სასიამოვნოა განცდა, როდესაც თქვენი შემოქმედებითობა მოზღვავებულია და დინებას იწყებს. თქვენი გონება და სხეული თითქოს ერთობაშია, ინსტინქტურად იცით, რომ სწორად აკეთებთ საქმეს და თქვენს ხედვას აცოცხლებთ. ამ დროს ხელი არაფერმა არ უნდა შეგიშალოთ, მაგრამ ხდება ისეც, რომ ხან ტელეფონის ზარი გვაწყვეტინებს პროცესს, ხან რაიმე სხვა მიზეზი.
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეს ყველაფერი ალბათ ყველაზე ხშირად გამოუცდიათ, ამიტომ ისინი რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვიზიარებენ.
მოითავეთ საქმეები წინასწარ
თუ იცით, რომ გასაგზავნი გაქვთ ელფოსტა ან იმ დღეს ვინმესთან კომუნიკაცია გარდაუვალია, თავად მოითავეთ ეს საქმეები წინასწარ, დილიდანვე, სამუშაო დღის მეორე ნახევარი კი თავს უფლება მიეცით, მოსწყდეთ სამყაროს და პროექტს გულდასმით ჩაუსხდეთ.
დააწესეთ დროის სწორი მონაკვეთი
ყველამ თვითონ იცის, როდისაა პროდუქტიული და კრეატიულად უფრო მზაობაში. თუ თქვენთვის ეს დილის საათებია, გამოყავით ეს დრო ფიქრისა და იდეების დამუშავებისთვის. ამ დროს არ ჩანიშნოთ ზარები, ვიდეო თუ ფიზიკური შეხვედრები. იგივე გააკეთეთ, თუ უფრო შუადღეს ხართ მობილიზებული ან დღის ბოლოს.
გვერდზე გადადეთ რუტინული ჩვევები
ტელეფონის სქროლვა, ყავის მოდუღება, მეგობრის მოკითხვა, მოსაწევად გასვლა და მსგავსი რუტინული ჩვევები შუა ფიქრის პროცესში ანელებს მას. ზოგიერთი კრეატორი აღნიშნავს, რომ სმარტფონს სხვა ოთახშიც კი ტოვებს, რათა ბოლომდე კონცენტრაცია მოახდინოს საქმეზე. როდესაც სამუშაოდ დასხდებით, არაფერმა არ უნდა გაგიფანტოთ ყურადღება, ამიტომ მანამდე გააკეთეთ ან კრეატიული მუშაობის დასრულებისთვის შემოინახეთ.
გარემო ფაქტორები
თუ მარტო მუშაობთ, ყურადღების გაფანტვის თავიდან აცილება ძირითადად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ სხვა ადამიანებთან ერთად ხართ ოფისში, საქმე უფრო რთულადაა.
კრეატორები გვირჩევენ, რომ საოფისე სამუშაოსთვის იქონიონ ყურსასმენები და სანამ კრეატიულ პროცესს შეუდგებიან, გააფრთხილონ თანამეოთახეები, რომ კონცენტრაცია სჭირდებათ. ისეთ ადგილას, სადაც თქვენ შემოქმედებითად მუშაობთ, წესით, მარტივად გაგიგებენ ამ თხოვნას.
პომოდოროს ტექნიკა
ეს ცნობილი ტექნიკაა, რომელიც არა მხოლოდ კრეატიული, ნებისმიერი სამუშაო პროცესის მართვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, დააწესეთ 1-საათიანი მუშაობა და შემდეგ 15-წუთიანი აუცილებელი შესვენება. ამას ტვინის განიავებასაც ეძახიან. იმის ცოდნა, რომ მხოლოდ შეზღუდული დროით გჭირდებათ კონცენტრირება, დაგეხმარებათ ჩართულობის შენარჩუნებაში გადაწვის გარეშე, ხოლო შესვენებები თქვენს ტვინს აძლევს სივრცეს გადატვირთვისთვის.
დაიტენეთ სხვა კრეატიული პროცესებით
ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო რჩევაა. მაგალითად, გადახედეთ შთამაგონებელ იდეებს იქამდე, სანამ პროექტზე მუშაობას შეუდგებით. გადაავლეთ თვალი სხვების ნამუშევრებს, არა მაინცდამაინც თქვენს სფეროში, არამედ ზოგადად.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, ჰობიდ აქციოთ ხელოვნების რომელიმე დარგი, ის, რაც უკეთ გამოგდით: ცეკვა, ძერწვა, ფერწერა, მუსიკა, სიმღერა და სხვა. ერთი კრეატიული საქმიანობა ხშირად ზრდის ჩვენს პროდუქტიულობას მეორე მსგავსი საქმის გასაკეთებლად.
ჩვენი გარემო ქაოსურია. მდგრადი შემოქმედებითი აზროვნებისთვის სწორი სივრცის შექმნა პირდაპირ მოქმედებს დასრულებული პროექტის ავკარგიანობაზე. ამიტომ იმუშავეთ ამაზე, იფიქრეთ, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი კრეატიული მუშაობა და გახადოთ ეს ჩვევები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.











