27
Jul
2019

“მივხვდით, რომ ლურჯი ოკეანის მეზღვაურები ვიყავით!” – ინოვაციური ტანსაცმლის ბრენდი “კომბინიზონა”

27 Jul 2019

Startauperi
Startauperi


განო მელითაური

მაინც, როგორ იბადება ბიზნესი ანტრეპრენუარის გონებაში? იქნებ, ეს ის უბრალო იდეაა, მკრთალი კონტურებით, რომელსაც მხოლოდ ჰობიდ მივიჩნევთ – ზოგ ადგილას წახნაგს ვუმუქებთ, ზოგგან დეტალს ვამატებთ ან სრულიად გარდავქმნით. ერთ მშვენიერ დღეს კი ვაცნობიერებთ, რომ ის, რითაც თავისუფალ დროს, თავშესაქცევად ვიყავით დაკავებული, შეიძლება დიდი საქმის საფუძვლად იქცეს. შემდეგ იწყება კითხვების კორიანტელი და ყველაფერს ყირაზე აყენებს. ჩვენც ვცდილობთ, გავიკვლიოთ გზა და გავერკვეთ, როგორია ჩვენი ბიზნეს დნმ – რა გამოგვარჩევს, რასაც უამრავი ადამიანი საჭიროებს და რისი გაზიარებაც მთელი სამყაროსთვის შეგვიძლია? პასუხების ძიებისას, ვცდილობთ ბოლომდე უარვყოთ, დავპრესოთ იდეა და თუკი სიმძიმეს გაუძლებს, ე.ი. ღირსია, მთელმა ქვეყანამ გაიგოს მის შესახებ. განო მელითაურის შემთხვევაში, ყველაფერი 12 წლის წინ, ტანსაცმლის ესკიზების ხატვით დაიწყო. დღეს კი, მის საყვარელ საქმეს “კომბინიზონა” ჰქვია – ბრენდი, სადაც იქმნება ეკო-მეგობრული თერაპიული ტანსაცმელი. “კომბინიზონა” ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ISF GEORGIA-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის 2019 წლის საგრანტო კონკურსის  გამარჯვებულია. განო ბიზნესს, პარტნიორთან, კახაბერ გაგნიძესთან ერთად უძღვება და როგორც თავად იხსენებს, სანამ გააცნობიერებდნენ, რომ “თავიდან ბოლომდე ლურჯი ოკეანის მეზღვაურები” იყვნენ, უამრავ შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა:

“შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები ჩვენი პროდუქციის მოხმარებას? თუ ინკლუზია უნდა იყოს განათლების სექტორში და ევროკავშირი თანასწორობას ლობირებს, რატომ არ უნდა იყოს მოდის ინდუსტრიაში?! სად არიან ორსული ქალბატონები? რას სთავაზობს ქართული მოდის ინდუსტრია მათ? და არსებობს კი მომხმარებლებზე ორიენტირებული ეკო-მეგობრული ქართული ბრენდი? რას ნიშნავს ტანსაცმელი მათთვის? რისი მიღება სურთ სამოსისგან? რა გავლენა აქვს ფერს გადაყვეტილების მიღებაზე? როდემდე უნდა იყოს ვიტრინები გადავსებული შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი სამოსით? რა უნდა ქნან ეტლით მოსარგებლეებმა, რომელთა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის ადაპტური სამოსის არსებობის შესახებ და აქვს უფლება  ეცვას ფუნქციურად სწორი ტანსაცმელი?”

ბრენდის მთავარ მიგნებას წინ უძღოდა კვლევა ფერების აღქმაზე საქართველოში, რომელმაც განო მელითაურს ვარშავის უნივერსიტეტის საპატიო წოდება მოუტანა, ინოვაციური საწარმოს მენეჯმენტის და საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულებით. კვლევამ დაანახა, როგორ აღიქვამს მომხმარებელი ფერს, როგორია ფერთა თერაპიული მნიშნელობები, როგორ აღიქმება  ესა თუ ის ფერი სხვადასხვა სამოსის შემთხვევაში, ასევე, რა დოზით და არქიტექტურით უნდა გამოვიყენოთ:

“ბრენდის მთავარი ინსაიტი გახდა #ფერებისარქიტექტურა ტანსაცმელში, რომელიც მომხმარებლებს ბედნიერებას მოუტანდა და შეცვლიდა მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ. იქნებოდა ფუნქციური, კომფორტული და გააფერადებდა ნაცრისფერ ჩაბეტონებულ ქუჩებსა და გადასასვლელებს, ავტობუსებს, სკოლებს და მთლიანობაში ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. იქნებოდა დიზაინერული და აუცილებლად, ხელმისაწვდომი,” – გვიამბო განო მელითაურმა.

M: კვლევის შედეგები საქმეში როგორ დანერგეთ?

ყველა ზემოხსენებულ კითხვას გავეცით ლოგიკური პასუხი, რაც კვლევამაც გაგვიმყარა და აღმოვაჩინეთ უდიდესი სიცარიელე ბაზარზე, მოთხოვნების მთელი კასკადი და ახალი საინტერესო და მოქნილი შეთავაზების ჩვენეული გადაწყევტილებები. შესაბამისად, მივიღეთ ძალიან საინტერესო ფასეულობის მრუდი, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი მიიღებდა თერაპიული დატვირთვის მქონდე ეკო-მეგობრულ და დიზაინრულ გადაწყვეტილებას ხელმისაწვდომ ფასად – ასე დაიბადა “კომბინიზონა” – პირველი ეკო-მეგობრული, დიზაინერული და თერაპიული ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც ადაპტურ სამოსსაც კერავს. რაც მთავარია, ჩვენი ღრმა რწმენით, ადაპტური სამოსის შექმნაში, თავად შშმ პირებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

M: რა გამოწვევების წინაშე იყო ბიზნესი საწყის ეტაპზე და როგორ გაუმკლავდით სირთულეებს?

ინოვაციური ფაბრიკის 10 წლიანი სტრატეგიული გეგმის თანახმად, პირველი ნაბიჯი – ფერადი თერაპიული კომბინიზონას ხაზის ჩაშვება გახლდათ, ასეც მოხდა – პირველი შოურუმი შარშან გავხსენით და 2 კვირაში ამოყიდულმა კოლექციამ, აურაცხელმა შეკვეთებმა და შოურუმთან ინტეგრირებული ფოტო-სტუდიის კონცეფციამ ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. მოთხოვნა დიდი იყო, მიწოდება კი ძალიან რთული, ვინაიდან ამ სფეროში ძალიან რთულია პროფესიონალი კონსტრუქტორების, მკერავებისა და სწორი ადამიანების შოვნა. მიზნად დავისახეთ მოგვეპოვებინა ფინანსები საწარმოს გასაფართოვებლად და ასეც მოხდა – საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ და გაგვიჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, შეგვეძინა საკუთარი დანადგარები და ნედლეული, მოგვეძიებინა სწორი და საჭირო ადამიანები.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

“კომბინიზონა” ფერადი, მრავალფუნქციური და კომფორტული გადაწყვეტილებაა როგორც თინეიჯერი მეამბოხე ახალგაზრდებისთვის, ასევე ორსული ქალბატონებისა და შშმ პირებისთვის, დიდი წონის მქონე ქალბატონებისა და 0-12 წლამდე ბავშვებისთვის. ჩვენს ახალ შოურუმში მელიქიშვილის 23 ნომერში, ასევე, წარმოდგენილია კოქტეილისა და სადღესასწაულო დიზაინრული  ლუქები – ერთი ერთში დიზაინერული ესკიზების მიხედვით, რომელსაც ვხატავ ბავშვობიდან, ასევე თემატური გმირები და სასკოლო ხაზი. მეამაყება, რომ ჩვენს მომხმარებლებში ნახავთ ორსულ ქალბატონებს, სკოლის მოსწავლეებს, ასაკოვან გემოვნებიან ლექტორს, დიპლომატ კონსერვატორს და მეამბოხე მოგზაურ ტურისტებს. დიზაინერულ ხაზში უფრო მამაკაცები აქტიურობენ და მეუღლეებისთვის, შეყვარებულებისთვის საჩუქრად მიაქვთ ჩემი ესკიზით შექმნილი ტანსაცმელი. მოსწონთ დაპირება, რომ ვქმნით #ფერებისარქიტექტურას ბედნიერი ადამიანებისთვის და #ვაფერადებთქალაქს.

M: თქვენი ბრენდის საშუალებით, რა ღირებულებების მხარდაჭერა გსურთ საზოგადოებაში?

ბრენდის მთავარი ღირებულებაა შევცვალოთ მომხმარებელთა ცხოვრება უკეთესობისკენ, გავაბედნიეროთ და დავეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში. ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის, დედამიწის, შშმ პირების და საკუთარი თავების მიმართ, სწორედ ამიტომ, კომბინიზონას ტანსაცმელი სხვადასხვა სოციალურ მისიას თუ გზავნილს ატარებს – ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ ეკო-ნედლეულით, ვქმნით ადაპტურ სამოსს რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის და სრული ინოვაციაა,  ვცდილობთ დავნერგოთ ინკლუზია მოდის ინდუსტრიაში, რათა ადაპტური სამოსი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, გავხსენით სოციალური საწარმო, სადაც ვცდილობთ ვასწავლოთ და დავასაქმოთ ადამიანები, საორსულე ხაზით დავიწყეთ ბრძოლა სელექციური აბორტის წინააღმდეგ და ჩავუშვით კოლექცია მოწოდებით #გოგოსდედა, #ველიგოგოს, ნებისმიერი ერთი მოდელის შეძენა ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთ შშმ პირზე იღებ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ყველა გაყიდული პროდუქტის 30% ბრუნდება ადაპტური სამოსის შექმნში. გვაქვს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან და ვცდილობთ, კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფებზე ავაღებინოთ პასუხისმგებლობა, რათა 3 წელიწადში საქართველოში არც ერთი შშმ პირი არ დარჩეს ადაპტური სამოსის გარეშე.

M: დღეს ბევრი სტარტაპი მუშაობს მოდის მიმართულებით, “კომბინიზონა” კი აცხადებს, რომ ინოვაციურია. რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტული უპირატესობა, ამ კუთხით?

საქართველოს ბანკის ფონდის “სიცოცლის ხე” დახმარებით, რომელმაც საგრანტო კონკურსში დაგვაჯილდოვა – შევძელით საუკეთესო და ადაპტური სამოსის შექმნა შშმ პირებისთვის. სამოსი ჩვენს შოურუმშია ხელმისაწვდომი და ფოკუს ჯგუფებთან სისტემატური კონსულტაციების საფუძველზე ვითარდება.

ახლა ვდგავართ ახალი გამოწვევის წინაშე – ინტერაქტიული სამოსი. ინტერაქტიული სამოსი სრული ინოვაცია იქნება მსოფლიოსთვის და არ ვიშურებთ ენერგიას, მოვიპოვოთ ფინანსები ამ გლობალური და სერიოზული კონცეფციის სარეალიზაციოდ. ვინაიდან, თანამედროვე მარკეტინგი გეიმინგსა და ინტერაქციას ეფუძნება, გადავწყვიტეთ შევქმნათ სამოსი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს განივითარონ მოტორიკა, ისწავლონ კითხვა, თვლა, გეომეტრიული ფორმების გარჩევა, სამოსში ინტეგრირებული იქნება კომბინიზონას კომიქსები და პატარები შეძლებენ თითო სამოსის შეძენისას სათამაშოც შეიძინონ. მოზრდილებისთვის ამოცანა რთულდება – წარმოიდგინეთ, რა მაგარია, ლამაზი დიზაინერული ქუდი თავის ტკივილის მოსახსნელად, ჰაიმორიტთან საბრძოლველად ან თმის ცვენის წინააღმდეგ; ან პიჟამა, რომელიც მაღვიძარის და მასაჟორის ფუნქციას შეითავსებს; კოქტეილის კაბები – წონის კლებაში რომ დაგეხმარებათ და თქვენი განწყობის მიხედვით შეიცვლის ფერს. ეს რეალობაა! ჩვენი ინოვაციური ფაბრიკა ამაზე უკვე მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ მალე ყოველივე რეალობად იქცევა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა