ხშირად სიამოვნებით ვაკეთებთ იმას, რაც სამსახურის აღწერილობაში წერია და იმასაც, რასაც მენეჯერები ჩვენგან მოელიან. მეორე მხრივ, ხელფასსაც ვიღებთ და ვცხოვრობთ ცხოვრებით, რომელიც მოცემულ ეტაპზე სწორად მიგვაჩნია. თითქოს, სრულ კომფორტში ვართ, მაგრამ ერთ დღესაც კომპანიაში მოდის ახალი თანამშრომელი, რომელსაც მენეჯერი მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. მიზეზი მარტივია: ის უფრო მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისა და მეტი ცოდნის მქონედ მიაჩნია.
ამ დროს ჩვენი კმაყოფილება და უსაფრთხოების გრძნობა სრულად იმსხვრევა. ვღელავთ, რომ აღარ დაგვაწინაურებენ. „კონკურენტი“ კი ისე წაგვართმევს ნებისმიერ შანსს, შეიძლება წასვლაც კი მოგვიწიოს. მოკლედ, ყველა სახის ნეგატიური აზრი გვატყდება თავს.
მსგავსი მოცემულობის თავიდან ასაცილებლად, საკუთარ თავთან ვიწყებთ საუბარს. ასე ვცდილობთ იმის აღმოჩენას, რა უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები აქვთ სხვებს, რაც ჩვენ გვაკლია. შესაბამისად, სათანადო კურსების გავლას ვიწყებთ, ვიღებთ სერტიფიკატებს და ვცდილობთ, კვალიფიკაცია საგრძნობლად ავიმაღლოთ. უბრალოდ, იმის ნაცვლად, რომ ამან დაგვამშვიდოს, პირიქით, შფოთვა თუ ნეგატიური ფიქრები იმატებს.
საქმე ისაა, რომ სანამ ყოველდღიური საქმიანობით ხართ დაკავებული და შესაბამის კომპენსაციასაც იღებთ, რაიმე ახლის სწავლა თუ უნარების განვითარება გავიწყდებათ. ამის თავიდან ასაცილებლად კი, აუცილებლად უნდა დაიწყოთ განვითარება — ანუ მეტი დრო დაუთმოთ პროფესიულ განვითარებას, სწორად მიმართოთ ძალისხმევა და რესურსები პროგრესისკენ.
როცა ამ გზას დაადგებით, პიროვნულ ზრდას დაიწყებთ — უკეთაც გაარკვევთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა მათ გაუმჯობესებაზეც იზრუნებთ. ავტომატურად, ახალი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების შეძენისას, თქვენი თავდაჯერებულობაც იზრდება. შესაბამისად, უკეთეს გადაწყვეტილებებსაც იღებთ და ახალ გამოწვევებსაც თამამად ხვდებით.
უწყვეტი სწავლა და უნარების განვითარება კარიერულ პერსპექტივებსაც ზრდის. ამან შეიძლება დამსაქმებლებისთვის უფრო ღირებულიც გაგხადოთ და ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდეთ. თქვენი პიროვნული უნარებისა და აზროვნების განვითარებამ შეიძლება უფრო გამძლეც გახადოთ გამოწვევების წინაშე. ასე ვთქვათ, მეტი მზაობა გექნებათ გამოწვევებისა და წარუმატებლობისთვის.
საბოლოო ჯამში, საკუთარ თავში ინვესტირებამ შეიძლება უფრო ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება მოგცეთ. როდესაც მუდმივად იზრდებით და მიჰყვებით ინტერესებს, უფრო მეტ სიამოვნებასა და სიხარულს განიცდით.