in

როგორ გავაუმჯობესოთ კონცენტრაციის უნარი და ვიპოვოთ მოტივაცია?

M2
M2

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ცვლილების ეპიცენტრში მოვხვდით, რომელთაგან მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირად მასშტაბური „დისტანციურ რეჟიმზე“ გადასვლა იყო. ამ ყველაფრის ფონზე კი კონცენტრაციის თუ მოტივაციის შენარჩუნება არც ისე ადვილია — მით უმეტეს, ბევრმა თანმდევმა სტრესფაქტორმა იჩინა თავი. ამის დასარეგულირებლად კი, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ კონცენტრაციის 4 განსხვავებული ტიპი არსებობს: სტეფანი ვოზამ, კარიერასა და განვითარებაზე ფოკუსირებულმა მწერალმა, გასულ წელს ყურადღების რამდენიმე ტიპი შეისწავლა. ასე მივიდა დასკვნამდე, რომ სხვადასხვა ამოცანისა და გარემოების მიხედვით, კონცენტრაციის განსხვავებულ ტიპს ვიყენებთ.

მაგალითად, „ფოკუსირებული ყურადღება“ საუკეთესო სახეობად სახელდება — ისეთი, რომლის იმედიც ყველას გვაქვს. ამ დროს განსაკუთრებით იგრძნობა მოტივაცია და კრეატიულობა, თუმცა მისი შენარჩუნება ბევრი შემეცნებითი რესურსის გახარჯვას მოითხოვს. შესაბამისად, ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვერ ვიქნებით.

ამას მოსდევს ყურადღების მიქცევა, რაც მთლიან ჩართულობას გულისხმობს, მაგრამ მოტივაციას ვერ ვგრძნობთ. ეს უფრო მექანიკური და რუტინულია — თითქოს, საშინაო დავალებას ვასრულებთ.

რაც შეეხება დანარჩენი ორი სახის ყურადღებას, მათი თავიდან აცილება ნამდვილად უნდა გვინდოდეს. მათ შორისაა მოწყენილობა, როცა არც დაკავებული ვართ და არც მოტივირებული; ასევე, იმედგაცრუება — დაკავებული არ ვართ, მაგრამ დიდი მოტივაცია გვაქვს. ორივე შემთხვევაში სიმძიმის განცდა ძალიან მძაფრია, რადგან პროგრესს არ განვიცდით და არ ვიცით, როგორ უნდა წავიდეთ წინ.

როგორ შევქმნათ დღის სწორი რუტინა?

ნებისმიერ ადამიანს განსხვავებული „დროის ფანჯრები“ აქვს პროდუქტიულობასთან მიმართებით. იმის ნაცვლად, რომ ბუნებრივ ჩვევებს ებრძოლოთ, შეგიძლიათ მათზე მორგებით მაქსიმალურად გაზარდოთ პროდუქტიულობის დონე. მაგალითად, შეიძლება დილაობით უკეთ შეგეძლოთ საქმის კეთება ან ღამის ადამიანი იყოთ… სწორედ ამის მიხედვით უნდა გადაანაწილოთ შესასრულებელი მოვალეობებიც.

ფოკუსის ფორმირების ჩვევები

ზოგჯერ სამუშაო გარემოში მცირე ცვლილებების შეტანასაც შეუძლია ფოკუსირების გაუმჯობესება და ყურადღების დიაპაზონის გაზრდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ე. წ. „პომოდოროს ტექნიკა“: დააყენეთ ტაიმერი 20-წუთიანი მუშაობისთვის, როცა სხვა რაღაცებზე ყურადღების გაფანტვა არ შეგეძლებათ — მაგალითად, შეტყობინებების თუ სოციალური ქსელების შემოწმება.

ასევე, დადასტურებულია, რომ სახლშიც კი „სამუშაო ტანსაცმლის“ ჩაცმა, ბუნებრივ შუქთან ახლოს მუშაობა და ფონური მუსიკის მოსმენაც უწყობს ხელს ფოკუსირებას.

როგორ ვიპოვოთ მოტივაცია სამსახურში?

თუ იდეალური სამუშაო დღის სტრუქტურა და გარემო გაქვთ, მაგრამ მაინც არ ხართ მოტივირებული, შეიძლება, აზროვნების გადაფასება იყოს საჭირო. პირველი ნაბიჯი ე. წ. სირცხვილის ციკლის აღმოფხვრაა, რომ თითქოს საკმარისად კარგად არ აკეთებთ რაიმეს ან შეუმჩნეველი ხართ. პირიქით, სათანადოდ უნდა ისწავლოთ თითოეული ქმედების დაფასება.

გარდა ამისა, უნდა დაივიწყოთ იმაზე დარდი, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ. საკუთარ თავს ნურც შინაგანი ნეგატიური მონოლოგების მსხვერპლად აქცევთ.

Instagram მომხმარებლებთან ურთიერთქმედებას ბრენდის იდენტობად აქცევს

შეგვიძლია თუ არა გავაქართულოთ „ინფლუენსერი”, „ბრეინშტორმინგი” და სხვა სიტყვები? – ინტერვიუ ენის სპეციალისტთან