in

სინამდვილეში, რას უნდა ითვალისწინებდეს კომპანიის ზარალის დათვლა

1979 წელს, ფსიქოლოგებმა დანიელ კანემანმა და ამოს ტვერსკიმ წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესში დანაკარგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. მაგალითად, ერთი ლარის დაკარგვა ჩვენს ქცევაზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე ერთი ლარის მოგება. ასევე, როდესაც კომპანია ზარალს აცხადებს, მისი აქციების ფასი უფრო მკვეთრად ეცემა, ვიდრე იმავე ოდენობის მოგების გამოცხადებისას იზრდება. ინვესტორები და კრედიტორები ხშირად წყვეტენ ზარალიანი კომპანიების დაფინანსებას, რაც ბიზნესის რესტრუქტურიზაციას და თანამშრომელთა შემცირებას იწვევს. ზოგიერთი კომპანია უფრო შორსაც მიდის, რათა ზარალის ნაცვლად მოგება აჩვენოს.

კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალურ ბაზარზე მოგება უნდა იყოს კომპანიის გადარჩენის ერთადერთი კრიტერიუმი. თუმცა, ბოლო დროს ინვესტორები აქტიურად ეძებენ ზარალიან კომპანიებს – ხშირად უფრო მეტადაც კი, ვიდრე მოგებიანებს. „უნიქორნები“, ანუ მილიარდდოლარიანი სტარტაპები, ასეთი ზარალიანი კომპანიების მაგალითებია. საფონდო ბირჟებზე განთავსების შემდეგაც კი, ბევრი უნიქორნი არა მხოლოდ აგრძელებს არსებობას, არამედ ხშირად უსწრებს მოგებიან კომპანიებს აქციების უკუგებით. მაგალითად, Nvidia-მ, Twitter-მა, Uber-მა, Airbnb-მ, Spotify-მ და Amazon-მა წლების განმავლობაში საკმაო ზარალი ნახეს, სანამ მილიარდობით ან ტრილიონობით დოლარის დოვლათს შექმნიდნენ.

რა შეიცვალა დროთა განმავლობაში? როდის და რატომ დაკარგა ზარალმა თავისი მნიშვნელობა? ახალი კვლევითი ნაშრომების სერია გვთავაზობს მოსაზრებას, რომელიც ეხმარება მენეჯერებს სწორი ინვესტიციების განხორციელებაში: ისეთი ინვესტიციების, რომლებიც განაპირობებს დაგვიანებულ, მაგრამ რეალურ მოგებას — და არა მხოლოდ მოკლევადიან სააღრიცხვო შემოსავალს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ანადგურებს აქციონერთა სიმდიდრეს. 21-ე საუკუნის კომპანიის სააღრიცხვო ზარალი აღარ წარმოადგენს იმას, რასაც მე-20 საუკუნის კომპანიისთვის წარმოადგენდა.

სად არ მუშაობს ტრადიციული სააღრიცხვო პრინციპები

სააღრიცხვო ნაკლოვანების შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და რეალური ბიზნეს პრობლემების ამსახველი ზარალის გარჩევა სულ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება მენეჯერების, ანალიტიკოსების, დირექტორთა საბჭოების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის. ამ საქმის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მცდარი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ნიჭიერი გენერალური დირექტორის გათავისუფლება, პერსპექტიული ბიზნეს-მიმართულების ნაადრევი გაწვევა, მაღალშემოსავლიანი აქციების არასწორად გაყიდვა ან პროდუქტიული მეცნიერებისა და მარკეტერების გათავისუფლება.

თანამედროვე კორპორაციის მთავარი ინვესტიციები დღეს არამატერიალური ხასიათისაა და ეს არაა ფიზიკური ინფრასტრუქტურა. იფიქრეთ კვლევასა და განვითარებაზე, პროცესების გაუმჯობესებაზე, ალგორითმებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რეკლამაზე, ორგანიზაციულ სტრატეგიაზე, მომხმარებლების მოზიდვაზე, პატენტებზე, ბრენდის შექმნაზე, ადამიანური კაპიტალის დაქირავებასა და ტრენინგზე. კომპანიების ყოველი ახალი თაობა უფრო მეტად იყენებს არამატერიალურ აქტივებზე დაფუძნებულ ბიზნესს, ვიდრე მისი წინამორბედი. გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ღირებული კომპანიები – Nvidia, Apple, Microsoft, Alphabet და Meta – ცოდნაზე დაფუძნებულია. მხოლოდ Nvidia-ს შეფასება აღემატება მრავალი მე-20 საუკუნის გიგანტის, როგორიცაა Exxon Mobil, General Motors, Ford, General Electric, Dow Inc., Goodyear და Chevron, ერთობლივ შეფასებას.

ამრიგად, სწორედ არამატერიალური სწორი ინვესტიციები გამოარჩევს გამარჯვებულებს. კომპანიები ახორციელებენ არამატერიალურ ინვესტიციებს უნიკალური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, მომხმარებლებისა და ბაზრის წილის მოსაპოვებლად, ფასწარმოქმნის ძალაუფლების გასაძლიერებლად და კონკურენციის თავიდან ასაცილებლად.

ასევე, არსებობს მზარდი შეუსაბამობა ახალ ეკონომიკურ რეალობასა და არსებულ სააღრიცხვო პრინციპებს შორის. ეს პრინციპები, ძირითადად, შეიქმნა სამრეწველო და ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის და კვლავ მხოლოდ ფიზიკურ ნივთებს მიიჩნევს აქტივებად. კერძოდ, აშშ-ის საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები (GAAP) არამატერიალურ აქტივებში განხორციელებულ ინვესტიციებს მიიჩნევს საოპერაციო ხარჯებად და არა მომავლის ფუნდამენტად. შედეგად, რაც უფრო მეტს ხარჯავს 21-ე საუკუნის კომპანია საკუთარი მომავლის შენებაზე, მით უფრო მაღალია მისი დეკლარირებული ზარალი.

ეს შეუსაბამობა იწვევს პრობლემას თანამედროვე ფინანსურ ანგარიშგებაში. მაგალითად, ბალანსი არაადეკვატურია კომპანიის რეალური რესურსების შესაფასებლად. მაგალითად, Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები — მისი მაღალი ცნობადობის მქონე ბრენდი, მსოფლიო კლასის კვლევა და განვითარება და მომხმარებლებთან ურთიერთობები — არსად ჩანს მის ბალანსში. როდესაც Apple ხარჯავს თანხებს თავისი ტექნოლოგიებისა და ბრენდის გასაუმჯობესებლად, ფინანსური ანგარიშგება ვერ აჩვენებს, რომ ის ქმნის ღირებულებას.

მეორეა წმინდა მოგების მაჩვენებელი. როდესაც ის ზარალად არის წარმოდგენილი, ხშირად უფუნქციო ხდება კომპანიის საქმიანობის შესაფასებლად, რადგან ის გამოითვლება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების გამოკლების შემდეგ.

GAAP-ზარალიანი კომპანიები VS რეალურად ზარალიანი კომპანიები

ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევრებმა თავიდან შექმნეს აშშ-ს კომპანიების ბალანსები ფიზიკურ და არამატერიალურ ინვესტიციებს შორის სააღრიცხვო განსხვავების მოხსნით. ანუ არამატერიალური ინვესტიციები ისევე აღრიცხეს, როგორც ფიზიკური. დეტალური ინდუსტრიული ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენებით, პირველად გამოავლინეს არამატერიალური დანახარჯების პროცენტული წილი, რომელიც ქმნის მომავალ ღირებულებას და ამიტომ უნდა ჩაითვალოს აქტივებად. შემდეგ შეაფასეს მათი სასარგებლო მოხმარების ვადები, რომლის განმავლობაშიც ეს ინვესტიციები უნდა ამორტიზდეს. ეს არ განსხვავდებოდა იმისგან, თუ როგორ ხდება ფიზიკური აქტივების ცვეთა აშშ-ს GAAP-ის მიხედვით. გადაანგარიშებული ბალანსები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოადგენდა, ვიდრე ეს მიმდინარე ფინანსურ ანგარიშგებებშია ასახული.

სხვა ნაშრომში ეს პარამეტრები კომპანიების მოგება-ზარალის უწყისების ხელახლა დასაანგარიშებლად გამოიყენეს. აღმოაჩინეს, რომ ზარალის მქონე კომპანიების პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 34%-დან 26%-მდე. ანუ, ზარალიანი კომპანიების დაახლოებით მეოთხედი აღარ აჩვენებდა ზარალს მას შემდეგ, რაც მათი სააღრიცხვო ნაკლოვანება გასწორდა. არასწორად კლასიფიცირებულ კომპანიებს GAAP-ზარალიანებს უწოდებენ. ხოლო მათ, რომლებიც კორექტირების მიუხედავად კვლავ აჩვენებენ ზარალს, ვუწოდებთ რეალურად ზარალიან ფირმებს.

წყარო: HBR



ქეშბექი ბიტკოინების სახით – ლოიალობის პროგრამა Cryptal-ისა და iPlus-ისგან

„თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე…” – SOCAR Georgia Petroleum-ის საჩუქრები კომენტარების ავტორებს