in

Kongo Gumi – მსოფლიოს უძველესი კომპანია

გამოიცნობთ, რამდენად „ძველი“ შეიძლება იყოს მსოფლიოს უძველესი კომპანია? ისტორიამ მსოფლიოში პირველი კომპანიის სახით, 14 საუკუნის წინ შექმნილი Kongo Gumi შემოგვინახა. ის 578 წელს დაარსდა. იმ პერიოდში, იაპონიაში ბუდიზმი აღზევდა და მის მთელ იმპერიაში გავრცელებას იმპერატორიც აქტიურად უჭერდა მხარს. პრინცმა შოტოკუ ტაიშიმ იაპონიის პირველი ბუდისტური ტაძრის, შიტენო-ჯის, აშენების ბრძანება გასცა. თუმცა, რაკი იაპონელებს ბუდისტური ტაძრების აშენების გამოცდილება არ ჰქონდათ, დამხმარეების საზღვარგარეთ მოძებნა დაიწყეს. სპეციალურად ამ მისიისთვის, პრინცმა სამი გამოცდილი უცხოელი დურგალი დაიქირავა. მათ შორის იყო შიგემიცუ კონგო, რომლის საქმიანობაც სამშენებლო ფირმა Kongō Gumi-ის საფუძველი გახდა.

შიგემიცუ კონგო იყო ცნობილი ტაძრის მშენებელი და მას შიტენო-ჯის გარდა, არაერთი პროექტით ჰქონდა სახელი განთქმული. რვათვიანი ძიების შემდეგ, მას ერთერთმა გუშაგმა მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც, სამეფო ოჯახი ოსაკაში შიტენო-ჯის ტაძრის აგებას ავალებდა. კონგომ ამ საქმის უდიდესი პერსპექტივა დაინახა. ბუდიზმი სწრაფად ფართოვდებოდა. კონგომ იცოდა, რომ შეიძლებოდა ათწლეულების განმავლობაში დაკავებული ყოფილიყო ტაძრების აშენებით და ამით მან მაღალანაზღაურებადი, სტაბილური სამსახური მოიპოვა. შიგემიცუ დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ერთდროულად მრავალი ტაძრის აგება. სწორედ ამ დროს, მისი ოჯახის ერთ-ერთმა მდიდარმა წევრმა სამშენებლო ბიზნესის წამოწყება და 100-მდე დურგლის დაქირავება გადაწყვიტა. ეს პროცესი შიგემიცუს გარეშე დაიწყო, თუმცა კომპანიას ნამდვილად ესაჭიროებოდა ლიდერი, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილება ექნებოდა. კონგო თავიდან უბრალო თანამშრომლად ითვლებოდა, შემდგომ მან კომპანიის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა Kongo Gumi.

მას შემდეგ, კომპანიას კონგოს გვარი მართავდა. კომპანიის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას იაპონიაში ბუდისტების სიმრავლეს უკავშირებენ. სწორედ ბუდისტური ტაძრების მშენებლობა წარმოადგენდა Kongo Gumi-ის შემოსავლის 80%-ს. 14-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, კომპანიას არაერთი ცნობილი ნაგებობის მშენებლობაში აქვს წვლილი შეტანილი. მათ შორისაა ოსაკას ციხესიმაგრე, რომელიც მე-16 საუკუნეში აშენდა. აღსანიშნავია, რომ Kongo Gumi მრავალი ბუნებრივი კატასტროფის, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მომსწრე გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი ორ ატომურ ბომბსაც გადაურჩა და ფუნქციონირება შეუფერხებლად განაგრძო.

Kongo Gumi-ს თავგადასავალი 1427 წელს გაგრძელდა და მან არსებობა, 2006 წელს, გაკოტრების გამო შეწყვიტა. Kongo Gumi დღემდე ცნობილია, როგორც კომპანია რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა და მაგალითია იმისა, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს საგვარეულო ბიზნესს.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

კარიერაზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამები, შაფჰაუზენის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (SIT) და ბრემენის ჯეიკობსის უნივერსიტეტისგან

ისეთივე გემო, როგორც იტალიაში – Reggia