in

ქორეოგრაფიის როლი რეკლამაში

სარეკლამო რგოლებში ცეკვის გამოყენება ან ძალიან კარგი იმპულსია, ან ძალიან ცუდი. ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში ქორეოგრაფიას აქტიურად მიმართავენ ბრენდის კომუნიკაციებში — მაგალითად, მამაკაცი სუპერმარკეტში გამოცხადებულ ფასდაკლებას ცეკვით აღნიშნავს; ანდაც მოზარდი თავის საყვარელ გაზიან სასმელს სვამს და შემდეგ ცეკვას იწყებს პირდაპირ მაღაზიაში.

თუმცა „უბრალოდ დაამატეთ ცეკვა“ სტრატეგია სარისკოა. ზედაპირულ დონეზე ფოკუსირებისას შეიძლება ეს პრობლემური საკითხები გამოვყოთ: სწორად შერჩეული ქასთი, კარგი მელოდია და დინამიკური ქორეოგრაფია. თუ ეს ყველაფერი სათანადოდ არაა გათვალისწინებული, საბოლოო შედეგი კრახით დასრულდება. ამის პარალელურად, რეკლამა, რომელშიც ცეკვაა გამოყენებული, ხელოვნებასთანაა გაიგივებული — მას აკლია რეალურობის განცდა და ერთგვარ დეკორაციად იქცევა. არავინ იწყებს ცეკვას მაღაზიაში, როცა იქ მისულს ფასდაკლება ხვდება… უბრალოდ, ქორეოგრაფიით შინაგანი დამოკიდებულება და განცდაა გადმოცემული.

მსგავს პრინციპზე აგებულ კამპანიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Apple-ის HomePod-ის რეკლამა. აქ მთავარი გმირი დამღლელი, მოსაწყენი სამუშაო დღის შემდეგ სახლში მიდის და Siri-ს სთხოვს, მისი საყვარელი სიმღერა ჩართოს. საბოლოოდ, სიურრეალისტურ მოგზაურობაში ეშვება, ცეკვავს და ყველაფერს დადებითი განწყობა ედება.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ სიმართლის მარცვლის გარეშე ნებისმიერი სიუჟეტი თუ იუმორისტული რეკლამა უფრო რთული დასამახსოვრებელია. ალბათ, არავინ დაინტერესდება ვიდეორგოლით, რომელშიც ყოველგვარი კონტექსტის, შინაარსის ან იდეის გარეშე უბრალოდ ვიღაც ცეკვავს. ამას ამტკიცებს მეცნიერების, გრეგ ჯ. სტეფენსის, ლორენ ჯ. სილბერტისა და ური ჰასონის მიერ ჩატარებული კვლევაც: მათი მტკიცებით, პროცესი, სახელწოდებით „ნეირო დაწყვილება“ გვეხმარება, სამყარო სხვისი პერსპექტივიდან წარმოვიდგინოთ. ამისათვის კი ამბის მოსმენა ან დანახვა გვჭირდება. როდესაც გონება გზავნილის მიმართულებას ირჩევს, ყველაფერი უფრო ცხადი, მეტად გასაგები ხდება.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, ქორეოგრაფიის მარკეტინგულ გამოყენებაზეც შეგვიძლია მსჯელობა. როგორც ჩანს, ის მხოლოდ მაშინ იქნება მიმზიდველი, როცა რაღაც ღირებულ იდეასთან მოვა ბმაში — „უბრალოდ იცეკვე“ ეფექტურ გზავნილს არ წარმოადგენს…

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან – თიბისი დაზღვევა

Young Lions Georgia 2024-ის დიზაინის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები