ზაფხული გართობისა და ახალი აღმოჩენების სეზონია! მას ისე არაფერი უხდება, როგორც ზღვის ტალღების ხმაური, ცოცხალი მუსიკა და ხალისიანი ადამიანების ჟივილ-ხივილი. ასეთი მუხტი განსაკუთრებით კარგად ჩანს საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალებზე, რომლებიც მრავალ ადამიანს აერთიანებს და მათ განტვირთვისა თუ ერთმანეთის გაცნობის, კომუნიკაციის, პოზიტიური ენერგიის გაცვლის შესაძლებლობას აძლევს.
წელს ერთი ასეთი ღონისძიება ანაკლიაში, კუძულ მორიმარზე იგეგმება. ფესტივალი „კომორები” საქართველოში პირველად 2018 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, მისი ორგანიზატორები სხვადასხვა ადგილმდებარეობას არჩევენ იმისთვის, რომ საგულდაგულოდ აითვისონ საკურორტე ზონები, მოიწვიონ ათასობით ადამიანი და მათი დაუვიწყარი ზაფხულის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. წლევანდელი კომორები 4-5-6 აგვისტოს ჩატარდება და მასზე მისულ ადამიანებს ელექტრონული მუსიკის, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებისა და ცოცხალი ბენდების გარდა, უამრავი შემოქმედებითი აქტივობა ელოდებათ: ქორეოგრაფიული შოუ, შუადღის იოგა ემბიენთის ფონზე, გასართობი სივრცეები და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს ფესტივალის საორგანიზაციო მხარეც. სამი დღის განმავლობაში, როცა ღონისძიება გაიმართება, სტუმრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე იზრუნებს დაცვის სამსახური, რომელსაც ახალგაზრდული გაერთიანება „მანდალაც” დაეხმარება. ამასთან, სტუმრების გადაადგილებას სპეციალურად ამ დღეებისთვის დანიშნული ტრანსპორტიც უზრუნველყოფს. ტრანსპორტი თბილისიდან და ბათუმიდან ანაკლიის მიმართულებით იმოძრავებს და პირიქით. მათი ბილეთების შეძენა ონლაინ იქნება შესაძლებელი. ზუგდიდან – ანაკლიამდე ავტობუსებიც უწყვეტად იმოძრავებენ.
დანარჩენ დეტალებს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ბაღდავაძე გაგვაცნობს.
M: გიორგი, რას უნდა ველოდოთ წლევანდელი კომორებისგან, როგორი იქნება ფესტივალის 3 დღე?
ყველაზე დიდი და ხანგრძლივი კომორები იქნება, რაც კი აქამდე ჩაგვიტარებია, მაქსიმალურად დატვირთული და მორგებული ყველა გემოვნების ადამიანისთვის. კუნძული, რომელიც შევარჩიეთ, ულამაზესია და ყოველდღე უფრო და უფრო ლამაზდება.
ფესტივალს უნიჭიერესი ახალგაზრდა გოგო – DEENA და დუო – EASTER გახსნიან. EASTER რამდენიმე წლის წინ იყო საქართველოში და ახლაც განსაკუთრებულად ველოდებით. მუსიკალურის გარდა, ბევრი სხვა აქტივობაცაა დაგეგმილი: პერფორმანსი, იოგა, ტაროს კარავი და ბევრი ისეთი საინტერესო დეტალია, რაც „კომორებზე’’ წინა წლებში არ ყოფილა. კუნძული გვაძლევს საშუალებას, უფრო გავმრავალფეროვნდეთ.
M: წელს ფესტივალს დაემატა Hip-Hop მიმართულებაც, მათ შორის ჩამოგყავთ ცნობილი ამერიკელი არტისტი Jeru The Damaja, რატომ გადაწყვიტეთ ამ მუსიკალური სტილის დამატებაც ფესტივალზე და ამერიკელ არტისტთან ერთად ვინ იქნებიან ლოკალური სცენიდან წარმომადგენლები?
ელექტრონული მუსიკისგან განსხვავებით, ჰიპ-ჰოპის საერთაშორისო არტისტებს ქართულ ანდერგრაუნდებში და ფესტივალებზე იშვიათად შევხვდებით. Jeru ლეგენდაა და ძალიან ამრავალფეროვნებს ჩვენს ფესტივალს. რაც შეეხებათ ლოკალურ არტისტებს, ძალიან მაგარი ბიჭები მონაწილეობენ: DEKA, COZY K, JERONIMO, MC CUTKILL და MUSH ONE.
M: პროექტ „ციონის” შესახებაც ვისაუბროთ. ის კომორების შემადგენელი ნაწილია და რას მოიცავს იგი?
„ციონი’’ ჩვენი ახალი პროექტია და უკვე ძალიან გვიყვარს. ისეთი ხალხია ჩართული, საოცარ პერფორმანსს უნდა ველოდოთ. „ციონი’’ მომავალში აუცილებლად გაგრძელდება და განვითარდება, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
M: რატომ აირჩიეთ ლოკაციად ანაკლია, რა განსაკუთრებული პირობებია აქ მასშტაბური ფესტივალის ჩასატარებლად?
თუ საქართველოში ფესტივალების ქალაქის გახსენებაზე რამე ასოცირდება, პირველ რიგში, ანაკლიაა. აქ არის იდეალური გარემო და კლიმატი, ყველა სხვა საზღვაო კურორტისგან გამორჩეული. რეგიონი ულამაზესია, მოსახლეობასაც ფესტივალების მასპინძლობის გამოცდილება აქვს. სოცარი ხალხია და ძალიან სასიამოვნოა მათთან კომუნიკაცია. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ზაფხულის სეზონია, რის გამოც მაქსიმალურად ჩართულები არიან მზადების პროცესში და ფესტივალის დღეების დიდი მოლოდინი აქვთ.
კომორებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და სიახლეებზე თვალის სადევნებლად კი იხილეთ ფესტივალის ღონისძიება Facebook-ზე.
[R]