოში. ჩვენთვის პატივი იყო გვემუშავა ბოლო ორი კონფერენციისთვის The world upside down და Now What და შეგვექმნა ვიზუალური იდენტობა, რომელიც პირდაპირ გამოხატავდა კონფერენციის თემებს საინტერესო და განსხვავებული გზით. The world upside down-ის ვიზუალური იდენტობის შექმნისას აქცენტი ყველასათვის ნაცნობ პოლიტიკურ ფიგურებზე გავაკეთეთ რომლებიც ერთგვარი გმირები თუ ანტიგმირები გავხადეთ. Ამ ხრიკით ხაზი გავუსვით მსოფლიო გარემოებებს რომლებიც იმ დროისთვის აქტუალური იყო. Მთლიანი ვიზუალური ენა ორი ფერის სისტემით გავამდიდრეთ რამაც კიდევ უფრო ცოცხალი გახადა იგი.
Now what-სთვის კი გამოვყავით იმ დროინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტები (ლოკალური და გლობალური), რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამორჩეული და თვალში საცემი იყო. Იდეის ვიზუალურად გამოსახატად შევქმენით ტიპოგრაფია, რომელიც წერტილებს ერთმანეთთან აკავშირებდა და ერტგვარ გლობალურ სისტემას ქმნიდა.
GD Group
როდესაც GD Group-თან ურთიერთობა დავიწყეთ, ჩვენთვის ცნობილი იყო მხოლოდ ლამაზი ისტორია, თუ როგორ დაეხმარა მათ არქტიტექტურული სტუდია LOA#3 შეენარჩუნებინათ კვიპაროსის ხეები, რომელიც მშენებლობის ადგილას იყო და ჰარმონიულად შეერწყათ ინტერიერში. ამ ისტორიაზე დაყრდნობით შევქმენით მთავარი კონცეფცია რომელშიც წამყვანი სამი სიტყვის კომბინაცია იყო: ხე (რომელიც გამოხატავს ბუნებას) + მოგზაურობა(გამოხატავს თავგადასავალს, გამოცდილებას) და უსასრულობა (ხის და ბუნებების უწყვეტი ციკლი). ,ამ სიტყვების გაერთიანებით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მივედით კონცეფციის საბოლოო სახემდე -Tree+trip+infinity=Infinitive trip.
TOMO
ტომო არის ორი მეგობრის მიერ დაარსებული ავტომობილების იმპორტიორი კომპანია. დამფუძნებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ( აშშ, ევროპა, იაპონია) ავტო იმპორტიორებთან თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. სიტყვა ტომო მომდინარეობს იაპონური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს ძალიან კარგ მეგობარს.
„ტომოები“ მშრომისმოყვარე ადამიანები არიან, ამავდროულად ისინი დაუღალავად ზრუნავენ დამკვეთს შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი და პოზიტიური, მეგობრული გარემო. ზუსტად ამ მეგობრული იდეოლოგიის გადმოტანა ვცადეთ ვიზუალურ იდენტობაშიც. შევქმენით ფერადი და გეომეტრიული ლოგოტიპი. კორპორაციული სტილიც, ლოგოს მსგავსად შედგება გეომეტრიული ფორმებისგან, რომლების სტილში სხვადასხვა კომბინაციით გამოყენებაა შესაძლებელი. მივიღეთ ფერადი, უშუალო და დინამიური ბრენდინგი.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი