in

“კასრში სასტუმრო ოთახის გაკეთება რომ გადავწყვიტე, ეგონათ გავგიჟდი…” – გურული “კომლის” ამბავი

Startauperi
Startauperi

გურიაში მათ მისამართს ასე მიგასწავლიან: “გომისმთისკენ რო გოდოუხოვ, არის სოფელი წითელმთა. იქინე, შერმადინ ჭკუასლის ქუჩაზე ჩუუხოვ, და იქვეა, ბიძიკო, “კომლი”

ჭიშკარი შავგვრემანმა ბიჭმა გაგვიღო. უცხოელი უნდა ყოფილიყო. – დანტე! – დაუძახეს სახლიდან. – ბატო’ნნო! – ქართულად უპასუხა იტალიური აქცენტით და თან, მობრძანდითო, – შეგვიპატიჟა. “კომლზე”, აქამდე, ბევრჯერ მქონდა გაგონილი – ამბობდნენ, გურული ჩაის კულტურას თუ გინდა ეზიარო, აუცილებლად ესტუმრეო, თუმცა, ძნელია დავეთანხმო, რადგან ეს ადგილი გაცილებით დიდ შინაარსს ატარებს. ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა – აქ ფანტაზიას დიდი ხანია შემოურღვიეს საზღვრები და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გურული კარმიდამო დაუსრულებელ ეკოტურისტულ თავგადასავლად აქციეს: კასრი და ნალია – სასტუმროს ნომრებად, ეზოს ერთ მხარეს – ბამბუკის ტყე, იქვე ჩაის ბუჩქები, თხილები და ახალგაზრდა ვენახი, ეზოს განაპირას “ჰობიტების სახლი” შენდება; უკან – პატარა მდინარე კიკვატა, რომელზეც საკუთარი ხელით შეჭედილი ნავით სეირნობაა შესაძლებელი. “კომლში” ამაყობენ, რომ სულ მალე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყობა. საინტერესოა, პანდემიის დასაწყისიდან, დღემდე, “კომლს” დამსვენებლების სიმცირე არ უგრძნია – მათ შორის არიან ტოსკანელი დანტეც (რომელიც ქართულს სწავლობს და მასპინძელს საოჯახო საქმეებში ეხმარება) და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტიც.

“კომლში” ექსპერიმენტები ძალიან უყვართ, მისი დამფუძნებელი ლიკა მეგრელაძე ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტიანი გადაწყვეტილებების მუდმივ ძიებაშია. უნდა, ამ ადგილას ექსპერიმენტებსა და განვითარებას მოწყურებულ ადამიანებს მოუყაროს თავი. ცოტა ხნის წინ, მიწის არქიტექტურით დაინტერესდა და სურს ამ ტექნოლოგიით გარემოზე მავნე ზეგავლენა შეამციროს. სათქმელი ბევრია, ამიტომ, მოდით, სასტუმრო-კასრში გადავინაცვლოთ და ლიკას დაყენებულ ჩხავერთან ერთად, “კომლის” ამბები მოვისმინოთ…

ლიკა მეგრელაძე

“კომლი” ოჯახს ნიშნავს, სახლს, საიდანაც კვამლი ამოდის. თუკი კვამლი ამოდის, ე.ი. იქ ცხოვრობენ, ცეცხლი უნთიათ, საჭმელს ამზადებენ. თუ ცეცხლი ჩაქრა, კომლიც გაქრება. „კომლის” იდეა გაცილებით, ვიდრე ჩაის ან ღვინის წარმოებაა და აგროტურიზმსაც მოიცავს… ესაა აგროტურიზმი. ტურისტს ყველაფერში სურს მონაწილეობა. მხოლოდ ლამაზი ხედების და ღირსშესანიშნაობების ნახვა, ფოტოების გადაღება უკვე აღარ არის საკმარისი. მათ მონაწილეობა უნდათ, ჩაის კრეფა, ყურძნის დაწურვა, ბოთლში ჩამოსხმა, საჭმლის მომზადება და ემოცია სჭირდებათ, უნდათ, რომ ოჯახი იგრძნონ. სურათებს რომ ათვალიერებენ, ზოგს თავისი წინაპრები ახსენდება. “კომლი” ჩემი ოჯახის ყოველდღიურობაა. შეიძლება ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, გულით ვაკეთებთ, გვიყვარს აქაურობა და ამას ვუზიარებთ სტუმრებს,” – გვიამბო ლიკა მეგრელაძემ.

M: როგორც ახსენეთ, თქვენი ოჯახი ამ კარმიდამოში დიდი ხანია ცხოვრობს. როგორ დაინახეთ “კომლის” პერსპექტივა საკუთარ ეზოში?

ახლობლის ბავშვმა, რომელიც ნახევრად ჰოლანდიელია, ჩვენთან სტუმრობისას დედამისს უთხრა, – რატომ არასოდეს გითქვამს, ლიკა ასეთი მდიდარი რომ ყოფილაო! მაშინ ყველას გაგვეცინა, მაგრამ მერე კარგად დავინახე ეს სიმდიდრე – დიდი ეზო მდინარით, ხეებით… ბევრია ჩემი ეზოსნაირი და უკეთესიც, უბრალოდ, სათანადოდ ვერ ვაფასებთ. დამუშავებამდე, რა თქმა უნდა, ეკალ-ბარდი იყო და სანამ არ მოვჭერი, ეს სილამაზე არ ჩანდა. არხიდან წლობით დაგროვილი ნაგავი ამოვწმინდეთ და ასე ნავით სასეირნო ადგილი გამოჩნდა, რაც არავის წარმოედგინა. ვიცოდი, რომ მაქვს ეს სიმდიდრე, უბრალოდ, ამ თვალით არ შემიხედავს. ეს ყველაფერი 2017 წელს დავიწყე.

M: “კომლი” ბევრმა გურული ჩაის საშუალებით გაიცნო. “ჩაის გზაზე” გვიამბეთ…

ჩაისთან ბავშვობიდან მქონდა კავშირი, ვკრეფდი კიდეც. არასდროს დამილევია პაკეტის ჩაი. ოჯახში იმ დროს სულ საუკეთესო ჩაი გვქონდა. მინდოდა სხვებსაც გაეგოთ, როგორია ეს კულტურა. ბევრმა ისიც არ იცის, ჩაის ბუჩქი როგორ გამოიყურება, ან რა ისტორია აქვს. ასე დაგვებადა „ჩაის გზის“ იდეა მე და ჩემს შვილს და პროექტში „რა ყოფილა გურია“ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტის მთავარი პრინციპი გურიაში ტურიზმის განვითარება იყო.

რეალურად, ტურისტებმა არ იციან, რა არის ქართული ჩაი, საბჭოთა კავშირის პერიოდში, 70-იან წლებში საერთოდ დაიკარგა ხარისხი, რადგან  მიზანი რაოდენობა იყო. როგორც ღვინოს გაუფუჭდა სახელი, ისე მოუვიდა ჩაისაც. არადა, მანამდე, ორივე კულტურა განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის გვქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლას ქართული ჩაი ავტორიტეტდაკარგული შეხვდა. კარდაკარ დავდიოდი, ვკითხულობდი, როგორ შემოვიდა საქართველოში ჩაი. მოვიძიე ისტორია – მაინტერესებდა ამ კულტურის ქართული იდენტობა. წარმოვიდგინეთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩაის ტური და მიკროგრანტი ასე მოვიპოვეთ. ამას მოყვა მუნიციპალური პროექტი „ჩაის გზა“, რომელზეც ამჟამად ჩვენ გარდა კიდევ სამი ობიექტია დატანილი.

M: გურული ჩაის კულტურის ისტორიაზეც მოგვიყევით ცოტა, რამაც ასე შთაგაგონათ…

ჯერ კიდევ, რუსეთის იმპერია იყო დაინტერესებული, ჰქონოდა საკუთარი ჩაი. ყირიმში სინჯეს და არ გაიხარა. იძულებული იყვნენ, აქ ეცადათ. პირველად ჩაი ანასეულში დარგეს, 1847 წელს. აქ განსაკუთრებული მიკროზონაა და არაჩვეულებრივად ხარობს ყველაფერი. ჩაის საქმეში აქტიურად ჩაება ერმილე ნაკაშიძე – საუკეთესო აგრონომი, რომელმაც საფრანგეთში მეღვინეობა შეისწავლა და საქართველოში დაბრუნდა. მან მაკვანეთშიც კი დარგო ჩაი, ყურძნის და გურული ჯიშების აღდგენაც მას მიეწერება. იმ პერიოდში მოღვაწეობდა იაკობ მარიც, რომელმაც ვაზის ქართული ჯიშები გადაარჩინა. დამეგობრდნენ და გურული ღვინო და ჩაი საფრანგეთში, მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე გაიტანეს.

საინტერესოა ძმები პოპოვების ამბავი, რომლებიც ჩაით მთელ რუსეთს ამარაგებდნენ. ერთ ძმას ჩინეთიდან შემოჰქონდა, მეორეს – ინდოეთიდან. ერთხელაც, ბათუმის პორტში გაჩერდნენ და ერთ-ერთი ძმა – კონსტანტინე პოპოვი დააკვირდა მიწას, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ნიადაგს, სადაც ჩაი მოდიოდა. გააშენეს და გადასარევადაც იხარა, მაგრამ არაფერი იცოდნენ ჩაის მოვლის ან დამუშავების შესახებ, ამიტომ ჩინეთიდან არისტოკრატი ლაო ჯონჯაო წამოიყვანეს.

ლაომ ჩაის გარდა ბამბუკის, ევკალიპტის, ვაშინგტონის ნერგები და ბევრი სხვა რამ ჩამოიტანა. 1898 წელს, პოპოვმა ქარხანა ააშენა, ინგლისიდან გამოიწერა ჩაის საგრეხი და საშრობი მანქანები და 1900 წელს, ჩაი გასაყიდად გაიტანა. რუსეთის სამეფო ოჯახმა შეამჩნია ეს აქტივობა და პოპოვი ამ საქმეს ჩამოაშორეს.

M: ჩაიდან “კომლში” სტუმრების მიღებამდე როგორ მიხვედით?

ამ ოჯახს არ აკლდა სტუმრიანობა, ბებიაჩემი იმერელი ქალი იყო და სულ ჩამოდიოდნენ ნათესავები და მეგობრები ქუთაისიდან, ზესტაფონიდან თუ სხვა ადგილებიდან. შემდეგ, როდესაც მე გავიზარდე – ჩემი მეგობრები მსტუმრობდნენ. რომ დავოჯახდი, ჩემი მეუღლის ნათესავები და მეგობრები, მოგვიანებით, ჩემი შვილების მეგობრები. ზაფხულში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ამოცანა – სხვა კუთხიდან ჩამოსულს რა ვანახოთ, რით ვასიამოვნოთ, რით გავაკვირვოთ, რით წარმოვაჩინოთ თავი… სხვანაირად არც ვიცით ცხოვრება. 2008 წლიდან, გამოცდილებაც მქონდა უცხოელებთან. შემდეგ, ჩემი გოგო ამერიკელ ბიჭს რომ გაჰყვა ცოლად, უკვე მისი ნათესავები და მეგობრები ჩამოდიოდნენ. ასე გავხდი ჩემი კუთხის გიდი და შეიძლება ითქვას, “იძულებული ვიყავი”, რაღაც მონაცემთა ბაზა შემექმნა, ვინ რას აკეთებს, სად რა ხდება. პროექტში “რა ყოფილა გურია“, მთელი ეს ინფორმაცია ძალიან გამომადგა. მერე ერთმა მეორეს უთხრა და ასე გავრცელდა ხმა.

M: ნალია და კასრი სასტუმროს ნომრებად როგორ გადააკეთეთ?

სასტუმრო კასრში

მთელ მსოფლიოში პაწაწკუნტელა სახლებში ცხოვრების ტენდენციაა. შეიძლება დიდი სახლი დატოვონ და ასეთ პატარა ფართობში გადავიდნენ საცხოვრებლად. ევროპასა და ამერიკაში ეს განსაკუთრებით მოსწონთ. კონტეინერს, ვაგონს, კასრს გადააკეთებენ ხოლმე… პატარა სახლებში გადასვლის და ნაკლები რესურსის ხარჯვისკენ მიდრეკილება აქტუალური ხდება. კასრი, რომელსაც კარი ჰქონდა, ამერიკაში და წარმოვიდგინე, რა სიმყუდროვე იქნებოდა შიგნით. ჩამოვედი თუ არა, დავიწყე ძებნა და სახლიდან 2 კილომეტრში ვიპოვე გაუბედურებული კასრი. რომ ვთქვი, საძინებლად უნდა გადავაკეთო-მეთქი, სოფელში დამცინეს. ნალია ისედაც გვქონდა, ბავშვობაში იქ აძრომა ყველას გვიყვარდა. თანაც, დიდი ხანია იქ სიმინდს აღარ ვინახავდით, რატომაც არ უნდა გამოგვეყენებინა და ოთახად მოვაწყეთ. ჩემმა შვილმაც იქ გაატარა ზაფხული, იქ მუშაობდა, როდესაც ჩამოვიდა. მერე პატარა სააბაზანო მივუმატეთ. ნალიაში პრეზიდენტმაც დაათვალიერა. გაეროს პროექტის შემაჯამებელი ვიზიტით გვსტუმრობდა ლუიზა ვიტონიც, რომელსაც ძალიან მოვეწონეთ. “კომლში” გურიის გასტრო ტური მოაწყო საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამაც.

2019 წლის 4 მაისს მოეწყო “ჩაის გზის” პრეზენტაცია, გზის მაჩვენებელი ტრაფარეტებიც დაიდგა. ამას მოყვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი, შემდეგ სხვადასხვა ინფოტური. ჩვენი ძველი სახლის 2 ოთახი სასტუმრო ნომრებად გადავაკეთეთ, რომ ჩამოსული ხალხი სადმე მიგვეღო.

/ფოტოზე: სასტუმროს ნომერი ნალიაში/

M: “კომლის” ბრენდირებული ჩხავერი ექსპორტზე ამერიკაში როგორ გაიტანეთ?

მე არ ვარ პროფესიონალი მეღვინე. დამწყები ვარ, მაგრამ როგორც ჩაი, ესეც ჩემი ნაწილია. ბავშვობიდან, მახსოვს ახალი ჭურები, რომლებშიც მერე 40 წელს არ ჩასხმულა ღვინო, კოპები, გიდელი, უზარმაზარი საწნახელი, მსხვილი ვაზის ძირი, თეთრი თიხა – ჭურის თავისთვის, რომელსაც მამასთან ერთად ვეძებდით წყლის პირას.

ჩემმა სიძემ მთხოვა ეზოში ვაზი გაგვეშენებინა და ყველა დავთანხმდით. ამ სამუშაოების დროს, ძველი ქვევრები აღმოვაჩინეთ. ეს ნიშანი იყო ჩვენთვის. ქვევრის ნატეხები, რომელიც წავიღეთ თბილისში სპეციალისტებმა, ერთი შეხედვით, მე-16 მე-17 საუკუნეებით დაათარიღეს.

ვაზი გავაშენეთ და ახლა ვაზის უნიკალური გურული ჯიშების პატარა კოლექცია მაქვს: კამური, საკმიელა, ბადაგი, მტევანდიდი. მაგრამ ვენახი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ შარშან ყუძენი შევიძნეთ და ამდენი წლის შემდეგ, პირველად დავაყენეთ ღვინო. ამასობაში, „კომლის“ ლოგოც შევქმენით და ძალიან მინდოდა ღვინო ბოთლებში ჩამომესხა, მაგრამ მარტო ვიყავი – არც ჩემი ქალიშვილები იყვნენ აქეთ და არც ჩემი მეუღლე. საქმეს მარტო შევეჭიდე, შეიძლება შეცდომებიც დავუშვი, მაგრამ მაინც გამომივიდა. სულ 400 ბოთლი ჩამოვასხით. აქედან 252 ბოთლი მაშინვე ექსპორტზე წავიდა ამერიკაში და ძალიან მოეწონათ. თუმცა, ბევრი სირთულე ისევ გადასალახია, მარანი ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. ათასი დეტალია საჭირო: ჭურჭელი, ჩამოსასხმელი აპარატები… სხვისგან თხოვნაც რთულია, ძალიან ბევრ რისკთან და ღელვასთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის ფონზე, კარგი გამოხმაურების მიღება მამხნევებს. იყო წამები, როცა ლამის ხელი ჩავიქნიე და ზუსტად იმ დროს, ამერიკიდან სიძის შეტყობინება მომივიდა, მისთვის მიშლანის სომელიეს მიუწერია – აღფრთოვანებული ვარ შენი Mother In Law-ის ღვინით და რაც გაქვთ, მთლიანად შევიძენო. მაშინვე გამოვფხიზლდი და დაღლილობამაც გამიარა. წინააღმდეგობების მიუხედავად, შევძელი საქმის გაგრძელება.

M: როგორ აისახა პანდემიით გამოწვეული კრიზისი “კომლზე”?

წელს, ივლისსა და აგვისტოში თავისუფალი ადგილი საერთოდ არ გვქონდა. გომის მთის გზაზე ვართ. წელს, ეს მარშრუტი ძალიან პოპულარული იყო და ხალხი ჩვენც გვაწყდებოდა. საერთოდ არ გვრჩებოდა თავისუფალი ადგილი, განსაკუთრებით, პარასკევიდან კვირის ჩათვლით. ამიტომ, ვგეგმავ, ასეთი კასრი კიდევ რამდენიმე დავამატო და გავაკეთო კასრების პატარა უბანი “კომლში”.

ხან იმას გვეუბნებოდნენ, მეგობარმა გვირჩიაო, ხან – თქვენზე სიუჟეტი ვნახეთო, წარმოშობით გურული ვარ და ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ გურიაში, ან არასოდეს ვყოფილვარ გურიაში და თქვენთან სტუმრობა მინდაო – ასეთი ტენდენცია იყო. ამიტომ ვგეგმავ, კიდევ რამდენიმე კასრი დავამატო და „კომლში“ კასრების პატარა უბანი შევქმნა.

M: “კომლამდე” რას საქმიანობდით?

გამოყენებითი მათემატიკა დავამთავრე, მომავალ მეუღლესაც იქ შევხვდი. ინსტიტუტის დასრულებამდე დავქორწინდით. პროფესიით არ მიმუშავია. ჩემი მეორე სპეციალობა ჟურნალისტიკაა და ამ განხრით ვმუშაობდი, მაგრამ აქტიური ჟურნალისტიკა არასოდეს მიზიდავდა. მერე ჩემს მეგობართან, მანანა ბეგიშვილთან ერთად, ლიტერატურულ სტუდიაში ვმუშაობდი დიდხანს.

ძალიან გამზარდა ამ პერიოდში ჩემი ინიციატივით დაარსებულმა „ალუბლობამ“ – ლიტერატურულმა კონკურსმა მოზარდებისთვის, რომელიც 5-ჯერ ჩატარდა. მეამაყება, პირადად ჩემი მოფიქრებული იყო და მერე მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ. დღეს, აქტიურ ჟურნალისტებს შორის ბევრს ვხედავ ჩვენი “ალუბლობის”მონაწილეს და მეამაყება. მერე, ერთხანს, “ტელევეზირთანაც” ვთანამშრომლობდი.

M: რა შეცვალა “კომლის“ არსებობამ თქვენი გარემოცვისთვის?

მისალოც ბარათებზე დაბეჭდილი წინაპრების ფოტოები

ჩემმა აქტიურობამ ბევრს მისცა სტიმული, გარშემო სამეზობლოც გამოცოცხლდა, ნაცნობებიც. ქალაქიდან ჩამოდიან და გვეუბნებიან, იქ ვეღარ ვხედავ ჩემს თავს, მინდა სოფლად გადავიდე და “კომლის” მსგავსი რამ გავაკეთოო. თუ ვინმეს ასე შთავაგონებ, ძალიან კარგია. თუ ვინმე რჩევას მთხოვს, არასდროს ვიშურებ დროს და ენერგიას, პირიქით, ეს ძალიან მახარებს.

M: როგორც ბიზნესი რამდენად მოგებიანია?

“კომლს” არ ვუყურებ როგორც ბიზნესს, ეს ჩვენი ცხოვრება და საყვარელი საქმეა. მთელი ოჯახი ვართ ჩაბმული: დედაჩემი, მე, მეუღლე, შვილები… რა თქმა უნდა, არის შემოსავალი, მაგრამ მთავარია გიყვარდეს, რასაც აკეთებ, ეს გზრდის. უნდა გიყვარდეს სტუმარი, აღიარებდე ადამიანების მრავალფეროვნებას, ხვდებოდე, რომ ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს და პატივს სცემდე მათ შეხედულებას. სტუმარი არ უნდა შეაწუხო გადაჭარბებული მასპინძლური მზრუნველობით, თავისუფლება უნდა მისცე…

M: ახლა, რა გამოწვევების წინაშეა „კომლი“?

ახლა, ზამთართან ადაპტირებას ვცდილობთ, სახლის დათბობას და შესაბამისად მოწყობას. რთულია საზაფხულო სახლში ზამთრის გატარება. მთელი წელი აქ ყოფნა, ბუნების ცვალებადობის სრული ციკლის ნახვა საერთოდ სხვა რამაა. ბავშვობაში ასე არ ვაკვირდებოდი. ძალიან ბევრი საქმეა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. გვინდა ყველაფერი თანამედროვე აგროტურიზმის ტრენდების შესაბამისად მოვაწყოთ, როგორც ეს ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაშია… მაგრამ იქ ეს სახელმწიფო სუბსიდირებით კეთდება. ფერმერს, გლეხს, მეწარმეს სახელმწიფო ეხმარება. ჩვენთან, ჯერ ასე არ არის.

M: “კომლის” სამომავლო პერსპექტივას როგორ ხედავთ?

ჩემს შვილიშვილებს ძალიან მოსწონთ ტოლკინის წიგნი და ძალიან უნდათ ჰობიტების ქოხი ჰქონდეთ. უკვე მიწაც გვაქვს გამოთხრილი. მინდა მულტიფუნქციური ნაგებობის აშენება, სადაც ჩაის და ღვინის დაგემოვნება და ტრენინგებისა თუ შეხვედრების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ამასთან, ძალიან არ მინდა ბეტონის შენობა წამოვჭიმო და ალტერნატიურ გზებზე ვფიქრობ. გავიცანი არაჩვეულებრივი პიროვნება, არქიტექტორი გივი ჯაყელი და მან გვასწავლა, რომ მიწისგან შენობა-ნაგებობის აშენება შეიძლება, ტკეპნილი მიწის მეშვეობით, მიწის აგურებით. დიდი იმედი მაქვს, გამოჩნდება რომელიმე ფონდი, რომელიც დამეხმარება, ეკომეგობრული, 100%-ით ენერგოეფექტიანი და ენერგოდამოუკიდებელი სახლი.

სამომავლოდ, ჩიტის სახლს რომ ეძახიან, ისეთები მინდა ავაშენო ჩემს მდინარეზე გადამდგარი ცხემლის ხეებზე, რომლებიც ძალიან მიყვარს. მინდა „კომლი“ მრავალფუნქციური ადგილი იყოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ჩვენც გვასწავლიან და ჩვენგანაც ისწავლიან.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

5 რჩევა, როგორ გავაკეთოთ „თიმბილდინგი“ ონლაინ მუშაობისას

ბორჯომში „რომპეტროლის“ ფლაგმანი სადგური გაიხსნა