კომპიუტერმა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც პირველად 1800-იან წლებში გამოჩნდა. ოთახისხელა მოწყობილობებიდან იმდენად პატარა გახდა, რომ ჭკვიან საათებსა და VR სათვალეებშიც შეიძლება მოექცეს. თუმცა ამ ორს შორის ინოვაციების მდიდარ ისტორიას ვხვდებით.
„მთავარი ევოლუციური ნაწილი ის არის, რომ კომპიუტერი სულ უფრო პატარავდება და ვფიქრობ, შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი მათი გაქრობაა“, — აცხადებს იენს მიულერი, გრაფიკული დიზაინერი და წიგნ The Computer-ის თანაავტორი.
სწორედ მიულერის დახმარებით შეგვიძლია კომპიუტერების მდიდარი ისტორია 10 ობიექტამდე შევზღუდოთ და დავაკვირდეთ, როგორ გადაიქცა ლითონის ყუთი თითქმის უხილავ ელემენტად:
1837: პირველი ორთქლზე მომუშავე კომპიუტერი
კომპიუტერის წარმოშობა 1837 წლით თარიღდება, როცა ბრიტანელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ბაბიჯმა Analytical Engine-ის აღწერა გამოაქვეყნა — ორთქლზე მომუშავე მანქანა, რომელიც ნებისმიერი გამოთვლის შესრულებას შეძლებს. იგი იმ 4 კომპონენტისგან შედგებოდა, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვანია კომპიუტერებისთვის: მეხსიერების ბარათი, ე. წ. რიდერი, პრინტერი და Mill. ამ მანქანაზე ბაბიჯი 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობდა, თუმცა პროტოტიპის შექმნამდე გარდაიცვალა. იმუშავებდა თუ არა მისი მოდელი, ეს გაურკვეველი არ დარჩენილა — მკვლევრებმა გამოცადეს იგი და თქვეს, რომ პროტოტიპი შექმნის შემთხვევაში აუცილებლად წარმატებული იქნებოდა.
1941: პირველი კომერციული კომპიუტერი
ახლა კი საუკუნეზე მეტი ხნით წინ უნდა წავიწიოთ, როცა გერმანელმა გამომგონებელმა და ინჟინერმა კონრად ზიუსმა თავის Z3 დანადგარზე მუშაობა დაასრულა. ეს ის არის, რაც ფუნქციური კომპიუტერის თანამედროვე გაგებასთან ყველაზე ახლოს დგას. მართალია, მეორე მსოფლიო ომის დროს დაბობმვას ემსხვერპლა, მაგრამ ზიუსმა Z4 მოდელიც თითქმის გამოუშვა — პირველი კომერციული კომპიუტერი, რომლის გაქირავება ან გაყიდვა შეიძლებოდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპიუტერია, რომელიც სამყარომ დღემდე შემოინახა და მისი ნახვა Deutsches Museum-შია შესაძლებელი.
1965: პირველი ნამდვილი დესკტოპ კომპიუტერი
ეს უკვე პატარა მაცივრის ზომის მოწყობილობა იყო — PDP-8 Digital Equipment Corporation-მა შექმნა. პატარა ბიზნესებისთვის, საწარმოო ქარხნებისა თუ მეცნიერული ლაბორატორიებისთვის მეტად გამოსადეგი იყო. 50 000 გაიყიდა კიდეც, რითაც PDP-8 იმ დროის ყველაზე წარმატებულ მოწყობილობადაც აქცია.
1973: პირველი კომპიუტერი გრაფიკული ინტერფეისით
ასეთი კომპიუტერი პირველად Xerox-მა შემოგვთავაზა მენიუებითა და ნიშნებით, რომელთა გაკონტროლებაც მაუსით შეიძლებოდა. მომხმარებლებს ელ.ფოსტების გაგზავნის საშუალებასაც კი აძლევდა. მიულერის თქმით, ქსეროქსმა ადრეული პლანშეტური კომპიუტერი შემოგვთავაზა, თუმცა მოწყობილობა არასდროს აგებულა.
1981: პირველი პორტატიული კომპიუტერი
Osborne 1 პირველი კომერციული ლეპტოპ კომპიუტერი იყო და ის ადამ ოსბორნმა შემოგვთავაზა. მას არეკლამებდნენ, როგორც კომპიუტერს, რომელიც თვითმფრინავის სავარძელზეც თავსდებოდა. რეალურად კი, 11 კილომდე იწონიდა. როგორც The Computer-ის ავტორი ამბობს, Osborne 1 Chicago Sun-Times-ის ჟურნალისტმა ავღანეთის ომის გასაშუქებლად გამოიყენა…
1994: პირველი სმარტფონი
IBM Simon 1994 წელს ჩაეშვა და მას აღწერდნენ, როგორც პერსონალურ ციფრულ ასისტენტს, რომელიც უკვე შარვლის ჯიბეში ჩაეტეოდა. ეს პირველი მოწყობილობა იყო სენსორული ეკრანით, მაგრამ მხოლოდ ციფრული კალმის შეხების შემთხვევაში მოქმედებდა. აქ ისეთ აპლიკაციებს შეხვდებოდით, როგორებიცაა კალენდარი და address book, თუმცა შემოთავაზებული ტექნოლოგია მალევე მოძველდა და მხოლოდ 50 000 ერთეული გაიყიდა.
1998: პირველი iMAC
ეფლი მას მომდევნო ათასწლეულის კომპიუტერად აღწერდა და iMac-მაც რეალურად კომპიუტერების დიზაინის ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი. ჯონი აივმა პლასტმასის ჩარჩოთი წარმოგვიდგინა, რომელიც10 ფერში იყო ხელმისაწვდომი. როგორც ამბობენ, იმ დროის ვიზუალურ ტრენდებთან სრულ ჰარმონიაში გახლდათ… იგი Apple-ს კარგ UX დიზაინშიც კი დაეხმარა.
2007: პირველი iPhone
ამ ამბავმა უკვე სმარტფონების ბუმამდე მიგვიყვანა. მიულერის თქმით: „iPhone სწორ დროს გამოვიდა — მაშინ, როცა ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. Apple-მა დეველოპერებს ახალი გზა შესთავაზა და მოიწვია ადამიანები აპლიკაციების შესაქმნელად, ყველას შეეძლო საკუთარი აპლიკაციის გაკეთება და App Store-ში განთავსება, ამ ორმა საკითხმა კი სმარტფონები ნამდვილად დიდ რამედ აქცია“.
2022: პირველი AI მოდელი
გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტსაც მოვესწარით, რომლისთვის საჭირო ტექნოლოგია, მართალია, მანამდეც არსებობდა, მაგრამ საჯარო მხოლოდ გასულ წელს გახდა. აქ კი რობოტიკის პიონერის ჩარლზ როსენის სიტყვებს გვახსენებენ, რომელიც მან ჯერ კიდევ 1981 წელს დაწერა — „AI იმ ხედვისგან დაიბადა, რომ რაღაც შეიძლება გაკეთდეს დანადგარების გამოყენებით… იმ საქმეების შესასრულებლად, რასაც ადამიანები აკეთებენ“. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ChatGPT-ის ყოველკვირეული მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩარლზის წინასწარმეტყველება მალე რეალობა გახდება.
შემდეგი პირველი კვანტური კომპიუტერია?
კვანტური კომპიუტერების კონცეფციას უკვე 20 წელზე მეტია იკვლევენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კვანტურ კომპიუტერებს კონკრეტული პრობლემების სტანდარტულ კომპიუტერზე სწრაფად გადაჭრა შეეძლება, რაღა თქმა უნდა, კვანტური ფიზიკის ძალის გამოყენებით. ხოლო, თუ კონცეფცია იმუშავებს, ჩვენ კომპიუტერების ისტორიის სრულიად ახალ თავზე გადავალთ.