in

კორეულმა რეაქტორმა მზეზე 7-ჯერ მეტი ტემპერატურა გამოიმუშავა!

ალბათ, გახსოვთ ჩინურ რეაქტორზე რომ გიყვებოდით, რომლის ტემპერატურამაც 70 მილიონ ცელსიუსს მიაღწია, ახლა კი კორეის ხელოვნური მზის რეაქტორმა ეს შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა — პლაზმის შენარჩუნებით 20 წამზე მეტი ხნის განმავლობაში 100 მილიონი გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა შეინარჩუნა! დიახ, კორეის „სუპერგამტარი ტოკამაკის კვლევის“ გუნდმა (KSTAR) იონის ტემპერატურა 100 მილიონ გრადუს ცელსიუსსაც გადააჭარბა. თუმცა ტექნიკური შეზღუდვის გამო ეს მხოლოდ 24 წამი გაგრძელდა. 

KSTAR მაგნიტურ ველებს ულტრაცხელი პლაზმის წარმოქმნისა და სტაბილიზაციისთვის იყენებს, მის საბოლოო მიზანს კი ბირთვული შერწყმის ენერგიის რეალობად ქცევა წარმოადგენს. ხოლო ქვემოთ მოცემულ ვიდეოში გვაჩვენებენ, თუ როგორ აღწევს რეაქტორი 24 წამის განმავლობაში 10^8 კელვინზე მეტ ტემპერატურას. კონკრეტული მაჩვენებელი კი მეტ-ნაკლებად 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს უდრის. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მიღწევა საოცარი ერთი მიზეზის გამოა — სუფთა ენერგიის პოტენციურად შეუზღუდავ წყაროს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს ის გზა, რომლითაც ჩვენს ცხოვრებას ვმუხტავთ. თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც დაგეგმილია… 

„KSTAR-ის წარმატება უფრო გრძელვადიანი მაღალი ხარისხის პლაზმის ტექნოლოგიების რბოლაში გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება, რაც მომავალში კომერციული ბირთვული შერწყმის რეაქტორის მნიშვნელოვანი კომპონენტია, — ამბობს სი-ვუ იუნი, ბირთვული ფიზიკოსი. 

კონკრეტული შედეგი კი KSTAR-ის შიგნით შიდა ტრანსპორტის ბარიერის რეჟიმების (ITB) განახლებით მიიღეს. მართალია, ამ რეჟიმების შესახებ მეცნიერებს ჯერ არ აქვთ სრული ინფორმაცია, მაგრამ ისინი ბირთვული შერწყმის რეაქციების შეზღუდვისა და სტაბილურობის კონტროლს მაინც ახერხებენ.

ხოლო ისეთი მოწყობილობა, როგორიცაა KSTAR, პლაზმური მდგომარეობის შესაქმნელად, სადაც იონები და ელექტრონები განცალკევებულია და მზად არის გასათბობად, წყალბადის იზოტოპებს იყენებს. ეს რეაქციები ზუსტად ის არის, რაც მზეზე ხდება და სწორედ ამიტომ ეწოდა რეაქტორს ხელოვნური მზის სახელი. 

საინტერესოა ისიც, რომ 2025 წლისთვის KSTAR-ის ინჟინრებს სურთ, 300 წამის განმავლობაში 100 მილიონი გრადუსის ნიშნულს გადააჭარბონ.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ სამსახურიდან გათავისუფლების შიშს?

როგორ იმარჯვებენ ბრენდები ემოციური ინტელექტისა და ხმის გამოყენებით?