პიქსელი, რაიულა, რისტრა, დარა 1981, გაკრული, ძენ, მელენსა, ჯუბო, კოხტა, ტაო, გილ სანს ჯორჯიან, იმერი, ლაზი – ეს იმ 13 გამარჯვებული შრიფტის სახელწოდებებია, რომლებიც შრიფტების კონკურს „ქართული ა“-ს ფარგლებში შეიქმნა და შემდეგ Geo Lab-ში გაციფრულდა. ფონტების გადმოწერა შესაძლებელია ყველა მსურველისთვის ბმულიდან – წერექართულად.com. ფონტების გამოყენება კი, შესაძლებელია Window-ის ოპერაციულ სისტემასა და iOS-ზეც. პროექტის ინიციატორი ზვიად ციკოლიაა, ხოლო მხარდამჭერები – პროექტი #წერექართულად და „თიბისი ბანკი“. კონკურსი ქართული მემკვიდრეობისა და იდენტობის მთავარი ატრიბუტის – დამწერლობის – შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. „ქართული ა-ს“, როგორც ინიციატივის საერთო შედეგების შეფასებებზე, კონკურსის მნიშვნელობასა და მის როლზე ქართული დამწერლობისთვის, მარკეტერს ესაუბრა თიბისი ბანკის ციფრული მარკეტინგის უფროსი მენეჯერი – ტატო ნორაკიძე:
M: ტატო, რა შედეგზე იყავით ორიენტირებული კონკურსით „ქართული ა“ და თქვენი შეფასებით, გაამართლა, თუ არა ინიციატივამ და რას ეყრდნობით შეფასებისას?
ვიცოდით, რომ პროექტი პოპულარული გახდებოდა, თუმცა ამ მასშტაბის ჩართულობას არ ველოდით. პროექტს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ დაახლოებით, 70-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ატვირთა საკუთარი ნამუშევარი საიტზე ქართულია.com და Georgiana.ge. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით კი, დაახლოებით, 200-ჯერ არის ფონტები ჩამოწერილი.
M: Geo Lab-ში განხორციელებულ ფონტების ინჟინერიის კურსზეც მოგვიყევით, რატომ გახდა საჭირო, პროექტის ფარგლებში, ამ კურსის დამატება?
როდესაც ინიციატივა #წერექართულად დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ პრობლემა იყო ძალიან ბევრი მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთ პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა ფონტების ინჟინერიის შესწავლის შესაძლებლობა. აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიას ფლობდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი საქართველოში და სრულყოფილად შრიფტზე მუშაობა მხოლოდ მათ იცოდნენ. ამან გვიბიძგა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსი „ჯეოლაბში“, სადაც 40-მდე ადამიანმა, სრულიად უსასყიდლოდ, ფაქტობრივად, ახალი პროფესია შეისწავლა. საბოლოოდ, ამ ადამიანების მიერ მოხდა გამარჯვებული ფონტების გაციფრულება. M: „კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“ – რას გულისხმობს ქართული დამწერლობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოპულარიზება, რა როლი აქვს კონკურსს, ამ შემთხვევაში?
პირველ რიგში, ეს პროექტი არის ქართულ საზოგადოებაში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციის პროექტი; ქართული ენის, ზოგადად, როგორც ფასეულობის, დაცვისა და შენარჩუნებისკენ მიმართული პროექტი. ყველამ ვიცით, რომ ტექნოლოგიებს, სმარტფონებს, ინტერნეტს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ცხოვრებაში და ქართულმა დამწერლობამ ამ ტენდენციას მხარი უნდა აუბას. ის უნდა იყოს ადაპტირებული ყველა ტექნოლოგიაში, უნდა იყოს მოქნილი და მარტივად გამოყენებადი. ვფიქრობ, #წერექართულად განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელი წამოწყება იყო ახალი თაობისთვის, რადგან ისინი ახალი ტექნოლოგიების ყოველწუთიერი მომხმარებლები არიან. ვფიქრობ, რომ მოვახერხეთ ლათინური შრიფტით წერა ცუდ ტონად გვექცია და ეს პროქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. საერთაშორისო დონეზე, ჩვენი წამოწყება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქართული ენისა და სიტყვათა მარაგის გამდიდრებას ემსახურება საერთაშორისო სათარგმნ პლატფორმებში, რომლის საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს თარგმანების ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ. #წერექართულად არის პროექტი, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და რომელმაც ბევრი სასარგებლო ინიციატივა გააერთიანა – მათ შორის, სკოლებში ქართულად წერისა და აზროვნების ხელშეწყობის პროექტი, ფონტების ინჟინერიის პროფესიის შესასწავლი კურსები, ფონტების კონკურსი, ლექსიკონების გაციფრულება და ა.შ. ჩვენი პროექტის ასეთი წარმატება დაემთხვა, სხვათაშორის, იმას, რომ შარშან UNESCO-მ ქართული ანბანი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.
M: კონკურსი ერთჯერადად ჩატარდა, თუ ექნება გაგრძელება, როდის და რა მიმართულებით?
კონკურსს აუცილებლად გავაგრძელებთ. ვფიქრობთ, რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. ამასთან, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ქართული ენის, დამწერლობის პოპულარიზაციის საქმე წამოვიწყეთ და რა თქმა უნდა, ჩვენს თავზე აღებულ ამ მისიას არც მომავალში მივატოვებთ.