HubSpot-ის თანახმად, მარკეტინგის ყველაზე დიდ გამოწვევებს იდეების გენერირება და ისეთი კონტენტის შექმნა წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების დიდ ყურადღებას დაიმსახურებს. უფრო მეტიც, Semrush-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 55%-ისთვის კონტენტის სტრატეგიის განვითარების ყველაზე სასარგებლო ტაქტიკა ხარისხის გაუმჯობესება იყო.
ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, შინაარსის განახლება შესანიშნავი გამოსავალი იყოს მრავალი მარკეტერისთვის, რათა SEO-ს პოპულარიზაციაში დაეხმაროს და ჩართულობა გაიზარდოს.
სტატიაში კი კონტენტის განახლებისთვის საჭირო გზებია მოცემული.
რა არის შინაარსის განახლება?
მარტივად რომ ვთქვათ, კონტენტის განახლება თქვენი მთელი შინაარსის საფუძვლიანი ანალიზი და შემდგომი რედაქტირებაა — მათ შორის ვებგვერდზე, ბლოგზე და ა. შ. ეს არის ძველი კონტენტის განახლების გზა, რომელიც უკვე არსებული იდეების უფრო ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
განაახლეთ თქვენი ბრენდი
ადამიანები ყოველთვის განაგრძობენ ძველი შინაარსის მოძიებას და თქვენი ბრენდის თვალყურის დევნებას, როცა საინტერესო არსს ინარჩუნებთ. მაგრამ თუ თქვენი ძველი კონტენტი ძალიან მოძველებულია, შესაძლოა, პოტენციურ კლიენტებზე არასწორი შთაბეჭდილება დატოვოთ. შინაარსის განახლებით შეგიძლიათ, ძველი კონტენტიც შეინარჩუნოთ და, ამავდროულად, გამუდმებით დაეწიოთ პროგრესს.
კონტენტის განახლებისას ახალი აღმოჩენები გამოიყენეთ
ანალოგიურად, ის ფაქტი, რომ კონტენტს ახალი აღმოჩენებით განაახლებთ, ძალიან კარგი იქნება თქვენი ბრენდისთვის. ძველი შინაარსი ღირებულ რესურსებს შეიცავს, რომელთა დაკავშირებაც ახალ კონტენტთან შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ გჭირდებათ არსებული რესურსების გადახალისება, გამიზნული ცვლილება.
შინაარსის შექმნისას დრო დაზოგეთ
ახალი კონტენტის შექმნა, ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნებით, საკმაოდ რთულია და შეიძლება, ამას დიდი დროც დასჭირდეს. თუმცა ამ პროცესში შეგიძლიათ, ძველი შინაარსის ახალ კონტენტზე გადაყვანის ეტაპები გაამარტივოთ. ეცადეთ, რაც შეიძლება კონკრეტულად და სწრაფად განსაზღვროთ, რისი შეცვლა გსურთ. ვიდრე უშუალოდ ნაბიჯების გადადგმას დაიწყებდეთ, წინასწარ გაითვალისწინეთ, რა არის საბოლოო მიზანი და რა შედეგის მიღება გსურთ. ეს დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
თვალყური ადევნეთ SEO-ს ახალ პრაქტიკებს
საგულისხმოა, რომ კონტენტის განახლება ახალი SEO პრაქტიკის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ძველი შინაარსის გასააქტიურებლად და მუდმივი ინტერესის შესანარჩუნებლად კი საჭიროა, ისინი ახალი SEO ტექნიკით განაახლოთ.
აირჩიეთ გასაახლებელი კონტენტი
პირველ რიგში მთელი შინაარსის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი გააკეთეთ. პრიორიტეტის პრინციპით განსაზღვრეთ, რომელი მათგანის განახლება გსურთ (მაგ., მოძველებული სტატიები, ცუდად შემუშავებული ინფოგრაფიკა). ამასთან, ყველა კონტენტი იმის მიხედვით აირჩიეთ, აუდიტორიის რომელ ნაწილთან გსურთ დაკავშირება და რომელი თემის გააქტიურება იქნება ყველზე მომგებიანი.
შეასწორეთ ფაქტობრივი შეცდომები
როდესაც თქვენ მიერ არჩეულ კონტენტზე დაიწყებთ მუშაობას, ფაქტობრივი შეცდომების გამოსწორებაც დაგჭირდებათ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტენტისთვის, რომელიც ფაქტობრივად მოძველებულია ახალი აღმოჩენების გამო. შესაბამისად, შეგიძლიათ, განახლებისას სწორედ თანადროული დასკვნები გამოიყენოთ — იქნება ეს ექსპერტების ციტატები, კვლევის შედეგები თუ საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები.
იპოვეთ ახალი პერსპექტივა
თუ ძველი კონტენტის გარკვეული ნაწილის გამოყენება გსურთ, კარგი იქნება, თუ მისი წარმოჩენის ახლებურ პერსპექტივას მოძებნით. როგორ შეიძლება ერთი და იმავე თემის ორიგინალურად გაშუქება? დაფიქრდით და შექმენით ახალი შინაარსი. ან უკვე არსებული მიღწევები ახალი იდეების გენერირების საფუძვლად აქციეთ (მაგალითად, შეიძლება, ძველი სტატია ინფოგრაფიკად გარდაიქმნას)
დაამატეთ ახალი ნაწილები
ძველი შინაარსის განახლების კიდევ ერთი გზაა მასში ახალი ნაწილების დამატება. მაგალითად, შეგიძლიათ მეტი დეტალი დაამატოთ სტატიას. ასევე, საინტერესო იქნება ახალი დასკვნების დამატება.
გამოიყენეთ შესაბამისი შინაარსისა და წყაროების ბმული
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შინაარსის ბმულების დამატება. ისინი შეიძლება იყოს როგორც შიდა, ისე გარე. არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი წყარო თემატურად მიაბათ კონტენტს — მაგალითად, მაშინ, როცა ახლად დამატებული შედეგებისთვის კონკრეტული მასალა გამოიყენეთ. ამასთანავე, შესაძლებელია საკითხთან დაკავშირებული სხვა შინაარსის მიბმაც, თუ ის თქვენი აუდიტორიისთვის ღირებულ რესურსად ითვლება.
წაიკითხეთ და დაარედაქტირეთ
არ დაგავიწყდეთ განახლებული შინაარსის შემოწმება და რედაქტირება. ტექსტი ჯერ ფაქტობრივ შეცდომებზე შეამოწმეთ, შემდეგ კი ენობრივი შეცდომები დაარედაქტირეთ. ამისათვის შეგიძლიათ, კორექტირების ინსტრუმენტი გამოიყენოთ, რომელიც გრამატიკულ, ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომებს პოულობს.
გამოაქვეყნეთ და თვალყური ადევნეთ
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, განათავსეთ განახლებული შინაარსი და აკონტროლეთ მისი აქტუალურობა. ნახეთ რა მუშაობს და რა არა. როდესაც მომავალში განაახლებთ კონტენტს, გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება, რათა ის კიდევ უფრო უკეთესი გახადოთ, ვიდრე ახლაა.