23
Nov
2019

“თქვენს მანქანას წავიყვანთ, გავრეცხავთ და დაგიბრუნებთ” – აპლიკაცია KOLO

23 Nov 2019

Startauperi
Startauperi


თანამედროვე ცხოვრების გიჟური რიტმიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გვრჩება. ამას ემატება ისიც, რომ ამ დროის დახარჯვა ხშირად რუტინულ საქმეებში გვიწევს, მაგალითად, როგორიცაა ავტომობილის გასარეცხად წაყვანა. გზის გამრუდება ავტოსამრეცხაომდე, შემდეგ რიგის დაკავება და გარეცხვა არც ისე სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ეს რუტინა და უბრალოდ, გასარეცხი მანქანით ვიაროთ, მაგრამ როდემდე? ამ პრობლემის მოგვარება სტარტაპერებმა აპლიკაციით გადაწყვიტეს. KOLO საშუალებას გაძლევთ, აპლიკაციით დაჯავშნოთ სერვისი და თქვენს ავტომობილს, თქვენ ნაცვლად, KOLO გარეცხავს.

“პროექტის იდეა თავდაპირველად პირადი მოთხოვნილების საფუძველზე წარმოიშვა. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა გვიწევდა საქმიან შეხვედრებზე ან არაფორმალური თავშეყრის ადგილებში მოხვედრა, სადაც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასვრილი მანქანით გამოჩენა არაეთიკურია. ბოლოს, რაც მახსენდება, მეგობრის ქორწილში სუფთა მანქანით რომ წავსულიყავი, ღამის პირველ საათზე მოვინახულე ავტოსამრეცხაო, რადგან მთელი დღის მანძილზე საქმეების გამო უბრალოდ ვერ მოვახერხე და საცობებისა და რიგების თავიდან ასარიდებლად ყველაზე ოპტიმალურ დროდ ღამის საათები მივიჩნიე. ალბათ დამეთანხმებით, რომ არც ეს ვარიანტია კომფორტული. განსაკუთრებით ახლა, როცა უკვე KOLO არსებობს. როგორც ევროპის ბევრ ქალაქში ვერ ნახავ ჭუჭყიან მანქანას, ისე გვინდა რომ თბილისიც იყოს სუფთა მანქანების ქალაქი” – გვიამბო სტარტაპის იდეის თანაავტორმა და დირექტორმა, მიხეილ ნემსიწვერიძემ.

M: რა სერვისები გაქვთ როგორ შეუძლია მომხმარებელს თქვენი სერვისით სარგებლობა?

KOLO არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ავტომობილების რეცხვას ძალიან მარტივსა და კომფორტულს ხდის. ის ფაქტი, რომ დღეს ამ სერვისის მოთხოვნა, შენი მობილური ტელეფონით, ნებისმიერი ადგილიდან – სამსახურიდან თუ სახლიდან, ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი, მანქანის არ გარეცხვის გასამართლებელ მიზეზებს სრულიად არაადეკვატურად აქცევს. KOLO-ს აპლიკაციით, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ტიპის ავტომობილის (სედანი, უნივერსალი, ჯიპი)  სრული რეცხვა და ამასთან, დამატებითი სერვისები, როგორებიცაა საბურავების გაშავება, ავტომობილის ცვილით დაფარვა, სალონის ხსნარით დამუშავება, სუნამო და ა.შ.

მომხმარებელი, კოლოს მობილური აპლიკაციის საშუალებით, გვიკვეთავს ავტომობილის რეცხვას, ზოგავს დროსა და ენერგიას და აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, დასვენებასა თუ გართობას. მასთან მიდის KOLO-ს პროფესიონალი ვალეტი, პირი, რომელსაც შეკვეთის აღების შემდეგ მიჰყავს ავტომობილი წინასწარ შერჩეულ თავისუფალ პარტნიორ ავტოსამრეცხაოში, უზრუნველყოფს სერვისის მიღებას და მანქანას გაწკრიალებულს უბრუნებს. შეკვეთის შესრულებისას ვალეტების მართვის პასუხისმგებლობა დაზღვეულია, მომხმარებელი კი მის გადაადგილებასა და სერვისის მიღების სრულ პროცესს აპლიკაციით ადევნებს თვალს.

M: როგორ დაიწყეთ ეს ბიზნესი?

თბილისში, ამ სერვისის აუცილებლობის შემჩნევის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელმა გადავწყვიტეთ ჩვენი თავისუფალი დროის ნაწილი ამ იდეაზე მუშაობისთვის დაგვეთმო. ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა, აპლიკაციის გარეშე შევამოწმეთ Proof of Concept და მას შემდეგ, რაც წარმატებით ჩაიარა ამ შემოწმებამ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა აპლიკაცია და სრულყოფილი სერვისი. მუშაობის დაწყებიდან, მალევე შევნიშნეთ, რომ ცალკე სტარტაპის შექმნას, შეგვეძლო უკვე არსებული კომპანიის, “ბითუბის” სახელით შევსულიყავით ბაზარზე. რადგან უკვე გვყავდა ადამიანური რესურსები, როგორიცაა პროგრამისტები, მარკეტინგი, მომხმარებელზე ზრუნვა და ასევე ტექნიკურიც: სერვერები, მზა სერვისები და ა.შ.

