in

ალექსი ჩიქოვანი: კორონაც ჩაივლის … და „მერეც“ იქნება

დღეს, დილის 03:37 წუთზე, ანუ ჩვენებურად, ღამის ოთხის ნახევარზე, მეგობარმა მომწერა საზღვარგარეთიდან: „ღამე მიწევს მუშაობა, გაკვირდები და ამ ბოლო დროს, ძალიან გვიანობამდე ხარ ხაზზეო“. რა დამაძინებს-მეთქი, ვუპასუხე და შევყევით. ვიწუწუნეთ, ვაი და ვიშიც ვთქვით, „რა გვეშველებაც“ და „დავიღუპეც“, მაგრამ ბოლოს, მაინც სამომავლო ამბებზე გადავედით. რა შეიძლება, როგორ შეიძლება, სად შეიძლება. მეგობარს ოპტიმიზმში ჩამოვრჩი, შემატყო და მითხრა – კაცო შენ ის კაცი არ ხარ ვისი ლექციები და სტატუსები მოტივაციით არის სავსე და რას ჰგავს ახლა შენი საქციელიო“. ბოლოს, სოლომონის ბეჭედის ამბავიც შემახსენა, რომელიც არ მახსოვდა, მაგრამ მერე გავიხსენე და შემრცხვა და აი, ამის დაწერა მომივიდა თავში.

სოლომონის ბეჭდის ამბავი ხომ გახსოვთ? ბრძენი მეფე დეპრესიის წამალს ეძებდა, შეკრიბა თავისი სამეფოს ბრძენკაცები და უთხრა, რამე მოიფიქრეთო. დიდი ხანი იფიქრეს ბრეძენკაცებმა და ბოლოს, ასეთი გადაწყვეტილება ამცნეს მეფეს – გააკეთებინე ბეჭედი და ზედ დააწერინე „ესეც ჩაივლის“ და ყოველთვის, როცა სევდა შეგიპყრობს, ბეჭედს დახედე, გაგახსენდება, რამდენი ცუდი ამბავი გამოგივლია და მიხვდები, რომ ეს ამბავიც ჩაივლის და გამხნევდებიო. სოლომონი ასეც მოიქცა. ყოველთვის, როცა დარდი მოეძალებოდა, ბეჭედს დახედავდა, გაახსენდებოდა, რომ ბევრ ამბავს ჩაუვლია და ისევ მხნევდებოდა, მოქმედებას იწყებდა.

ამ ფრაზის („ესეც ჩაივლის“), რომელიც ქართულად მართლა ყველაზე მოკლედ და სხარტად ჟღერს, წარმოშობას სპარსული წარმომავლობის სიბრძნეს მიაწერენ. ამბობენ, რომ სპარსმა ბრძენკაცებმა ეს ადამიანის ცხოვრების ცვალებადობის აღსანიშნად დაადგინესო. არის ვერსია, რომლის თანახმად, უდიდესი სიბრძნით ცნობილ სოლომონს ვიღაცამ ჰკითხა: აბა ისეთი რამ მითხარი, რაც ცხოვრების ავსა თუ კარგ ჟამს ერთნაირად შეჰფერისო და სოლომონსაც უთქვამს – ესეც ჩაივლისო.

ვისი მოგონილიც არ უნდა იყოს, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს მართლაც გენიალური ფრაზაა, მოტივაციის მომცემი და მუდამ საყურადღებო. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე ასე იმოქმედა. კი ბატონო, ზოგმა შეიძლება იფიქროთ – ნამეტანი მარტივადაა ეს ყველაფერი გადმოცემული და „ესეც ჩაივლის“ კარგია და მერე რა იქნება, ესეც რომ ჩაივლისო? მართლებიც იქნებით, მეც სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ. დიახ, ჩაივლის და ეს ერთი საქმეა, კარგი საქმე, მაგრამ რა იქნება მერე, ეს მეორე საკითხია და ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ მეგობართან მაქვს დისტანციური დისკუსია. ბევრმა მკითხა, რა გვეშველება, რა იქნება მომავალში, რა ვქნათო? როცა აზრს გეკითხებიან, დიდი პატივია, მაგრამ ჩემი პასუხია – არ ვიცი. მართლა არ ვიცი. თავიდან ეს მაწუხებდა, მაგრამ მივხვდი, რომ არც ამაზე ღირს ნერვიულობა. რადგან „ჯერ არ ვიცი“. „ჯერ“ დიდ სხვაობას იძლევა, რადგან ეს კონკრეტული – ჯერ – ოპტიმიზმია. არ ვიცი დღეს, მაგრამ მეცოდინება ხვალ! მთავარია, არ დავნებდე და ვიფიქრო მომავალზე, იმედით კი არა, გარდაუვლად პერსპექტიულ მომავალზე.

20 მარტს დავწერე სტატუსი, სადაც ჩემი ფიქრები გავუზიარე ადამიანებს, რა შეიძლება შეიცვალოს, რა უნდა გვასწავლოს კორონამ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად. ერთმა მეგობარმა იუმორნარევი კომენტარი დატოვა – მოკლედ, ყველაფერისთვის ემზადებით გარდა სიკვდილისაო. ის მეგობარი მორაგბეა, მეც და ამიტომ იუმორით, მაგრამ შემართებით ვუპასუხე – შენ მორაგბე კაცი, მე მორაგბე კაცს მეუბნები, რომ დავნებდე-მეთქი?! იმისთვის, რომ არ დანებდე, მორაგბეობა ნამდვილად არაა საჭირო და არც რაგბის გაფეტიშება. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილია. არდანებება ადამიანის ხასიათია, მედგარი ხასიათი, მაგრამ ზოგჯერ არის ჩავარდნები და აი, ამ დროს, საკუთარ თავს უნდა შეუძახო, ან უნდა შეგიძახონ. ჰოდა, მეც მინდა გაგამხნევოთ და ამით, საკუთარი თავიც გავამხნევო.

დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მე, ბევრი თქვენგანი შფოთავს, ეშინია და ფიქრობს: „ვაითუ ეს, ვაითუ ის“… ამ გრძნობას FOMO ქვია და Fear of Missing Out-ს ნიშნავს, ანუ რაღაცის ჩამორჩენის, გამოტოვების შიშს (ძირითადად, რაღაც ახლის). დიახ, ვშფოთავ და მეშინია, არ ვიცი, როგორი იქნება ბრენდინგის მომავალი საქართველოში, იქნება, თუ არა შეკვეთები, როგორი იქნება ფასები და საერთოდ, დავრჩები კი ამ ბიზნესში? დიახ, ჯერ კორონა გვაქვს დასაძლევ-გასავლელი და იმედია, ამას უმსხვერპლოდ შევძლებთ. შემდეგ კორონას მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ლარი ისე გარბის, თითქოს მას მისდევდეს ეს ვირუსი… უმუშევრობა, შეკვეთების არქონა, უფულობა, მაგრამ პანიკა არ ივარგებს. ისიც ვიცი, რომ – რა იქნება – ბოლომდე არავინ იცის, ადამიანები, ჩვენ ყველა, ჯერ შოკიდან გამოვდივართ, და კონკრეტული ფიქრები ცოტა მოგვიანებით მოვა, მით უმეტეს, იმის ცოდნა, თუ რა იქნება მომავალში. ისიც ვიცი, რომ ყველას ეშინია, მაგრამ იმარჯვებს ის, ვინც შიშსა და შფოთვას გადალახავს. ჰოდა, სხვა რა გზაა? უნდა გადავლახოთ შიში და მოვიფიქროთ რამე ისეთი, რომელიც ახალ სიცოცხლეში შეგვიყვანს ჩვენ და ჩვენს საქმიანობასაც ახალ სიცოცხლეს შესძენს. შიშს ხომ დიდი თვალები აქვს და მოდით მეტი დავინახოთ კორონას პანდემიის შედეგების მიღმა. მეტსაც გეტყვით, იქნებ, „რა იქნებაზე“ ფიქრს, იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენთვითონ შევქმნათ ის, რაც უნდა იყოს მომავალში. რა, თუნდაც ამ მოკლე დროში ცოტა რამ დაგვანახა პანდემიამ? აღვიქვათ ის, როგორც ახალი გამოწვევა და სანამ სახლში ვსხედვართ, ვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შევცვალოთ ჩვენი საქმე და ჩვენი თავი, როგორ დავდგეთ ფეხზე მალევე და გავაგრძელოთ ცხოვრება. იქნებ, ეს ცხოვრება უფრო საინტერესოც კი გავხადოთ.

მაგალითად, ვამჩნევ (ცოტა გულდაწყვეტილი, რადგან ეს აქამდე არ მოხდა, არადა საკითხი უკვე იდგა ასე) რომ კომპანიები/ბრენდები დღეს ცოტა სხვანაირად იქცევიან – მეტად ადამიანურად, უკეთესად, ვიდრე აქამდე – კორონამ მათ ადამიანებზე ფიქრი აიძულა – და დაანახა, რომ სხვანაირად არ გამოვა. ჰოდა, იქნებ, ასეც გააგრძელონ და მეც საქმე ისევ გამომიჩნდეს, ვინ იცის, კიდევ უფრო საინტერესო, ვიდრე აქამდე მქონდა და ჩემი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა მომიწიოს. ეს კიდევ სხვა გამოწვევა და შიშია, მაგრამ დადგეს ეს დრო და არც ამას შევუშინდები. ნეტავ, ნეტავი კი მოხდეს ასე …

ნათქვამია: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, ჰოდა, მე ამას არ ვეთანხმები, რაც მეტს იფიქრებ, რაც მეტს მოინდომებ, მეტად მოგემართება ხელი, ასე რომ, იფიქრეთ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი:

  • რესტორანი, ბარი თუ კაფე;
  • სატუმრო თუ ჰოსტელი;
  • ხელნაკეთი ნივთების საწარმო;
  • ტურისტული კომპანია და მომსახურებები;
  • სარეკლამო, იურიდიული, მენეჯმენტის საკონსულტაციო სააგენტო;
  • მცირე წარმოება, საშუალო წარმოება, მსხვილი წარმოება;
  • სტარტაპი;
  • სილამაზის სალონი, თუ სოლარიუმი;
  • სავარჯიშო დარბაზი, დასასვენებელი კლუბი;
  • ოთხფეხა მეგობრების მოსავლელ-მოსაფუმფულებელი სალონი;
  • სკოლა თუ უნივერსიტეტი;
  • საკუთარი თავი;

ქართული მხატვრული ფილმი „ფესვები“ ხომ გახსოვთ? (თუ არა, აუცილებლად ნახეთ) იქ ერთი გადასარევი ფრაზაა: არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!

ესეც ჩაივლის!

იფიქრეთ ახალი მომავლის გარდაუვალ შექმნაზე!

შექმენით ეს მომავალი!

და გამოჩდება კიდეც, რა იქნება, ესეც რომ ჩავილის მერე!

მიაწვააააააა!

დედა, მაპატიე, რომ დღეს, ერთად ვერ ვართ. ამჯერად, მე უნდა ვიზრუნო შენს უსაფრთხოებაზე

შეწყვიტეთ ყველამ გადაფურთხება! „ესპანური გრიპი“, 1918 წელი, პოსტერები