in

დამატებითი კომფორტი თუ აუცილებელი საჭიროება? – მანქანის გაგრილების სისტემების ისტორია

დღეს კონდიციონერი თითქმის ყველა მანქანაში სტანდარტია და ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საავტომობილო მოძრაობის პირველ დღეებში მანქანები ძირითადად ღია კორპუსისა იყო, ამიტომ მწარმოებლები თვლიდნენ, რომ სპეციალური მოწყობილობები აღარ სჭირდებოდათ. თანდათანობით, დახურულ მანქანებზე გადასვლის შემდეგ გამომგონებლებმა დაიწყეს გაგრილების სისტემის შემუშავების საუკეთესო გზების ძიება. 

კონდიცირების პირველი ნიმუში

1939 წელს Packard გახდა ავტომობილების პირველი მწარმოებელი, რომელმაც შესთავაზა საზოგადოებას კონდიცირების განყოფილება თავის მანქანებში. მისი დამამზადებლები იყვნენ ბიშოპი და ბაბკოკი, კლივლენდიდან. პირველი კონდიციონერების 2000 ნიმუში გაიყიდა. აღსანიშნავია მისი ფასი, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი იყო – $274. 

ეს კონდიციონერები უკან, საბარგულთან მაგრდებოდა და მანქანებს კი არ მოჰყვებოდა, არამედ ცალკე უნდა შეეძინათ და დაეინსტალირებინათ ავტომობილში.

მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ამხელა თანხის გადახდა არავის აღარ შეეძლო, ამიტომ დროებით კონდიციონერები დავიწყებას მიეცა.

ომის შემდგომი მოთხოვნა

1947 წლისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დამოუკიდებელმა მწარმოებლებმა დაიწყეს  კონდიცირების მოწყობილობების დაყენება ყველა მარკის მანქანაში. ვარიანტები, რომლებსაც ისინი სთავაზობდნენ, დიდად არ განსხვავდებოდა Packard-ის ვერსიისგან. ამ ახალ კონდიციონერებს, როგორც წესი, მაღალი ფასი ჰქონდა, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი იაფ ვარიანტებსაც იგონებდა, რომლებსაც swamp cooler-ს უწოდებდნენ. ის საკმაოდ პოპულარული გახდა, განსაკუთრებით დაბალი ტენიანობის მქონე ადგილებში. ეს პროდუქტი უერთდებოდა მანქანის ელექტრო სანთებელას და წყალზე მუშაობდა.

კონდიციონერი, როგორც პოპულარული პროდუქტი

1950-იან წლებში რამდენიმე მწარმოებელმა დაიწყო კონდიციონერის მანქანებში ჩაყენება და მომხმარებლისთვის ამ ფორმით შეთავაზება. 1953 წელს General Motors-ის ავტომობილებმა დაიწყეს Frigidaire-ის მიერ წარმოებული კონდიცირების სისტემების დაყენება პრაქტიკულად ყველა მათი მანქანის მოდელში. 1954 წელს Pontiac და Nash პირველი ორი კომპანია გახდნენ, რომლებმაც თავიანთი კონდიციონერი მანქანის წინა ნაწილში მოათავსეს და არა უკანა მხარეს.

Nash-ის მიერ შემუშავებული სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც “All-Weather Eye”, აერთიანებს როგორც გამათბობელს, ასევე კონდიციონერს ერთ სისტემაში. ამან ახალი სტანდარტი დაადგინა, რომელსაც მწარმოებლების უმეტესობა დღემდე იცავს. 1950 წლის შუა პერიოდისთვის, კიდევ შვიდმა ავტომწარმოებელმა დაასახელა კონდიციონერი თავის მანქანებში, როგორც შემოთავაზებული ვარიანტი.

1961-1964 წლებში მანქანებში დაყენებული კონდიციონერების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა მისი მზარდი პოპულარობის გამო. 1964 წელს ასევე დაინერგა Cadillacs-ის კომფორტის კონტროლის სისტემა. პირველად, მძღოლებს შეეძლოთ შეეყვანათ სასურველი ტემპერატურა და სისტემა ავტომატურად მორგებოდა მანქანის შიდა ნაწილს.

1968 წელს AMC Ambassador გახდა პირველი მანქანა, რომელიც შეიცავდა კონდიციონერს, როგორც სტანდარტულ აღჭურვილობას და არა დამატებულ ვარიანტს. ეს გასაოცარი იყო 60-იან წლებში, რადგან ისეთი კომპანიებიც კი, როგორებიც Chevy, Ford, Plymouth, Cadillac და Lincoln არიან, მხოლოდ დამატებით ფასად სთავაზობდნენ კონდიცირებას.

კონდიცირება და გარემო

1970-იანებმა გამოიწვია დებატები კონდიცირების გარემოზე ზემოქმედების შესახებ. დებატები ფოკუსირებული იყო კონკრეტულ ნაერთზე, რომელიც გამოიყენება საავტომობილო კონდიციონერებში.

შედეგად, 80-იან წლებში კონდიციონერის მასალების შეიცვალა. მანამდე გამოყენებული R12, რომელიც საშინელ გავლენას ახდენდა ოზონის შრეზე, R134a მაცივრით შეიცვალა. ამან ხელი შეუწყო, რომ მწარმოებლებს მეტ ინოვაციაზე ეფიქრათ.

R12-ის აკრძალვამ გამოიწვია ყველა მომავალი საავტომობილო კონდიცირების სისტემის ცვლა R134a მაცივრის გამოყენებაზე. საბედნიეროდ, ავტომწარმოებლების უმეტესობამ უკვე მიიღო ეს ცვლილება აკრძალვამდე მრავალი წლით ადრე, რაც მათ საშუალებას აძლევდა განეგრძოთ თავიანთი პროდუქციის განვითარება.

კონდიცირება დღეს 

კონდიცირების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დებატები ჯერ კიდევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ იყო მსჯელობა პოტენციური ახალი გამაგრილებლების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალში, ბოლო ორი ათწლეულია ისინი უცვლელი დარჩა.

დღეს R-1234yf-მ დაიწყო R-134a-ს ჩანაცვლება. R-1234yf-ს აქვს გაგრილების საუკეთესო თვისებები და მინიმალური გავლენა გარემოზე. 

როგორ მუშაობს თქვენი მანქანის კონდიციონერი

პირველი რაც უნდა გვესმოდეს მანქანის AC-ის შესახებ არის ის, რომ მანქანის AC სისტემა არ უბერავს პირდაპირ ცივ ჰაერს. მანქანის კონდიცირების სისტემის ძირითადი კომპონენტებია: მაცივარი, გამაგრილებელი საწვავი, რომელიც ცნობილია როგორც ფრეონი, კომპრესორი და კონდენსატორი.

პირველ წლებში კონდიციონერი ფუფუნების საგნად განიხილებოდა, თუმცა დღეისათვის ის ჩვეულებრივი მოვლენაა ავტომობილებში და მის გარეშე მანქანა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ირგვლივ კლიმატის ცვლილებას, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს და ბევრ სხვა მიზეზს, კომფორტული მართვისთვის ყოველთვის მიზანშეწონილია, გყავდეს AC მანქანა. ის ხელს უშლის დეჰიდრატაციას, ინარჩუნებს ჰაერის ხარისხს მანქანის სალონში, ფილტრავს ტენიანობას და ალერგიულ ელემენტებს ჰაერიდან, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

#მევქმნიალიანსს – გამოწვევების კვალდაკვალ. გიორგი პაპუნაიშვილის გზა „ალიანს ჯგუფამდე“

Citroën-ის ახალი მოდელი ეკოლოგიურად სუფთა მომავლისთვის შეიქმნა