ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი ციტატა ქართული მხატვრული ფილმიდან „თოჯინები იცინიან”: „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო”. მართალია, ეს ფრაზა ტრადიციულ სათამაშოებს ეხება, მაგრამ ნაწილობრივ, შეიძლება თანამედროვე გასართობებსაც ეხმიანებოდეს.
გავრცელებული მოსაზრებაა ის, რომ კომპიუტერულ თამაშებს არაფერი სასარგებლო არ მოაქვს. მშობლები და მასწავლებლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ ბავშვი მთელი დღეები გაჯეტსა და კომპიუტერშია. შეიძლება ითქვას, კომპიუტერული თამაშები საკმაოდ დემონიზებული გვაქვს, რადგან უფროსები მათ სარგებელს ვერაფერში ვხედავთ, ვთვლით, რომ ეს დროის ფუჭად ფლანგვაა და მეტიც, ზოგიერთი მშობლისგან ხშირად წააწყდებით დისკუსიას იმაზე, რომ ეს თამაშები ბავშვებს „აჩლუნგებს”, სწავლის სურვილს უკლავს და აზარმაცებს. რაღაც მხრივ, ეს შეიძლება სწორიც იყოს, რადგან ზოგიერთი თამაში მხოლოდ თავშესაქცევად არსებობს და დადებით გავლენას არ ახდენს მოზარდზე, მაგრამ ამ თემის უფრო სიღრმისეული კვლევით დავინტერესდით, ბევრი საინტერესო აღმოვაჩინეთ, კომპეტენტურ რესპონდენტსაც ვესაუბრეთ და ვეცდებით, თამაშების მეორე, ბევრად ნათელი მხარე დაგანახვოთ; დაგარწმუნოთ, რომ მათ შორის ისეთებიცაა, რომლებსაც ჩვენი შვილებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
მსოფლიო მასშტაბით, კომპიუტერული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მზარდი ინდუსტრიაა 21-ე საუკუნეში. გარდა მათი გასართობი დანიშნულებისა, ცნობილი კომპანიები და ორგანიზაციები ფიქრობენ იმაზეც, როგორ გახადონ ისინი ბავშვებისთვის სასარგებლო, რის შედეგადაც ბევრი მათგანი უშვებს სწავლაზე, შემეცნებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ თამაშებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ორი მხარე აქვს და თამაშების როლი შეიძლება ნეგატიურიც იყოს და უარყოფითიც, მაგრამ დღეს ისეთ თამაშებზე მოგიყვებით, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს მათ კრეატიულობას, უნარებს ტექნოლოგიური მიმართულებით და ანალიტიკურ აზროვნებას უყალიბებს.
მეტი ინფორმაციისთვის ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ICT ექსპერტს, პროგრამირების ლექტორს ოლიკო კილაძეს გავესაუბრეთ:
M: რამდენად დიდია კომპიუტერული თამაშების როლი ბავშვის განვითარებაში და როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი?
განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სასწავლო თამაშების როლი მოსწავლეთა წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვის როგორც კოგნიტურ, ისე ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. ვიდეო და სხვადასხვა ტიპის ელექტრონული თამაშები ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელ ფორმას წარმოადგენს, ამიტომ თამაშში ბავშვები ხალისით ერთვებიან და ინტერესით ასრულებენ დავალებებს, ხდებიან უფრო კონცენტრირებულები და ყურადღებიანები, რაც საშუალებას აძლევს მათ, უკეთესად აითვისონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა. თამაში ეხმარება ბავშვებს, ემოციების საშუალებით, უფრო მარტივად, დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, უკვე არსებულზე დაყრდნობით;
თუმცა, ბუნებრივია, ყოველთვის მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. თამაშის შერჩევა უნდა მოხდეს სწორად. თითოეული თამაში უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ საგანმანათლებლო მიზნებს. მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო თამაში პედაგოგის ან მშობლის მიერ სწორად შეირჩეს. მკაფიოდ იყოს განსაზღვრული თამაშის მიზანი, დრო და სასურველი შედეგები. თამაშზე დაფუძნებული სწავლება და ნებისმიერი სასკოლო აქტივობა მხოლოდ მაშინაა შედეგისმომცემი, როდესაც თითოეული მათგანი კარგად გააზრებული კურიკულუმის ჰარმონიული ნაწილია.
M: რომელ ცნობილ თამაშებსა და პლატფორმებს გამოყოფდით, რომელიც დადებითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე?
კომპიუტერული მეცნიერებების, ალგორითმის, პროგრამული კოდის დაუფლებისთვის და ზოგადად, ლოგიკური, შემოქმედებითი, მათემატკური უნარებისა და ალგორითმული აზროვნების განვითარებისთვის იდეალურია Code.org და Scratch.mit.edu ბლოკებზე დაფუძნებული კრეაქტიული პროგრამირების საერთაშორისო პლატფორმები.
Minecraft Education Edition-არის თამაშზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითობას, თანამშრომლობას და პრობლემების გადაჭრას იმერსიულ ციფრულ გარემოში. პედაგოგები მთელ მსოფლიოში იყენებენ Minecraft: Education Edition-ს, რათა ჩართონ სტუდენტები სხვადასხვა საგნის ინოვაციური სწავლა-სწავლების პროცესში და შეძლონ, გააცოცხლონ აბსტრაქტული ცნებები- ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. Minecraft Education Edition იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად..„Minecraft-ის“ საშუალებით მოსწავლე ითვისებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ივითარებს ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს. უვითარდებათ ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, საკუთარი თავის რწმენა, კრიტიკული აზროვნება და სხვა.
არსებობს უამრავი უფასო ვიდეოთამაშის პლატფორმა უცხო ენის შესასწავლად, რომელიც ოთხივე მიმართულებით უვითარებს მოსწავლეს უნარებს: წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა. ბუნებრივია, აღნიშნული თამაშებიც მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს და ეხმარება უცო ენის ხალისით შესწავლაში.
აგრეთვე, შემიძლია გაგიზიაროთ ბიოლოგიისა და გეოგრაფიის შემსწავლელი პლატფორმები.
M: რა უნდა ვიცოდეთ თამაშების შესახებ, რა ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, თუნდაც „ჭკვიანურ” და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპიუტერულ თამაშს?
განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო თამაშსაც შეუძლია ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა, მაშინ როდესაც ის არასწორადაა შერჩეული პედაგოგის მიერ. შესაძლოა, არ იყოს მოსწავლის, ან კლასის შესაძლებლობებსა და იდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თამაში ემსახურებოდეს კონკრეტულ საგანმანათლებლო მიზანს.. მკაფიოდ იყოს განსაზღვრული აქტივობის მიზანი, მუშაობის დრო და სასურველი შედეგები. პედაგოგს უნდა შეეძლოს ადექვატური უკუკავშირის მიწოდება მოსწავლესთვის. არ უნდა დაირღვეს პრინციპი-მარტივიდან-რთულისკენ. თითოეული თამაში, თუ აქტივობა საგნობრივი საკითხისა და ზოგადი კურიკულუმის ჰარმონიულ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილ, არამიზნობრივ ელემენტს. სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ მაშინაა შედეგისმომცემი, როცა პროცესი თანმიმდევრული, ლოგიკური და სისტემურია.
M: თუ შეგიძლიათ გამოყოთ სამი მნიშვნელოვანი უნარი/ცოდნა, რომელსაც ჩამოთვლილი კომპიუტერული თამაშები გამოუმუშავებს ბავშვებს?
პირველ რიგში, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო თამაშები მოსწავლეებში აღვივებს მოტივაციასა და ინტერესს. თამაშით სწავლებისას უვითარდებათ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, კონცენტრაცია, სისწრაფე, მეხსიერება, პრობლემის გადაჭრის უნარი, ეჩვევიან პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებს, სწავლობენ გუნდურ მუშაობას, კვლევას, თანამშრომლობას, პასუხისმგებლობას, ხდებიან მეტად თავდაჯერებულნი. სწავლობენ ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყებას. თამაშით სწავლა მოსწავლეებისთვის ყოველთვის სასიამოვნო, საინტერესო და ემოციური პროცესია.
