21
Oct
2019

ადამიანი, რომელთან მუშაობაც სიამოვნებაა – ეთუნა მუნჯიშვილი

21 Oct 2019

თქვენზე მინდა მოგყვეთ.

და იმაზე, რაზე საუბარსაც გავურბივართ, არ გვახსოვს ან არც მიგვიჩნევია, რომ რაიმეში ჩვენი წილი გვაქვს.

თქვენზე ვყვები, ვინც მენეჯერები, თანამშრომლები, „ფრილანსერები“, თვითდასაქმებულები, კლიენტები, ან შემსრულებლები ხართ.

ყოფილხართ თუ არა როდესმე სამუშაოზე სხვებისთვის სტრესის გამომწვევი? მინიმუმ სხვებისგან გამოწვეული სტრესის მსხვერპლი მაინც იქნებოდით. ამიტომ ეს სტატია ორივე თქვენგანს ეხება.

Linkedin-მა ცოტა ხნის წინ თავის ქსელში ჩაატარა გლობალური გამოკითხვა, თუ რა არის ძირითადი სტრესორები მუშაობისას. გამოკითხულებმა დააფიქსირეს, რომ კოლეგებს/ანუ ადამიანებს, დაახლოებით 65%-იანი წილი აქვთ სამუშაო სტრესის შექმნაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ადამიანები ქმნიან გარემოს, განწყობას, ემოციებს, შთაბეჭდილებებს, განცდებს. და როგორი იქნება გარემო, ხშირად უფრო ისევ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვიდრე სისტემების, პროცედურების და პროტოკოლების ქონაარ ქონაზე. სისტემების მნიშვნელობის დაკნინება არ მინდა გამომივიდეს, უფრო პიროვნების გავლენა მინდა წარმოვაჩინო სამუშაოს სტრესზე. თუ ჩავიკითხავთ ბოლომდე სიას, აუცილებლად ვიპოვით ჩვენს თავს რომელიმე სტრიქონში.

რამდენად ყოფილა შემთხვევა:

  • როცა არასწორი ფორმა შეგვირჩევია საუბრისას, თუნდაც შინაარსი სრულად სამართლიანი ყოფილიყო, გაგვინაწყენებია მეორე მხარე;
  • ან როცა დაგვზარებია დაგვენახა სხვების გაწეული ძალისხმევა, მისი კარგი მხარეები და გამოგვეხატა მადლიერება;
  • ან როცა გამოგვიჩენია გულგრილობა და მარტივად მოგვიშორებია მეორე მხარე, „ეს ვერ გამოვა“, „ეს ვერ მოესწრება“, „ვერ გაკეთდება“;
  • ან როცა საკუთარი ამბიციები უფრო ღირებული ყოფილა, ვიდრე გუნდის იდეების მიღება და გაზიარება და ამით საერთო საქმე დაგვიზარალებია
  •  ან როცა დახმარება დაგვიკლია, მათზე, ვისაც დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ;
  •  ან როცა დაგვზარებია ამოცანები მკაფიოდ, ცხადად დაგვესვა და სხვებისთვის არარეალური მიზნები დაგვისახავს;
  •  ან როცა არ მოგვისმენია, არ დაგვითმია, არ მოგვითმენია, რაც საერთო საქმეს და მიზანს წაადგებოდა;
  • ან როცა სათანადო დრო ჩვენი დაგეგმილი ცვლილებების ახსნისთვის არ დაგვიხარჯავს, ანუ აგვეხსნა მათთვის, ვისთვისაც ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია – შესაბამისად ინფორმაცია არასრულად მიუღიათ.
  •  ან როცა სხვების თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეგვიზღუდავს, მათ შორის ტურნიკეტებზე გასვლა-შემოსვლა გვიკონტროლებია;
  • ან როცა უსამართლო გადაწყვეტილებები მიგვიღია, არათანაბარ პირობებში ჩაგვიყენებია ადამიანები, როცა გვყოლია ფავორიტები;
  • ან როცა დაგვიკლია მონდომება საქმის არა უბრალოდ ნორმალურად, არამედ საუკეთესოდ გაკეთებისთვის, ასე რომ ვთქვათ „მარტივად გამოვმძვრალვართ“;
  • ან როცა მხოლოდ უარყოფითზე გვილაპარაკია და ყველაფერი ზედმეტად მუქ ფერებში დაგვიხატავს;
  • ან როცა სხვების დახმარება დროის კარგვად მიგვიჩნევია;
  • ან როცა გვიჭორავია ერთმანეთზე ზურგს უკან, ინფორმაციები დამახინჯებულად და არასრულად გაგვივრცელებია;
  • ან როცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის და მოპოვებული ძალაუფლების გამო, სხვების ინიციატივები დაგვიხშია;
  • ან როცა ჩვენი თანაგუნდელის წარმატება არ აღგვინიშნავს და არ დაგვიფასებია;
  • ან როცა არ გვიპატიებია, „ცხვირი-ჩამოგვიშვია“, ეს განწყობა სხვებისთვისაც გადაგვიდია;
  • ანდაც, როცა უბრალოდ იუმორის გრძნობა დაგვიკარგავს, ან არ გვქონია.

და კიდევ შეიძლება დამატება, მაგრამ ესეც საკმარისია ავხსნათ, რომ სტრესი სამუშაოზე ჩემ, შენ და მის მიერ იქმნება და გავლენა ამ სტრესის შემცირებაზე იმაზე მეტად არის დამოკიდებული ჩვენზე, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია და ვიდრე ამას პირველ პირებს ანდა ორგანიზაციულ კულტურას ვაბრალებთ. უმჯობესია ითქვას, რომ სტრესზე პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა ავიღოთ.

არადა არსებობენ ადამიანები, რომელთანაც მუშაობა ერთი სიამოვნებაა, რომელთა გამოც სამუშაო სხვა ხალისს, აზრს და ელფერს იძენს. არა, ისინი ანგელოზები არ არიან, მაგრამ ისინი განსაკუთრებულები, გამორჩეულები რამდენიმე მახასიათებლით არიან. არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან აფასებს, თუ როგორი ადამიანები არიან გამორჩეულნი და დაფასებულნი სხვების მიერ. და კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს დამსაქმებელს დასაქმებულისგან, ამ კითხვასაც სცემს პასუხს:

  • ამ ადამიანებს კარგად აქვთ გააზრებული საქმის მნიშვნელობა, რასაც ემსახურებიან და საქმის სიყვარული ჩანს მათ თითოეულ ქმედებაში.
  • იციან დაფასება და მადლიერება. ამას ნამდვილად ცოდნა სჭირდება. ადვილად პოულობენ კარგს საქმეში და ადამიანებში, აღიარებენ ხმამაღლა და სხვებსაც უზიარებენ
  • არიან დაუზარლები: ენერგია, სისწრაფე, შრომისმოყვარეობა და პროაქტიულობა მათი გამორჩეული ნიშანია.
  • მათთან ყოფნა განვითარებაზე ორიენტირებულს გვხვდის და „გვაიძულებს“ უფრო პროფესიონალები გავხდეთ, იმიტომ, რომ ამის საუკეთესო მაგალითს სწორედ ისინი გვაძლევენ.
  • არიან კეთილსინდისიერები. (ისე, უცნაურია, მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს გაცვითეს პატიოსნების მნიშვნელობა და პროვინციულ ღირებულებად აქციეს.)
  • არ ეზარებათ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სხვების მდგომარეობაში შესვლა და პოზიტიური განცდების დატოვება, უყვართ დახმარება.
  • მათ სამუშაო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იუმორს და ხუმრობას, რაც რთულ ამოცანებზე, ანდა რუტინულ საქმეებზე მუშაობასაც უფრო სახალისოს და სასიამოვნოს ხდის.
  • არიან თავისუფლები და სხვებსაც თავისუფალ გარემოს უქმნიან.

ნუ მოსთხოვთ ასეთები იყვნენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი შემსრულებლები, თქვენი დამკვეთები და თქვენი ხელმძღვანელები. მოსთხოვეთ ეს საკუთარ თავს. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება, თუმცა ის ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ ერთმა ადამიანმა სასიამოვნო გახადოს სხვებისთვის, მინიმუმ, მასთან მუშაობა მაინც. იყოთ ასეთი, სულაც არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც რაიმე მისიური ღირებულების მატარებლები იყოთ, არა, უბრალოდ ეს უფრო რაციონალურია. იყოთ ასეთი ადამიანი, ნიშნავს იყოთ უფრო სასურველი ხელმძღვანელი, თანამშრომელი თუ პარტნიორი – რაც ნიშნავს იმას, რომ გარშემომყოფები უფრო გენდობიან და გაფასებენ.

და ხართ თქვენ ის ადამიანი, ვისთანაც მუშობა სიამოვნებაა?

ეთუნა მუნჯიშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა