in

როგორ დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ორგანიზაციული ტრანსფორმაციისას

გერი ჩეპმენის ცნობილი კონცეფცია „სიყვარულის ხუთი ენის“ შესახებ, მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის – ადამიანები სხვადასხვანაირად გამოხატავენ და აღიქვამენ სიყვარულს. ზუსტად ამავე პრინციპით, ორგანიზაციული ცვლილებების პროცესშიც ადამიანები სხვადასხვა „ენაზე“ საუბრობენ, რაც ხშირად გაუგებრობებისა და წინააღმდეგობის მიზეზი ხდება.

როგორ ვახდენთ ცვლილებების ინტერპრეტაციას

ცვლილების პროცესში ადამიანები სხვადასხვა ასპექტს ანიჭებენ უპირატესობას. ეს განსხვავებები განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ, ვუდგებით და ვართმევთ თავს ცვლილებებს.

„დიდი სურათის“ სიცხადე

ადრიენ მერი ბრაუნის სიტყვებით, „როგორებიც ვართ მცირე მასშტაბით, ისეთივე ვართ დიდ მასშტაბშიც“. ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დიდი სურათის სიცხადე, თავს მშვიდად გრძნობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ესმით ცვლილების ფართო კონტექსტი. ისინი ცდილობენ გაიგონ, როგორ უკავშირდება მიმდინარე ცვლილება უფრო ფართო სისტემებსა და პროცესებს, თავად როგორ მოერგებიან ამ ახალ რეალობას. ეს ადამიანები ხშირად იკვლევენ ცვლილების პოტენციურ სისტემურ შედეგებს, ეძებენ შესაფერის ცვლილებების მართვის მოდელებს და ათავსებენ მიმდინარე პროცესებს უფრო ფართო – პოლიტიკურ, საერთაშორისო თუ გარემოსდაცვით კონტექსტში.

პირადი უსაფრთხოება

შფოთვას იწვევს არა თავად ცვლილება, არამედ საფრთხის წინაშე უდაცველობის განცდა. ვისთვისაც „პირადი უსაფრთხოება“ პრიორიტეტულია, მუდმივად ფიქრობს როგორც საკუთარ, ისე სხვების კეთილდღეობაზე. ამ ტიპის ადამიანებისთვის მთავარი კითხვაა: „ცვლილების შემდეგ ვინ იქნება კარგად და ვინ – არა?“ ისინი ანალიზს უკეთებენ, როგორ აისახება ცვლილება მათ სამუშაო დატვირთვაზე, პოზიციაზე, კარიერულ მიზნებსა და დასაქმების შანსებზე. ამ ადამიანებს ურჩევნიათ ისეთი ცვლილებები, რომლებიც მინიმალურ პირად რისკს შეიცავს.

ღირებულებათა შესაბამისობა

მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა სჭირდება მსოფლიოს, არამედ რა გაცოცხლებთ თქვენ. ადამიანები, ვისთვისაც „ღირებულებათა შესაბამისობა“ მთავარია, ყველაზე მეტად მაშინ ერთვებიან ცვლილებაში, როდესაც ის მათ ღირებულებებს და რწმენებს შეესაბამება. მათთვის არსებითია ცვლილება ემსახურებოდეს ორგანიზაციის მისიას და საერთო მიზნებს. ისინი ხშირად იყენებენ ორგანიზაციის მისიასა და ხედვას, როგორც ათვლის წერტილს იმის შესაფასებლად, ღირს თუ არა კონკრეტული ცვლილების განხორციელება.

უწყვეტობის გრძნობა

პროგრესის ხელოვნება არის წესრიგის შენარჩუნება ცვლილებებში და ცვლილებების შენარჩუნება წესრიგში. ვისთვისაც „უწყვეტობის გრძნობა“ მნიშვნელოვანია, სტაბილურად გრძნობს თავს მხოლოდ მაშინ, როდესაც ცვლილება ნათლად უკავშირდება წარსულს. მათთვის არსებითია არა რადიკალური გადატვირთვა, არამედ არსებულ საფუძველზე მშენებლობა. მაგალითად, თუ ორგანიზაცია კლიენტებთან შეხვედრებს ფიზიკურიდან ვირტუალურ ფორმატში გადაიტანს, ამ ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს გარკვეული ელემენტები – იგივე გუნდის წევრები, ურთიერთობის სტილი ან პროცესის სტრუქტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კარგავენ ორიენტაციას და უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება.

ფრთხილი დროის შერჩევა

გამეორება თავად არის ცვლილების ფორმა. ადამიანები, ვისთვისაც „დროის ფრთხილი შერჩევა“ პრიორიტეტულია, თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც ცვლილება მიმდინარეობს ნდობისა და მზაობის ტემპით – არც ძალიან სწრაფად, არც ძალიან ნელა. მათთვის მნიშვნელოვანია დეტალური დროითი გეგმა, ეტაპებად დაყოფილი პროცესი, სადაც თითოეულ ფაზაზე აქვთ საკმარისი დრო ადაპტაციისთვის, შეცდომების დაშვებისთვის და სწავლისთვის. სწრაფი, მასშტაბური რეორგანიზაციები მათთვის ნამდვილი პროფესიული კოშმარია.

ზრდა

მაია ანჯელოუს სიტყვებით, ჩვენ ვტკბებით პეპლის სილამაზით, მაგრამ იშვიათად ვაღიარებთ ცვლილებებს, რომლებიც მან გაიარა ამ სილამაზის მისაღწევად. ადამიანები მედეგად გრძნობენ თავს, როდესაც ცვლილების პროცესში მათი პროგრესი აღიარებულია, ისინი იღებენ კეთილგანწყობილ უკუკავშირს, ხოლო ტრანსფორმაცია სასიხარულო პროცესია. მათთვის ცვლილება არ უნდა იყოს მხოლოდ მოვალეობა ან დავალება, არამედ შემოქმედებითი და დამაკმაყოფილებელი გამოცდილება. ისინი ეძებენ ნიშნებს, რომლებიც ადასტურებს პროგრესს და უპირატესობას ანიჭებენ ისეთ დავალებებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებთ. როდესაც ცვლილებას აკლია შემოქმედებითობა და სიხარული, ისინი მკვეთრად კარგავენ მოტივაციას.

ცვლილების ენის ცოდნა და გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროექტის მართვას, ლიდერობის განვითარებასა და კონფლიქტების მოგვარებას. ამ მოდელის მეშვეობით ადამიანები ცვლილებებს უფრო ურთიერთობაზე დაფუძნებული გზით უდგებიან – არა იზოლირებულად, ღირსების დაკარგვით ან დაბნეულობით. იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ადამიანები ცვლილების სხვადასხვა ასპექტს ანიჭებენ უპირატესობას, შეგვიძლია ეს განსხვავებები სიცხადით მივიღოთ. ეს ზრდის ჩვენს შანსებს, მივაღწიოთ უფრო მყარ, ღირებულებებთან თანხვედრაში მყოფ და საბოლოოდ უფრო კმაყოფილ მდგომარეობას, ვიდრე ის, საიდანაც დავიწყეთ.

წყარო: Fastcompany

PSP is the Market Leader in Georgia’s Pharmacy Sector

შესაძლოა, ფიზიკური აქტივობა მკერდის კიბოსთან ბრძოლაში დაგეხმაროთ — ექსპერიმენტი