ნუკი და ნინო პაიჭაძეები წელიწადნახევარზე მეტია BOBO BIRD-ის საათების მომხმარებლები არიან.
სამი თვის წინ, დებს გაუჩნდათ იდეა ბამბუკის, ხის, ტყავის სამაჯურებისა და განსხვავებული დიზაინის მქონე საათები ხელმისაწვდომი გაეხადათ ქართველი მომხმარებლისთვის. მათი საქმიანობა 12 საათის გაყიდვით დაიწყო, სამი თვის შემდეგ კი, თვის განმავლობაში უკვე 40 საათზე მეტს ყიდიან. რა პერსპექტივა აქვს ახალბედა ბიზნესს და როგორია პროდუქტის უპირატესობები – ამ კითხვებზე BOBO BIRD-ის დილერი კომპანიის თანადამფუძნებელმა – ნუკი პაიჭაძემ გვიპასუხა:

M: როგორ, რა მოტივით გადაწყვიტეთ BOBO BIRD-ის საათების დილერობა საქართველოში?
მე და ჩემს დას – ნინოს ძალიან მიგვწონდა ხის საათები, მაგრამ თბილისში, მემგონი, სულ 2 ადგილას იყიდება და ისიც მინიმალური ფასი 200-250 დან იწყება და ადის კოლოსალურ თანხაზე. უცხოური საიტებიდან ვიწერდით ამ პროდუქციას და ბევრად იაფად. გაგვიჩნდა იდეა დავკავშირებოდით ერთ-ერთი ბრენდის დილერს და ჩამოგვეტანა ძალიან კარგი ხარისხის ბამბუკის, ტყავის, სილიკონის და ხის სამაჯურების მქონე საათების ულამაზესი მოდელები. ბანკში ვმუშაობდი, ჩემი და ექიმია, ამ სფეროსთან შეხება არ გვქონია, თუმცა, გვინდოდა რაღაც საქმე დაგვეწყო. BOBO BIRD-ის საათების ხარისხში ჩვენმა მომხმარებლურმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა და გვინდოდა ეს პროდუქტი მისაღებ ფასად შეგვეთავაზებინა სხვებისთვისაც. ჩვენთან ფასები მერყეობს მაქსიმუმ 100 ლარამდე.

M: მწარმოებელი კომპანიის შესახებ მოგვიყევით.. რა არის მათი განმასხვავებელი ნიშანი?
უპირატესობა ისაა, რომ არის ხარისხიანი. ჩვენს თავზე გამოვცადეთ, წელიწადნახევარია რაც ვხმარობთ მათ პროდუქტს. არის კორეული წარმოების პროდუქტი, ასევე, ჩინეთშიც აქვთ ქარხნები, სადაც ბამბუკის, ხის და ტყავის გამოყენებით ამზადებენ ამ საათებს. მათ დავუკავშირდით, „ბობო ბირდის” ოფიციალური საიტის მეშვეობით, იქიდან ვიწერთ პროდუქციას.
M: გარდა საათებისა, სხვა პროდუქციის რეალიზებას თუ ეწევით ან თუ გეგმავთ?
გარდა საათებისა, გვაქვს სათვალეებიც, თუმცა, ჩვენი ძირითადი აქცენტი საათებზეა. ჯერჯერობით, ამის შეცვლა არ იგეგმება, თუმცა, სამომავლოდ გვინდა, რომ საქართველოში ვაწარმოოთ საათები.

M: ძალიან ბევრი კომპანია იწერს უცხოური საიტებიდან ამა თუ იმ სახის პროდუქციას და ეწევა რეალიზებას. რა არის თქვენი უპირატესობა მათთან მიმართებაში?
ხარისხი და ფასი. 100% გარანტიას ვაძლევთ და თან დიზაინიც, ასეთი დიზაინის საათები იშვიათობაა თბილისში. ჩვენ არ ვკმაყოფილდებით დილერის ფუნქციებით, გვინდა, ვაწარმოოთ BOBO BIRD-ის საათები საქართველოში. ეს ჩვენი სამომავლო პერსპექტივაა და მთავარი მიზანია.
M: როგორ შეუძლია მომხმარებელს BOBO BIRD-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში?
გვაქვს facebook გვერდი და ასევე, BOBO BIRD-ის პროდუქცია განთავსებულია მაღაზია „ბენუარში”, ყიფშიძის 12-ში.











