in

კომპანიის ხედვის ჩამოყალიბებისთვის დირექტორობა არ გჭირდებათ

მარტივი, გაბედული და შთამაგონებელი ხედვა ჯადოსნური ძალის მქონეც კი შეიძლება იყოს: ის ადამიანებს საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებს და ისეთი სტრატეგიების შექმნისკენ უბიძგებს, რომელიც მომავალში წარმატების გარანტი ხდება. თუმცა ამ საქმეს ძირითადად უფრო მაღალი თანამდებობების მქონე ადამიანების ვალდებულებად თვლიან, მიიჩნევენ, რომ აღმასრულებელი დირექტორი აყალიბებს ხედვას, მენეჯერი კი უზრუნველყოფს მას. რეალურად კი, ხედვის ჩამოყალიბება მენეჯერებსაც შეუძლიათ. მათ ამისთვის უამრავი შესაძლებლობაც აქვთ, ახლა კი ოთხი მათგანი განვიხილოთ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

დაეხმარეთ აღმასრულებელ დირექტორს კომპანიის ხედვის ჩამოყალიბებაში

კარგმა ლიდერებმა იციან, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ტოვებენ: ისინი მომხმარებელთა გამოცდილებისგან, რეალობისგან და იმ ადამიანების იმედებისა თუ ოცნებებისგან შორს არიან, ვინც მათთან მუშაობს. სწორედ ამიტომ, ხშირად ხელმძღვანელი პირები თავის მომხმარებლებს, თანამშრომლებსა თუ სხვა ადამიანებს უსმენენ. ამ ყველაფრის გაგება კი მათთან კავშირის დამყარებასა და უკეთესი ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. ხოლო როცა მენეჯერი ხართ, ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და თქვენს ხედვაზე ისაუბროთ. მსგავსად, არა მხოლოდ არსებული სიტუაციის კოლექტიურად მოგვარებას შეძლებთ, არამედ თქვენი ხედვის ჩართვასაც მოახერხებთ. 

ამის კლასიკურ მაგალითად მსოფლიო ბანკის შემთხვევა მიიჩნევა. ჯერ კიდევ 1995 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღის წესრიგში სიღარიბის დონის შემცირების საკითხი დადგა, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯეიმს ვულფენსონმა ამ პრობლემასთან გამკლავება მრავალი ადამიანის დახმარებით მოახერხა. ის გაესაუბრა ბანკის თანამშრომლებს, მომხმარებლებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებს, შედეგად კი დაწესებულებისთვის ისეთი სრულყოფილი ხედვის შექმნა შეძლო, როგორიც „სიღარიბისგან თავისუფალ სამყაროზე ოცნება“ იყო.

გახადეთ თქვენი გუნდისთვის კომპანიის ხედვა რელევანტური

ხოლო თუ თქვენ კომპანიის ხედვის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზევე ჩართვის შესაძლებლობა არ მოგეცათ, მოგიწევთ იგი თქვენს გუნდს შეუსაბამოთ. ამას კი ხედვის შემუშავების მცირე მასშტაბად აღიქვამენ.

წარმოიდგინეთ, რომ Amazon-ის ლოჯისტიკის გუნდს ხელმძღვანელობთ, რომლის ხედვასაც შემდეგნაირად ხსნიან: „მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ადგილი, სადაც ადამიანებს ყველაფრის პოვნა შეეძლებათ, რისი ყიდვაც სურთ“. ამ ხედვის მცირე მასშტაბზე გადატანას, მაგალითად, პროდუქტის მიწოდების სიჩქარის გაუმჯობესებით შეძლებთ, რაც მომხმარებლის სურვილსაც გააძლიერებს — „იპოვოს ყველაფერი, რისი ყიდვაც სურს“.

გამოდის, მცირე მასშტაბებში განხორციელებული ქმედებები საერთო ხედვისთვისაც სასარგებლოდ მუშაობს. ხოლო, როცა საერთო ხედვას
თქვენი გუნდისთვის „გადმოთარგმნით“, მაინც გადაამოწმეთ, რამდენად შეესაბამება ეს იმას, რაც ლიდერებს სურთ. 

აჩვენეთ ხედვა, რომელსაც კომპანიის განვითარება შეეძლება

ზოგჯერ კომპანიის ხედვა არ უკავშირდება აღმასრულებელ დირექტორს და მას ის ადამიანები აყალიბებენ, რომლებიც კომპანიაში ცვლილებებსა თუ ინოვაციებს ნერგავენ. მაგალითად United Way-ის ტრანსფორმაცია შეგვიძლია განვიხილოთ. სკანდალის შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ აღორძინება სწორედ რამდენიმე ადგილობრივი ინოვაციით დაიწყო, რამაც მოგვიანებით ახალი ხედვის ჩამოყალიბებასაც დაუდო საფუძველი. მათ კორპორატიული დაფინანსებიდან, რაც დოლარებით იზომებოდა, იმ სტრატეგიაზე გადასვლა მოახერხეს, რომელიც უკვე ადამიანის კეთილდღეობის მაჩვენებლით იზომება…

შესაძლოა, მსგავს შანსს თქვენს ორგანიზაციაში ვერ ხედავდეთ, მაგრამ ინოვაციების აუცილებლობა ამის კარგ შესაძლებლობას გაძლევთ. აქ ადგილობრივ დონეზე ახალი იდეების გაჟღერება იგულისხმება, რასაც, შედეგად, კომპანიის მზარდი განვითარება და მომავალში თქვენი დაწინაურებაც შეიძლება მოჰყვეს.

ჩაერთეთ ხედვის თამაშებში

იმისათვის, რომ ხედვის გაზიარება ან ჩამოყალიბება შეძლოთ, კონკრეტული რჩევების გათვალისწინება დაგჭირდებათ:

    1. გაარკვიეთ, რა არის ხედვა და რატომაა იგი მნიშვნელოვანი აქ ხედვა, ანუ წარმატებული მომავლის სურათი, მისიაში, ღირებულებებსა თუ სტრატეგიებში არ უნდა აგერიოთ. ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ ორგანიზაციები ხშირად აახლებენ მათ ხედვებს, რათა განვითარება შეძლონ.
    2. გამოიყენეთ სხვადასხვა შესაძლებლობა რაღაცის სწავლა ნებისმიერი საქმიდან შეგიძლიათ, თუნდაც, ეს მცირე მასშტაბის იყოს. ზოგადი ხედვა თქვენს გუნდს უნდა მოარგოთ, შესთავაზოთ ინოვაციური ცვლილებები, იპოვოთ შესაძლებლობა კომპანიის გარეთ: ჩამოაყალიბოთ ან შექმნათ ხედვა თქვენს რწმენაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში ან სხვა დაწესებულებაში…
    3. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მარტომ თუ ხედვის შექმნის შესაძლებლობა მოგეცემათ, გაუზიარეთ იგი თანამშრომლებს და ჩამოაყალიბეთ ერთად, ისინი ისევე დაგეხმარებიან, როგორც თქვენს უფროსს ეხმარებოდით თავად. ეს უკეთეს სამუშაო გარემოსაც შექმნის. 
    4. ისწავლეთ სხვისი მაგალითით მაშინაც კი, როცა ამ პროცესში ჩართული არ ხართ, სხვებზე დაკვირვებით მრავალი რამის სწავლას მოახერხებთ. გაიგეთ, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა კონკრეტული ხედვა, შეისწავლეთ სხვადასხვა ორგანიზაციის მიდგომა და გააანალიზეთ, რატომ გახდნენ ან არ გახდნენ ისინი წარმატებული. 

ხოლო იმის გამო, რომ ორგანიზაციის ხედვის შემუშავება შემდგომ სტრატეგიებსაც აყალიბებს, ის მაინც ხელმძღვანელი პირების მოვალეობად განიხილება. თუმცა ნებისმიერი ლიდერული უნარის მსგავსად, ხედვის შექმნაც კონკრეტულ პრაქტიკას მოითხოვს. ამიტომ, მცირე და უეცარი შესაძლებლობებიც უნდა გამოიყენოთ და თქვენს გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროთ.

წყარო: HBR



იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი

„ვცდილობთ, ბენეფიციარებს მაღალანაზრაურებადი პროფესიები შევასწავლოთ, რათა რეგიონებშივე შეძლონ დასაქმება“ – ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი