in

რას გვეუბნება კონკურენტი კომპანიის ვაკანსიების ანალიზი მის სტრატეგიაზე

ორგანიზაციების უმრავლესობა უზარმაზარ რესურსს ხარჯავს იმის საპოვნელად, თუ რას გეგმავენ კონკურენტები. ისინი სწავლობენ ფინანსურ ანგარიშგებებს, ადევნებენ თვალს პრესრელიზებს, უკვეთავენ ბაზრის კვლევებს და გამოკითხავენ მომხმარებლებს. თუმცა, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება სტრატეგიული განზრახვის ყველაზე მკაფიო და ხელმისაწვდომი წყარო, როგორიცაა ვაკანსიები, რომელთა შევსებასაც კონკურენტები ცდილობენ.

მაგალითად განვიხილოთ Amazon-ის ქეისი. 2019 წელს, კომპანიამ სატელიტური ინჟინერიისა და ტექნიკური მიმართულებით, თანამშრომლების ძიება დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ოფიციალურად გამოაცხადა Project Kuiper-ის შესახებ, რომელიც გლობალური სატელიტური ინტერნეტქსელის შექმნას ისახავდა მიზნად. მსგავსი შემთხვევა ჰქონდა Apple-საც 2018 წლის დასაწყისში. კომპანიამ დიზაინის მიმართულებით ვაკანსიები თითქმის გააორმაგა და დაიწყო მოძრაობის მკვლევრებისა თუ ოპტიკური ინჟინრების ძიება. კომპანიას ჯერ არაფერი ჰქონდა დაანონსებული, თუმცა ვაკანსიები მიუთითებდა ინვესტიციებზე გაფართოებული რეალობისა და პორტატული ტექნოლოგიების მიმართულებით. ორივე შემთხვევაში, ყველაზე მეტად ბაზრის არსებული მოთამაშეები დაზარალდნენ. Amazon-ის შესვლამ სატელიტურ ინტერნეტში იგი პირდაპირ შეაჯახა ისეთ ოპერატორებს, როგორებიცაა Viasat, HughesNet და SpaceX-ის Starlink. Apple-ის მიერ გაფართოებული რეალობის შესაძლებლობების განვითარებამ კი ისეთ ტერიტორიაზე შეიყვანა ბრენდი, სადაც Meta, Microsoft და Magic Leap წლებია პოზიციების დამკვიდრებას ცდილობდნენ. ამ კომპანიებისთვის ოფიციალური განცხადებები მოულოდნელობად იქცა, თუმცა დასაქმების სიგნალები ბაზარზე თვეების განმავლობაში გროვდებოდა.

კონკურენტული დაზვერვის სუსტი წერტილი

უკვე მრავალჯერ ნაცადი წყაროები მენეჯერებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გააკეთეს კონკურენტებმა, თუმცა ნაკლებად ეფექტურია იმის განსაჭვრეტად, თუ რისთვის ემზადებიან ისინი. დასაქმების მონაცემები ავსებს ამ ხარვეზს, რადგან იგი ასახავს რესურსების განაწილებას უშუალოდ პროცესში. კომპანია, რომელიც მანქანური სწავლების ინჟინრებს ეძებს, სულ სხვა მომავალს გეგმავს, ვიდრე ის, რომელიც გაყიდვების წარმომადგენლებს აყვანს. ახალ ქვეყანაში მარეგულირებელ საკითხთა ექსპერტების დაქირავება შესაძლოა ბაზარზე შესვლისთვის მზადებას ნიშნავდეს, ხოლო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვაკანსიების ზრდა – ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს.

ვაკანსიები იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლებიც კონკრეტული ბიზნესპრობლემის გადასაჭრელად იქმნება.

ვაკანსიების ანალიტიკა

კონკურენტის დასაქმების მიმართულება აჩვენებს, თუ საით მიმართავს ბიზნესი მომავალ რესურსებს. სამმა სხვადასხვა კომპანიამ შესაძლოა ერთდროულად დაიწყოს მარკეტინგის სპეციალისტების ძიება, თუმცა დეტალები სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა. ერთი შესაძლოა ეძებდეს ეფექტიანი მარკეტინგის ექსპერტებს, რაც აგრესიულ ზრდაზე მიუთითებს, მეორე – ბრენდის სტრატეგებს, რაც პრემიუმ დიფერენციაციაზე მეტყველებს, ხოლო მესამე – ანალიტიკოსებს, რაც მოგებიანობასა და ეფექტიანობაზე აქცენტს ნიშნავს.

ამას გარდა, კონკურენტები გაფართოების განზრახვას ხშირად კონკრეტულ ლოკაციებზე თანამშრომლის ძიებით ავლენენ. ოპერაციების დაწყებამდე მათ ადგილობრივი ტალანტები სჭირდებათ. გაყიდვების პოზიციები მიუთითებს არსებული პროდუქტით ახალ ბაზარზე შესვლაზე, ლოგისტიკური როლები – ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, ხოლო მენეჯერული პოზიციები – რეგიონული შტაბ-ბინის გახსნაზე.

და მესამე – უნდა დააკვირდეთ, რით განსხვავდება მიმდინარე აქტივობა დამკვიდრებული შაბლონებისგან. თუ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ლაბორატორიულ კვლევებზე იყო ორიენტირებული, უეცრად აჩქარებს მონაცემთა მეცნიერების აყვანას, ეს შესაძლოა ციფრული მედიკამენტების აღმოჩენისკენ სტრატეგიულ ცვლილებას ნიშნავდეს.

ვაკანსიების მონაცემების შეგროვება ფართო წყაროებიდან უნდა დაიწყოს, მათ შორის კარიერული გვერდებიდან, LinkedIn-იდან და სპეციალიზებული პლატფორმებიდან. დროთა განმავლობაში დინამიკის მეთვალყურეობა გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ცალკეული დაკვირვებები.

შეზღუდვების გათვალისწინება

ისევე როგორც ნებისმიერ წყაროს, ვაკანსიების მონაცემებსაც აქვს შეზღუდვები. ერთ-ერთი გამოწვევაა ფიქტიური ვაკანსიები, ანუ პოზიციები, რომლებიც დაუყოვნებლივი აყვანის გარეშე ქვეყნდება, რეზერვის შესაქმნელად ან ბაზრის შესამოწმებლად. ამიტომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთო ტენდენციებზე და არა ცალკეულ განცხადებებზე.

კომპანიებმა შესაძლოა კრიტიკული როლები შიდა ტალანტით შეავსონ ან გამოიყენონ სააგენტოები, რომლებიც საჯარო მონაცემებში არ ჩანს. მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები არ აუქმებს დასაქმების ანალიტიკის ღირებულებას, არამედ მოითხოვს მონაცემთა გააზრებულ ინტერპრეტაციას. პირველადი ინფორმირებულობა ქმნის სტრატეგიულ უპირატესობას და კომპანიებს აძლევს დროს, რათა მოემზადონ ბაზრის ცვლილებებისთვის.

წყარო: HBR



ყოველ ჯერზე – Roamingo

ღია სცენა „თაკარა“ და სუხიშვილების ახალი დადგმა „რეკონსტრუქცია”, როგორც არ გაჩერების მუდმივი მოძრაობა