#იცოდეშენიუფლებები #იყავიდაცული – ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ის ჩვენთან მესამე წელია, ყოველ 15 მარტს აღინიშნება, მსოფლიო მასშტაბით კი, მას 1983 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ტარდება კვირეული, რომლის ფარგლებშიც, კრედო ბანკის, ბაზის ბანკისა და ემბისის მხარდაჭერით, გამოცხადდა კონკურსი ვიდეოს კატეგორიაში. თუ მოკლე ვიდეოების გადაღებით თავს ხშირად ირთობთ, შეიძლება ამ თემამაც დაგაინტერესოთ, მით უმეტეს, რომ მას არა ერთი, არამედ სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან: 2000, 1000 და 500 ლარის ოდენობით. საკონკურსო მასალის მიღება 15 მარტს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია, გარდა თავად ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა. ის ღია ტიპის იქნება და საკონკურსო ნამუშევრები finedu.gov.ge-ზე გამოქვეყნდება. მონაწილეობისთვის საჭიროა, რომ უბრალოდ ჩაწეროთ და გადააგზავნოთ ვიდეო, რომელიც გამოცხადებულ თემატიკას უპასუხებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ოფიციალურ ბმულს გადახედოთ.
საჭიროა, თითოეული ადამიანი იცნობდეს, სად ირღვევა მისი უფლებები ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობისას და ვის უნდა მიმართოს ასეთ სიტუაციაში. ამიტომ კონკურსის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მომხმარებელთა უფლებებში უკეთ გარკვევაა.
[R]