იდეაზე მუშაობის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც სერვისის გამოყენების სურვილი გამოთქვა. ამან, ცხადია, უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, რომ რაც შეიძლებოდა ხარისხიანად და სწრაფად მიგვეწოდებინა ეს კომფორტი მსურველთათვის.

M: რა რესურსს საჭიროებდით ბიზნესის დასაწყებად?

გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა უშუალოდ სერვისის გაწევის საქმეს. უამრავ ავტოსამრეცხაოს მფლობელს შევხვდით და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ვიპოვეთ კომპანია “გრინ ვოში”, რომელიც ისეთივე ენთუზიაზმით შემოუერთდა ამ პროექტის განხორციელებას, როგორც ჩვენ. “ბითუბის” ჰქონდა იმის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა პროექტი ტექნოლოგიურად და ემართა ბიზნეს პროცესები, ხოლო “გრინ ვოშის” გამოცდილება, ავტომობილების რეცხვის მიმართულებით, შეეხიდა ჩვენს ცოდნას და ჩვენი აზრით, ბიზნესის დასაწყებად რაც იყო საჭირო, ყველაფერი შეიკრა.

M: “კოლო” რატომ დაარქვით?

თავიდან, “კოღოს” ვარქმევდით, რადგან სწრაფად რეაგირებს. მაგრამ მოგეხსენებათ ინგლისურ ენაში “ღ”-ს ჩასაწერად “gh”-ს გამოყენებაა საჭირო და ეს უბრალოდ, არ მოგვეწონა. ამიტომ, სხვა ვერსია განვიხილეთ – კოლო ჩეხურად ბორბალსა და სიმრგვალეს აღნიშნავს, ისე კი, უბრალოდ სახელია, რომელიც ყველას კარგად მოგვხვდა ყურში და დაგვამახსოვრდა. ამასთან, სახელ KOLO-ში გამოყენებული “O”-ებიც მის მნიშვნელობასთან – ბორბალთან, მრგვალთან, ასოცირდება. აი, ამიტომ – “კოლო”.

M: როგორ ახერხებთ სამრეცხაოების მართვას ისე, რომ სერვისი დროულად და ეფექტურად მიაწოდოთ?

სერვისის დროულად და ეფექტურად მიწოდებას ვახერხებთ იმით, რომ პარტნიორი ავტოსამრეცხაოები თბილისის თითქმის ყველა უბანში გვყავს და შეკვეთის აღებისას, მომხმარებლის ავტომობილი მიგვყავს მასთან ყველაზე ახლოს მდებარე თავისუფალ პუნქტში. გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ ავტოსამრეცხაოებში KOLO-ს ვალეტები პრიორიტეტით სარგებლობენ, ფაქტობრივად, არ უწევთ რიგში დგომა, რაც სერვისის მაქსიმალურ სისწრაფეს უზრუნველყოფს.

M: რა გამოწვევების წინაშე ხართ ამჟამად?

ერთ-ერთი გამოწვევა, რასაც ყოველდღიური დაკვირვების შედეგად ვამჩნევთ არის ის, რომ ვალეტებს საცობების გამო დიდი დრო ეკარგებათ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ყველა უბანში გვყავდეს განსაზღვრული ვალეტები და პარტნიორი სამრეცხაოები, მაინც ხდება შემთხვევები, როდესაც ვალეტს უწევს შედარებით გრძელი გზის გავლა პიკის საათში. მეორე გამოწვევა, რასაც ვაწყდებით, არის სერვისის პერიოდულობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სერვისზე მოთხოვნა მუდმივად თანაბარი არ არის. ამის გამო, არის დღეები, როდესაც ჩვენს ვალეტებს შეკვეთებს შორის შუალედები აქვთ. სწორედ ამიტომ, ამ შუალედების აღმოსაფხვრელად, გვინდა მანქანაზე ზრუნვის სხვა სეგმენტებშიც შევიდეთ.

M: თქვენს გუნდზე გვიამბეთ. ვინ ხართ და რა საერთო ღირებულებები გამოძრავებთ?

სს “ბითუბი” არის სტარტაპი, რომელმაც შეკრიბა ახალგაზრდა პერსპექტიული კადრები, ერთ კომპანიაში მოაქცია ის რესურსი, რომელიც საკმარისია დღეს ღირებული ტექნოლოგიური პროდუქტის შესაქმნელად. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეს სტარტაპი აერთიანებდა ბევრ სხვადასხვა ადამიანს, დღესდღეობით ჩვენ ვართ გუნდი, ვისთვისაც ცხოვრების სტილად იქცა ახალი პროექტების ძიება, შექმნა და განვითარება. ჩვენი საერთო ინტერესი და მიზანია თანამედროვე, ძლიერი კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება სასურველი ადგილი სამუშაოდ როგორც ძველი, ისე პოტენციური თანამშრომლებისთვის.

M: როგორ ხედავთ ამ ბიზნესის მომავალს?

როგორც იცით, დღეს, მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეგვიძლია მივაწოდოთ სერვისი. ამასთან, ზოგიერთ გარეუბანს სრულად ვერ ვფარავთ. გვინდა, რომ მთლიანად დავფაროთ თბილისი და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, შევიდეთ სხვა ქალაქებშიც. ჩვენი დღევანდელი გეგმის მიხედვით, პირველი ქალაქები თბილისის შემდეგ, რომლებიც მიიღებენ KOLO-ს სერვისს, არის ბათუმი და ქუთაისი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა