28
Apr
2017

როგორ დავიწყოთ წარმატებული ფერმერული საქმიანობა – კოოპერატივ „პომოდორნას” ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

28 Apr 2017

სოფლის მეურნეობის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს, მით უფრო, ისეთი ნაყოფიერი მიწის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, არაერთი პროგრამა ხორციელდება. იდეისა და ფერმერული საქმიანობის მზაობის ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციას მიმართოთ, მიიღოთ როგორც ფინანსური, ასევე – არაფინანსური დახმარება, შესაბამისი ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის  ENPARD – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მის მიზანს, სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება და რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 2013-2019 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს, აღნიშნული თანხა, სხვადასხვა ფერმერული იდეის დასაფინანსებლად ნაწილდება. ძირითად შემთხვევაში, ამ პროგრამით გათვალისწინებული, ერთჯერადი გრანტი მოიცავს 7 000-დან 49 000 ევრომდე თანხას და ითვალისწინებს თანამონაწილეობასაც. საგრანტო კონკურსები ხშირად ცხადდება და მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: http://enpard.ge/ge/კონკურსები/
რაც შეეხება ENPARD-ის ხელშეწყობით შექმნილ ფერმერულ მეურნეობებს. ეს პროგრამა, საქართველოში, მრავალ კოოპერატივს დაეხმარა ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში, მათ შორის კოოპერატივ „პომოდორნას”, რომლის შემქმნელმა – ირინე ოდიშარიამ მარკეტერს საკუთარი ფერმერული გამოცდილება გაუზიარა:

M: როგორ გაგიჩნდათ ფერმერული საქმიანობით დაკავების იდეა და სურვილი? როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები? 
რვა მეგობარმა გადავწყვიტეთ ფერმერული საქმიანობით დაკავება და დასაწყისშივე მივხვდით, რომ ამას გრანტის გარეშე ვერ შევძლებდით. 2016 წლის 21 მარტს ჩამოვყალიბდით, როგორც კოოპერატივი. დაფინანსების შემდეგ, დავიწყეთ სათბურის მშენებლობა, რომელიც დავასრულეთ ზაფხულში. სექტემბერში, უკვე დავთესეთ პომიდორი. ამჟამად, ფუნქციონირებადი სასათბურე მეურნეობა გვაქვს, სოფელ ბულაჩაურში და მოგვყავს ეკოლოგიურად სუფთა პომიდორი.

M: რა დაბრკოლებები შეგხვდათ საქმიანობის დაწყებისას?
ძირითადი დაბრკოლება რაც გვქონდა, იყო ის, რომ სათბურის გათბობა დავგეგმეთ წინა წლების ამინდზე და ტემპერატურაზე დაყრდნობით, თუმცა, ზამთარი უფრო ცივი გამოდგა. წელს, ვაპირებთ მოვარგოთ ჩვენი გათბობის სისტემა, შესაბამის ბუნებრივ პირობებს. ეს რომ არა, ფაქტობრივად,  სხვა პრობლემა არ გვქონია.

M: როგორი იყო ENPARD-ის ფინანსური და არაფინანსური დახმარება?
მთლიანი თანხის 76 % იყო ENPARD-ის დაფინანსება, ხოლო 24% ჩვენს თანამონაწილეობას უნდა შეედგინა. გარდა ამისა, შემდეგ ეტაპზეც მოგვიწია თანხების ჩადება. არაფინანსურ დახმარებას რაც შეეხება, საგრანტო აპლიკაციის შესავსებად იურიდიული კონსულტაციები გვქონდა, ასევე, სხვადასხვა საჭირო ტრენინგს გვიტარებდნენ. კოოპერატივი ახალი იურიდიული ფორმაა, ქართული საზოგადოებისთვის, ამიტომ, გვასწავლიდნენ, თუ რა არის საჭირო მისი განვითარებისთვის. ახლაც, ხშირად ვერთვებით სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ, ასევე, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობის გამოყენების კუთხით გამართულ ტრენინგებში.

M: რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქტს ქართულ ნედლეულთან მიმართებაში?
ჩვენ მოგვყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. არ ვიყენებთ არანაირ ქიმიურ პრეპარატს მომწიფების დასაჩქარებლად, ვამატებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მინერალებს, რომლებიც ისედაც არის ნიადაგში, ერთგვარად, ვკვებავთ მიწას, რომ არ გამოიფიტოს. ეს არის ბულაჩაურის ნიადაგი, არ არის ტორფი ან სხვა რამ, დახურულია გრუნტით, ამით, თავს ვიცავთ მწერებისგან. ჯანსაღი და ძალიან გემრიელი პომიდორი გვაქვს, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ქართულ პროდუქტთან შედარებითაც, უფრო ძვირი ღირს. ბიო პროდუქტს სჭირდება რეგისტრირება, რაც გრძელვადიანი პროცესია და დაახლოებით, 3 წელი სჭირდება. ხდება ნიადაგის შემოწმება, გარემოც უნდა იყოს სუფთა, მხოლოდ ბოსტნეულის მოყვანის წესს არ ეთმობა ყურადღება. სამომავლოდ ვაპირებთ, ამ კუთხით, სერტიფიცირებული პროდუქტი გვქონდეს. 

M: რა ტერიტორიაზე გაქვთ სასათბურე მეურნეობა და სად შეიძლება თქვენი ნედლეულის შეძენა?
1000 კვ.მ-ზე გვაქვს სასათბურე მეურნეობა. ამჟამად, მხოლოდ “აგროჰაბში” იყიდება ჩვენი ნედლეული. სავარაუდოდ, ზაფხულში, რელიზების სხვა გზებსაც ვცდით.

განხილვა