ხელოვნური ინტელექტის ბიზნესში დანერგვა ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექნოლოგია ეფექტურობასა და ინოვაციას გვპირდება, რეალურ სამყაროში იგი ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და მეტ ადამიანურ შრომასაც კი მოითხოვს. სანამ ხალხი იმაზე დარდობს, ხელოვნურმა ინტელექტმა არ ჩაგვანაცვლოსო, მარკეტერები და სფეროს სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ სადაც ავტომატიზაციაა, ხშირად უფრო მეტი სამუშაოა ადამიანისთვის, ვიდრე ნაკლები.
ათი წლის წინ IBM-მა დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ Watson for Oncology ისეთივე ზუსტი იყო, როგორც ადამიანი ექიმები რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და სხვა ანგარიშების წაკითხვისას. ზოგიერთ რეგიონში, სადაც ონკოლოგები არ არსებობდნენ, IBM-მა Watson ექიმების პოტენციურ შემცვლელადაც კი წარმოადგინა.
თუმცა რეალობა მალევე გამოაშკარავდა. ASH Clinical News-ის ცნობით, შიდა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ Watson არაორდინალურ და სახიფათო რეკომენდაციებს იძლეოდა. საბოლოო ჯამში, IBM-მა Watson Health-ის მონაცემთა და ანალიტიკის განყოფილება კერძო საინვესტიციო ფირმას 2021 წელს 1 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.
IBM ერთადერთი მაგალითი არ არის. Zillow-მ შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელი სახლების ღირებულების პროგნოზირებისთვის და ყიდულობდა სახლებს ამ პროგნოზების საფუძველზე. ალგორითმი მუდმივად ზედმეტს იხდიდა, რამაც ნახევარი მილიარდი დოლარის ზარალი და მასობრივი გათავისუფლება გამოიწვია. პროგრამა ერთ წელზე ნაკლებ დროში დაიშალა.
ეს ადრე იყო. ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მართლაც მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა მაინც არის რაღაც შეცდომები, რომლებიც ზოგჯერ საქმეს აფუჭებს. ეს იქნება ბუღალტრული აღრიცხვა, ცუდი კომუნიკაცია და სხვა, რაც, საერთო ჯამში, სამუშაო პროცესებს აფუჭებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი არაა ის ტექნოლოგია, რომელიც უყურადღებოდ შეიძლება გაუშვა, მას სჭირდება ორგანიზება, პასუხისმგებლობის აღება და სწორი კომუნიკაცია.
ძირითადი რჩევები კომპანიებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ნერგავენ
ხელოვნური ინტელექტის დანერგვა წარუმატებელი იმიტომ კი არაა, რომ ტექნოლოგიაა გაუმართავი, არამედ იმიტომ, რომ მის შესრულებას მონიტორინგი აკლია. რამდემე გამოცდილი რეკომენდაციით, შემდეგი უნდა გაითვალისწინოთ:
- ნუ აიძულებთ მომხმარებლებს ცვლილებებს: ახალი ვერსიის დანერგვამდე მოითხოვეთ მათგან თანხმობა ან შესთავაზეთ საპილოტე ვერსია;
- გამოცდა რეალურ სამყაროში: ინტენსიურად გამოცადეთ პროგრამა რეალური მომხმარებლის მონაცემებითა და სამუშაო პროცესებით;
- სწრაფი უკუკავშირის სისტემა: აუცილებლად შეიმუშავეთ სწრაფი უკუკავშირის სისტემა, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, დროულად შეგატყობინოთ;
- პრიორიტეტი მიანიჭეთ კომუნიკაციას: აუხსენით მომხმარებელს, რა იცვლება, რატომ და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებას;
- წინასწარ გაზომეთ, რა გავლენას მოახდენს ნებისმიერი განახლება მომხმარებლის გამოცდილებაზე.
ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც ნდობას იმსახურებს
ხელოვნურ ინტელექტს აქვს ინდუსტრიების ტრანსფორმაციის პოტენციალი, თუმცა მხოლოდ მისი სწორად დანერგვის შემთხვევაში. ხელოვნური ინტელექტის შეცდომების გამოსწორება ხშირად მეტ ადამიანურ შრომას მოითხოვს, ამიტომ იცოდეთ, რომ ამ საქმეში გამარჯვებული ის კი არ იქნება, ვინც პირველი დაიწყებს AI პროდუქტების მიწოდებას, არამედ ის, ვინც ამას მეტი დაკვირვებით გააკეთებს და მომხმარებელს საიმედო, გამჭვირვალე და სანდო სისტემას შესთავაზებს.
ტექნოლოგიამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს. როდესაც ხელოვნურ ინტელექტში „ინტელექტი” არ არის გამყარებული გააზრებული დიზაინით, ის ხდება როგორც ტექნიკურად, ასევე, ბიზნესისთვის წარუმატებელი.












