„სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?“ – თუკი გასაუბრებაზე ყოფილხართ, ალბათ ეს კითხვა თქვენთვის აუცილებლად დაუსვამთ. როგორც ამბობენ, ამ კითხვას რამდენიმე მიზანი აქვს: 1) კომპანიას სურს, გაიგოს რამდენად სტაბილური კადრი ხართ, 2) რამდენად სწორია ეს კონკრეტული პოზიცია თქვენთვის, 3) როგორია თქვენი გრძელვადიანი მიზნები და რამდენად უწყობს მათ ხელს ეს კონკრეტული პოზიცია და ა.შ.
სწორედ ამიტომ, ადამიანებს სხვადასხვა პასუხი აქვთ ხოლმე. ზოგი ამბობს, რომ ამ პოზიციით სურს დაიწყოს და შემდეგ გაიზარდოს კომპანიის შიგნით, ზოგიც ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესი უნდა. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა გასაუბრებაზე პირდაპირ თქვა: „5 წელში ჩემს თავს თქვენს ადგილზე ვხედავ“, რის გამოც ის დაიწუნეს, თუმცა 4 წლის შემდეგ მართლა აიყვანეს იმ სამსახურში და მართლაც იმ პოზიციაზე, სადაც თავის თავს ხედავდა.
არსებობს კიდევ ერთი პასუხი „არ ვიცი“, რაზეც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ამ პასუხით დამსაქმებელი იგებს რომ არასტაბილური და ჩამოუყალიბებელი კადრი ხართ და, შესაძლოა, კომპანიიდან მალე წახვიდეთ, რაც დამატებითი თავის ტკივილი იქნება მათთვის. მეტსაც გეტყვით, უნივერსიტეტს როდესაც ვამთავრებდი, ეს კითხვა ჩემმა პროფესორმა დამისვა, როცა ვუპასუხე რომ არ ვიცი, მან ამიხსნა, რომ ეს კარგი არ არის და აუცილებლად უნდა ვიცოდე, სწავლის შემდეგ რას გავაკეთებ.
თუმცა, მართლაც ასეა?
მე-19 საუკუნის დასაწყისში, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს, მილიონობით ადამიანმა, რომელიც სოფლად ცხოვრობდა და მეურნეობაში მუშაობდა, სამსახური დაკარგა. მათი ნაწილი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, სამუშაო სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხანაში იშოვა და მთელი ცხოვრება ერთი და იმავე საქმის კეთებაში გაატარა. შესაბამისად, ქალაქებიც ასე მოეწყო, გაშენდა ახალი უბნები, სადაც მშრომელები დასახლდნენ, იქვე აშენდა სკოლები, სადაც ბავშვებს დაფასთან მდგომი მასწავლებელი ასწავლიდა და ა.შ. მოკლედ რომ ითქვას, ადამიანის ცხოვრება საკმაოდ სტრუქტურიზებული გახდა. მან იცოდა, რომ ორშაბათი-პარასკევი დილით ადრე დგებოდა, შვილი სკოლაში მიჰყავდა, ხოლო თავად სამსახურში მიდიოდა.
პრინციპში, ყველაფერი დალაგებული იყო, ადამიანმა იცოდა, რომ ცხოვრება ორ ნაწილად იყოფოდა: ჯერ სწავლა და შემდეგ მუშაობა.
რა ხდება დღეს?
დღევანდელ სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი, ტრენდები, ტექნოლოგიები და თუნდაც სამუშაო პოზიციები ისე სწრაფად იცვლება, როგორც არასდროს, საკმაოდ გართულდა ახლო თუ შორეული მომავლის განჭვრეტა. ზოგი კომპანია 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადადის, ზოგი ადამიანი თავისუფალი გრაფიკით, სახლიდან მუშაობს, ბავშვებს აღარ აინტერესებთ საზეპიროები, მეტიც, ისინი, ზოგ შემთხვევაში, სკოლებზე მეტს ინტერნეტით სწავლობენ და ა.შ. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ონლაინ მასტერკლასებს აკეთებენ, ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტები თავიანთ კურსებს, უფასოდ, ონლაინ გვთავაზობენ და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, დავეუფლოთ ამა თუ იმ პროფესიას (რა თქმა უნდა, არსებობს პროფესიები და საქმეები, რომლებსაც ონლაინ ვერ ვისწავლით).
აქედან გამომდინარე, ჩვენ კი ვაკეთებთ დაშვებებს, წინასწარმეტყველებებს, თუმცა, მაინც ამოუცნობ კითხვად რჩება, როგორი იქნება შემდეგი 5, 10 ან თუნდაც 50 წელი. ისევე, როგორც 10 წლის წინ არ არსებობდა პოზიციები, როგორებიცაა: სოციალური მედიის მენეჯერი, მონაცემთა ანალიტიკოსი, აპლიკაციის დეველოპერი, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც კონტენტსა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება და ა.შ. ჩვენ არ ვიცით, რაზე იქნება მოთხოვნა 2050 წელს. თუმცა, ვიცით, რომ წავიდა ის დრო, როდესაც ერთსა და იმავე პოზიციაზე 10-20 წელი შეგვეძლო გვემუშავა. სავარაუდოდ, მომავალში საშუალო სტატისტიკური ადამიანი ცხოვრებაში რამდენიმე პროფესიას მიიღებს და სხვადასხვა გარემოში იმუშავებს.
Skype-ის შემქმნელებმა 2015 წელს გამოუშვეს აპლიკაცია Teleport, რომელიც ადამიანებს მათი საჭიროებების გათვალისწინებით ურჩევს, თუ რომელ ქალაქში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. მაგალითად, თუკი თქვენ ხართ აპლიკაციის დეველოპერი და თქვენთვის მნიშვნელოვანია, იცხოვროთ და იმუშაოთ ისეთ ქალაქში, სადაც ჰაერი არ არის დაბინძურებული, ფეხით შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაოთ, სამსახურამდე 15 წუთის სავალია და წლიური შემოსავალი $100,000 გინდათ, თქვენ მიუთითებთ ამ პარამეტრებს და აპლიკაცია 266 ქალაქიდან იმ მიმართულებებს გაჩვენებთ, რომლებიც ყველაზე მეტად ემთხვევა თქვენს სურვილებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დავუბრუნდეთ ჩვენს თავდაპირველ კითხვას: „სად ხედავთ თქვენს თავს 5 წელში?“ ბევრმა ადამიანმა იცის ამ კითხვაზე პასუხი, რაც ძალიან კარგია. თუმცა, თუკი თქვენ არ იცით, ჩემი აზრით, არ უნდა შეგეშინდეთ. მეგობრებმა შეიძლება გითხრან, რომ ეს „გაურკვევლობა“ ან „ჩამოუყალიბებლობა“ კარგს არაფერს მოგიტანთ, თუმცა მე ამ მდგომარეობას „ძიების“ და „აღმოჩენის“ პროცესს დავარქმევდი. ადამიანი ხომ მუდამ ახლის ძიებაში უნდა იყოს, ამიტომაც მგონია, რომ აბსოლუტურად ბუნებრივია, არ იცოდეთ, რას გააკეთებთ მომავალში, თუნდაც იმიტომ, რომ, შესაძლოა, ის კონკრეტული საქმე, რომელსაც ახლა აკეთებთ, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს.
შესაბამისად, მუდმივი ძიება და ახალი უნარების შეძენა იმის ფორმულაა, რომ მუდამ ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე უფრო გვიყვარს და ის, რაც ყველაზე უფრო კარგად შეგვიძლია. ხოლო გასაუბრებაზე მოწვეული ადამიანისგან მოსმენილი „არ ვიცი“ არის კარგი შესაძლებლობა, დავეხმაროთ მას ამ ყოველივეში.
მირიან ჯუღელი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი