in

კონტენტის საუკეთესო ფორმატები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის

იმის ახსნას არ დავიწყებთ, რა არის კონტენტმარკეტინგი და რისთვის გამოიყენება. დღესდღეობით კონტენტის შექმნა არავის უკვირს და მისი მნიშვნელობაც ყველასთვის ნაცნობია. ამ ზოგადი ცოდნის მიუხედავად, ხშირად ჩნდება კითხვები, თუ რომელი სტრატეგია უნდა გამოიყენონ კონტენტის შექმნის დროს, რა არის უფრო ტრენდული და რა მუშაობს კარგად ყველა ინდუსტრიაში. 

ამ სტატიაში ვეცდებით, გავრცელებული კონტენტის ფორმატები წარმოგიდგინოთ და, აგრეთვე, რესპონდენტთან ერთად ვუპასუხოთ რამდენიმე კითხვას.

ბლოგი

თანამედროვე კონტენტმარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ფორმად მიიჩნევა. ის კარგად მუშაობს ბრენდის ცნობადობისთვის და მომხმარებელთა ჩართულობასაც უწყობს ხელს. მარკეტერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს არის მარტივი და იაფი გზა აუდიტორიის გასაზრდელად. ბლოგის სწორად შერჩეული თემები ბევრ ისეთ კითხვას პასუხობს, რაც კომპანიის მომხმარებლისთვის საინტერესოა. ერთ-ერთი მიზეზი ესაა, თუ რატომ მუშაობს კონტენტის ეს ფორმატი კარგად თითქმის ყველა ინდუსტრიისთვის.

ინფოგრაფიკები

არის საკითხები, რომელთა ბლოგპოსტად გაშვებაც არაა აუცილებელი და უფრო აღქმადი ვიზუალურად იქნება. ამ შემთხვევაში ინფოგრაფიკის გამოყენება კარგი საშუალებაა. ის მისაწოდებელი ინფორმაციის ვიზუალური გამოსახვაა. მაგალითად, თუ გასაზიარებელი გაქვთ სიები ან ციფრები, კონტენტის სხვა ფორმების გამოყენებას ინფოგრაფიკის გაკეთება სჯობს. 

ვიდეოები

ვის არ მოსწონს მოკლე და სწრაფი ვიდეოების ყურება? ეს ფორმატი დღეს ყველაზე დიდ ტრენდშია. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი პლატფორმა და ბიზნესი გადავიდა ინფორმაციის გაზიარების ვიდეოფორმატზე. თანაც, მისი მოქნილობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა ინდუსტრიას შეგვიძლია, მოვარგოთ. თუ ცოცხალი ვიდეომასალა არ გვაქვს, ანიმაციის აწყობა შეგვიძლია და ა.შ.

ინფლუენსერმარკეტინგი

კიდევ ერთი გავრცელებული ფორმატია, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ცნობადი კონტენტკრეატორების გამოყენება ზრდის ბრენდის ცნობადობას და ეხმარება მომხმარებლის მოზიდვაში. მათ უკვე მოპოვებული აქვთ ხალხის სიმპათია, რაც ბრენდის რეკლამირებისთვის აუცილებელია.

ზოგადად, კონტენტის შექმნის თავისებურებების შესახებ კი კონტენტმარკეტერი, ტაო ჭალიძე გვესაუბრა:

ტიკტოკის პოპულარობამ კონტენტისადმი მიდგომა საფუძვლიანად შეცვალა, მათ შორის, ბრენდების კონტენტი. დღეს ადამიანებს უკვე მაქსიმალურად უშუალო კონტენტი უფრო მოსწონთ, ვიდრე ძალიან დავარცხნილი და დამუშავებული.

კონტენტის სატურაციამ პიკს მიაღწია, დიდი რაოდენობით კეთდება ყოველდღეყველა არხზე და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ბრენდებმა ამდენი ხმაურიდან გამორჩევის გზა იპოვონ. ასევე, ნუ ეცდებიან შექმნან კონტენტი, რომელიც ყველას მოეწონება. მსგავსი რამ არ არსებობს. საკმაოდ დიდი ბრენდებიც კი ცდილობენ სხვადასხვა ნიშურ აუდიტორიას მათზე მორგებული კონტენტი შესთავაზონ და უფრო პერსონალიზირებული ფორმა მისცენ კონტენტს. 

M: რას ეძახიან დღეს მომხმარებლები კარგ კონტენტს, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ამას?

დღეს მომხმარებელი კარგ კონტენტს ეძახის იმას, რაც მის ღირებულებებს ეხამურება. ახლა, ისე, როგორც არასდროს, მომხმარებლები ბრენდის არჩევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ ფასსა და ხარისხს, არამედ ამ ბრენდის ღირებულებებსაც.

M: რა უნდა გაითვალისწინონ კონტენტკრეატორებმა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი აუდიტორიის გული მოიგონ?

კონტენტის შექმნისას ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მათ შორის ტრენდები, კონტენტის ხარისხი, მიწოდების ფორმა და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კონტენტკრეატორი მაქსიმალურად კარგად უნდა იცნობდეს თავის აუდიტორიას და იცოდეს, რა ინტერესები თუ პრობლემები აქვთ. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Proxy Live Solutions – გამოცდილება და პირობები, რომლებსაც საერთაშორისო კომპანია გთავაზობს

ლუდის დაღვრილი წვეთების კამპანია Heineken-ისგან