in

„კომბინატი“ — სტალინური პერიოდის შენობაში საერთო სამუშაო სივრცე და გალერეა კეთდება

ლურჯი ფერის ტონები, კერამიკული მოზაიკის დეტალები, იისფერი ნეონები, ძველი შპალერები, რომლებიც წარსულის ისტორიებს გვიყვება… კომბინატი უკვე ყოფილი კერამიკის ქარხნის ახალ სიცოცხლეს ნიშნავს, რომელიც სხვებისგან ისტორიული მნიშვნელობისა და თანამედროვე ფუნქციონირების შერწყმით გამოირჩევა.

განახლებული კომბინატი მულტიფუნქციური ცენტრი იქნება, სადაც შეხვდებით არამარტო საერთო და პრივატულ სამუშაო სივრცეებს, არამედ კაფეს, წიგნის მაღაზიას, ჰოსტელს, საგამოფენო სივრცეებს, ვორქშოფის სივრცეს, საერთო მოხმარების გასართობ სივრცესა და მცირე ადგილობრივი წარმოების ნივთების მაღაზიებს. კომპლექსი მიმზიდველი იქნება მათთვის, ვინც ეძებს დინამიკურ და შთამაგონებელ გარემოს, — გვეუბნებიან Material Editors-ის არქიტექტორები.

მათივე თქმით, ეს გამოცდილება ტრადიციული საოფისე სივრცეების პარამეტრებს სცილდება. კომბინატის შემთხვევაში კი სურდათ, სტუმრებს დროში ემოგზაურათ ისე, რომ არ დაეკარგათ კავშირი აწმყოსა და თანამედროვეობასთან… შენობის რეაბილიტაციაზე Material Editors-ის არქიტექტორებმა ანა გრიგოლიამ და მარიამ გვაზავამ იმუშავეს, მარკეტერი კი მათ დეტალებზე გაესაუბრა:

M: კონკრეტული შენობა სტალინური პერიოდის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ცოტა რამ რომ მოგვიყვეთ მისი ისტორიიდან…

მიუხედავად იმისა, რომ კომბინატის შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი, მისი ისტორიული ღირებულება უდავოა. ის სტალინური პერიოდის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც ქართული ეროვნული ხასიათისა და იერის მატარებელია. თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კერამიკული კომბინატი თბილისის სამრეწველო ნაწილში, ნავთლუღში („შენი სახლი სამგორში“) მდებარეობს. მასში განთავსებული იყო კომბინატის დირექცია და სხვადასხვა განყოფილება. კერამიკული კომბინატი 1949 წელს დაარსდა და პირველი პროდუქციაც გამოუშვა. 2018 წელს კი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა ტერიტორიაზე მდგარი შენობები, რასაც კომბინატის საბოლოო დახურვა მოჰყვა. 

მარიამ გვაზავა & ანა გრიგოლია

M: როგორი იყო კომბინატის რეაბილიტაციაზე მუშაობის პროცესი?

მუშაობის პროცესი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. საინტერესო იყო ამ შენობა-ნაგებობისა და სტალინური არქიტექტურის ისტორიის შესწავლა. რთული იყო მის ახალ რეალობაში გადმოცემა, რადგან კომბინატი ერთი სრული კომპლექსის ნაწილს შეადგენდა, ახლა კი შენობამ დამოუკიდებელი იდენტობა უნდა შეიძინოს. მთავარი ამოცანაც სწორედ ეს იყო — კერამიკული კომბინატის ახალი ხასიათის ძიება ისე, რომ მისი ისტორია და სული შენარჩუნებულიყო. 

M: მოგვიყევით კომბინატის რეაბილიტაციის პროექტის დეტალების შესახებ…

შენობის ძლიერი დაზიანების გამო, უპირველესად, საჭირო იყო მისი გამაგრება. ფასადი მთლიანად გავათავისუფლეთ ნალესისგან და გამოვაჩინეთ მასში დამალული უნიკალური აგურის წყობა. ავთენტურობა შეუნარჩუნდა ფასადის ყველა არქიტექტურულ ელემენტს, დაზიანებული ნაწილები კი სრული სიზუსტით აღდგა. პირველი სართულის ფასადი მოპირკეთებული იყო ცისფერი კერამიკული ფილებით, რაც ძირითადი ინსპირაციის წყარო გახდა ფერთა გამის შემუშავებისას. 

ყველაზე დიდი გამოწვევა სხვენის სართულის ამაღლება იყო, შენობის ხასიათისა და იერსახის დარღვევის გარეშე. არ გვინდოდა შენობისთვის ახალი, უცხო მასალის დამატება, ამიტომ არჩევანი ინდუსტრიული პერიოდისთვის დამახასიათებელ მინაბლოკზე შევაჩერეთ, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის შენობის ესთეტიკას. 

კომბინატის შენობას გაუქმებული ჰქონდა ქუჩის მხრიდან შესასვლელი, რაც მისაწვდომობას ართულებდა. ამიტომ, მთავარი შესასვლელი და პანდუსების სისტემა დაემატა, რომელიც დიდ ლურჯ ლაქას ქმნის და ფერის მთავარი აქცენტია. დასავლეთის ფასადზე ზიგზაგისებური ცისფერი სახანძრო კიბე დამონტაჟდა, რომელიც უსაფრთხოების გარდა, მხატვრულ ღირებულებასაც სძენს პროექტს. მშენებლობის პროცესში აღმოვაჩინეთ ულამაზესი კედლის მოზაიკა და ძველი შპალერები, რომლებიც წარსულის ისტორიებს ჰყვებოდა…

M: განახლებული შენობის სახელად კვლავ კომბინატი დარჩა, რატომ აირჩიეთ ისევ ეს სახელი?

ვფიქრობთ, რომ სახელი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სახელწოდება ატარებს მემკვიდრეობისა და ინდუსტრიული მნიშვნელობის გრძნობას, შეესაბამება შენობის ისტორიული ღირებულების შენარჩუნების საერთო კონცეფციას. ორიგინალური სახელწოდების შენარჩუნებით, პროექტი პატივს სცემს კომბინატის მდიდარ ისტორიასა და მემკვიდრეობას. ასევე, კომბინატი შინაარსობრივადაც კარგად უკავშირდება მის განახლებულ ფუნქციებს, როგორც სხვადასხვა დარგის გამაერთიანებელი საწარმო. 

M: გაგვიზიარეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანების მუშაობა სტალინური პერიოდის შენობის განახლებულ ვერსიაში?

ისტორიული ელემენტების თანამედროვე დიზაინის ელემენტებთან შეხამება ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც ასტიმულირებს ფანტაზიას და შთაგონებას. თავისი მრავალფეროვანი ფუნქციონალურობით შენობა ინდივიდებს და გუნდებს აძლევს მოქნილობას, იმუშაონ ღია საერთო სივრცეებში, კერძო ოფისებში ან ერთობლივი შეხვედრების ოთახებში. მსგავსი ინდუსტრიული შენობების განახლება საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ მათი ისტორია დღევანდელ, თანამედროვე ეპოქაში ახალი ფასეულობებითა და მიზნებით.

M: რა გეგმები აქვს კომბინატს მომავალში?

მიზნად ისახავს, იყოს მრავალფუნქციური დანიშნულების ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას; ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ სამგორის უბანში მიზიდულობის ცენტრს გავაჩენთ… თანაც კომპლექსში არსებული საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს კულტურულ ღონისძიებებს. საკონფერენციო დარბაზებში გაიმართება სემინარები და სხვა სამუშაო შეხვედრები. წიგნის მაღაზია სტუმრებს შესთავაზებს ფართო ლიტერატურულ არჩევანს და უზრუნველყოფს პლატფორმას ლიტერატურული ღონისძიებებისთვის. კომბინატში განთავსებული კაფე მოემსახურება როგორც საერთო სამუშაო სივრცეს, ისე ამ უნიკალური გარემოს დამთვალიერებლებს, ჰოსტელი კი სტუმრებისთვის კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს.

მთლიანობაში ვიმედოვნებთ, რომ კომბინატი გახდება კრეატიულობის, თანამშრომლობისა და კულტურული გამოცდილების კერა და მოიზიდავს სხვადასხვა ინტერესისა თუ პროფესიის მქონე სტუმრებს. ინვესტორებს კი მისცემს მაგალითსა და მოტივაციას, გადაარჩინონ ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლები და წარსულზე ახალი, იმედისმომცემი მომავალი დააშენონ. 

კომბინატის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, აქტიურად მიმდინარეობს ფასადების და დაშენების სამუშაოები, რის შემდგომაც ინტერიერზე მუშაობა დაიწყება და მალევე, სტუმრების მიღებას შეძლებს…

საქართველოში Laline-ის პირველი მაღაზია იხსნება! 

პოლ მაკარტნი AI რევოლუციას უერთდება, რათა The Beatles-ის ბოლო სიმღერა ჩაწეროს