ინტერვიუს შემდეგ კვლევა გავაგრძელეთ და გიზიარებთ 5 კომპიუტერულ თამაშს, რომლებიც ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე კარგად გამოხატავს ყოველივე ზემოთქმულს, ეხმარება ჩვენს შვილებს განვითარებაში და ხელს უწყობს მათ.
მოცემული თამაში 8+ ასაკის ბავშვებზეა გათვლილი, რადგან პატარებისთვის შეიძლება რთული იყოს მისი ნარატივის გაგება. თამაშის სცენარი აწყობილია ამბებზე, რომლებიც მოზარდებს სხვადასხვა ცივილიზაციის შესახებ აწვდის სასარგებლო ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, მისი სტრუქტურა და იდეა ეხმარება მოზარდს ლიდერული უნარების გამომუშავებაში. რაც მთავარია, თამაშში დაცულია ყველანაირი ცენზურა. ის არ შეიცავს უწმაწურ სიტყვებს, ძალადობის ელემენტებს და არის სტრატეგიული და შემეცნებითი.
ეს არის თამაში, რომელიც ბავშვებს მათემატიკის სახალისოდ სწავლაში ეხმარება. მასში მოზარდი, მათემატიკის გარდა, ხან პინგვინებს იცავს კომეტებისგან, ხან ასტეროიდების სარტყელს სწავლობს იმისთვის, რომ პინგვინები გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილას.
თამაშის შექმნის მიზანი ბავშვის შემეცნება და მისთვის არითმეტიკულ-ლოგიკური აზროვნების განვითარებაა. ის 60 საფეხურად არის დაყოფილი, იწყება მარტივი დონეებით და თანდათან რთულდება.
ეს არის სახალისო თამაში, რომელიც ერთი მხრივ, ბავშვებს სასიამოვნოდ ართობს, მეორე მხრივ კი, ამ თამაშ-თამაშში ისინი იწყებენ საქმიან ფიქრს. თამაშის მიზანია, მოთამაშემ შექმნას კონფიგურებადი, თემატური პარკები ატრაქციონებითა და სხვა შესაბამისი ინვენტარით. შემდეგ კი უნდა იზრუნოს, რომ პარკმა ნორმალურად იფუნქციონიროს, მიიღოს დამსვენებლები და ა.შ. ეს თამაში ავითარებს ბავშვის უნარს სამუშაოს პრიორიტეტების გადანაწილების მხრივ; იგი, ასევე კითხულობს ვიზიტორთა უკუკავშირებს და ამის მიხედვით ცვლის რაღაცას თავის პარკში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მენეჯმენტის ელემენტარული უნარების გამომუშავება ბავშვობიდან, თამაშით ხდება შესაძლებელი.
Big Brain Academy არის თავსატეხების ვიდეოთამაშების სერია, რომელიც შემუშავებულია და გამოქვეყნებულია Nintendo-ს მიერ. Brain Age სერიის მსგავსად, თითოეულ თამაშს აქვს რამდენიმე აქტივობა, რომელიც შექმნილია მოთამაშის გონებრივი უნარების შესამოწმებლად, გასაზომად და გასაუმჯობესებლად. მასში მოთავსებულია სავარჯიშოები სხვადასხვა საგანში: რიცხვების დამახსოვრება, ცხოველების ამოცნობა, მიზნების მიღწევა და სხვა. ბავშვს მარტოც შეუძლია ბიგ ბრეინ აკადემიის გავლა და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთადაც.
ინტერაქტიული ანბანი
ძალიან გაგვიხარდა, როცა ამ თემაზე თამაშების დათვალიერებისას ქართულ შემეცნებით თამაშსაც მივაგენით. ის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად, თამაშითა და ხალისით შეძლოს ანბანის შესწავლა. რესურსი ბავშვებს უჩვენებს ქართული ანბანის ასოებს, განმარტავს მათ ჟღერადობას და ამოწმებს, რამდენად სწორად მოხაზა ბავშვმა შესაბამისი ასო. რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის გარეთაც. მისი გადმოწერა შეგიძლიათ სმარტფონში, ანდროიდ და ios ვერსიებზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი