in

კორპორაციული კულტურა vs სტარტაპის ცხოვრება – ქართველი სტარტაპერები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ

ბოლო წლებში სიტყვა „სტარტაპი” ყველაზე აქტუალურია. ძალიან ბევრი ადამიანის ამბავია აგებული იმაზე, რომ წამოვიდა დიდი ორგანიზაციიდან და საკუთარი ბიზნესის კეთება, რაღაც ინოვაციური იდეის დამუშავება დაიწყო, რომლისაც სჯერა. ჩვენ ხშირად განვიცდით კარიერულ აღმა თუ დაღმასვლებს, ჩვენი ინტერესის სფეროები დროდადრო იცვლება. სწორედ მათზეა დამოკიდებული დიდ კორპორაციაში გვსურს ყოფნა თუ მუდმივად განვითარებად სტარტაპში.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ როდესაც დიდ კორპორაციაში მუშაობ, იქ სტაბილურობის მეტი განცდა გაქვს. კომპანია ჩამოყალიბებულია, დიდი ხანია, არსებობს, დიდი და ძლიერი გუნდი ჰყავს და ფინანსურადაც გამართულია, ხოლო სტარტაპში გუნდი პატარაა, რესურსები, უმეტეს შემთხვევაში, ცოტა; ცნობადობაც არ არის ისეთი მაღალი და ყველაფერი ერთად არის მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ სტარტაპი განვითარდეს და კომპანიად იქცეს, ამისთვის კი ფუტკარივით უნდა იმუშაო, შეიძლება ზოგჯერ რაღაცების დათმობაც მოგიწიოს, შეიძლება ღამეც გაათენო და თავიდან განსაზღვრული გრაფიკიც არ იყოს…კიდევ უამრავი ფაქტორია, რომელიც სტარტაპს ახლავს, თუმცა სირთულეებთან ერთად, სტარტაპში მუდმივად ვითარდები. როცა აქ ხარ, გინდა თუ არა, იჯერებ, რომ მუდმივად წინ უნდა იყურო, არ უნდა მოდუნდე და ყველა შესაძლებლობა უნდა გამონახო წარმატების მისაღწევად.

რა თქმა უნდა, ამ ზოგადი მსგავსება-განსხვავებების გარდა, უფრო კონკრეტული მახასიათებლებიც არსებობს. ქართული სტარტაპები თავიანთ გამოცდილებას მოგვიყვებიან:

Apollo 11 – პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია

მეტაფორული შედარება რომ მოვიყვანოთ, დიდი კორპორაცია არის საკრუიზო გემი, ხოლო სტარტაპი – პატარა ნავი. საკრუიზო გემს აქვს წინასწარ გაწერილი მარშრუტი და ბორტზე ქცევის წესები.
სტარტაპი ანუ, პატარა ნავი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმები აქვს, არ მოქმედებს წინასწარ გაწერილი მარშრუტით და არც რუკა აქვს, რომელიც დანიშნულების ადგილას მიიყვანს. შესაბამისად, უწევს ბევრი იმპროვიზაცია და ბევრი ექსპერიმენტი, რათა გაუძლოს ნებისმიერ დაბრკოლებას, რომლებიც გზაზე შეხვდება. Შესაბამისად მნიშვნელოვანია გუნდში თავისუფლების იმ ხარისხის შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს მოქნილობას და ცვალებად გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარს.

ჩვენი აზრით, სტანდარტული გაგებით კორპორაციული კულტურის დანერგვა სტარტაპში შეუძლებელია და არც არის სწორი, რადგან იმდენად დინამიკურია თავად სტარტაპის ცხოვრება, რომ მუდმივად საჭიროებს მოქნილობას, იმპროვიზაციასა და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, კორპორაციული კულტურა უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ მომენტში, სტარტაპში არსებულ სიტუაციას.

სტარტაპი უფრო წარმოადგენს იდეის გარშემო შეკრებილი ხალხის ერთობლიობას და თავად გუნდმა უნდა მოძებნოს წონოსწორობის ის წერტილი, რომელშიც თითოეული გუნდის წევრი თავს იგრძნობს კომფორტულად და უკვე აქედან დაიწყება კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის სტარტაპის დიდ კორპორაციად გადაქცევამდე”, – ირაკლი სვანიძე, Apollo 11-ის მმართველი პარტნიორი.

ალტერსოქსი

ალტერსოქსს სტარტაპს ვეღარ ვუწოდებ, რადგან უკვე მე-7 წელია ვარსებობთ და საკმაოდ გავიზარდეთ, თუმცა საქმეს მაინც სტარტაპული სულისკვეთებით ვუდგებით. საწყის ეტაპზე, ყველაფერი ქაოტური იყო, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად, რაღაცები დალაგდა. ვერ ვიტყვი, რომ ესე მკაცრად ჩამოყალიბებული და გაწერილი ორგანიზაციური კულტურა გვქონდა ან გვაქვს, თუმცა ის მეგობრული, თავისუფალი, უშუალო გარემო და სამართლიანო მოპყრობა ალტერსოქსში დასაქმებული ყველა ადამიანის მიმართ, კვლავ შევინარჩუნეთ.

ორგანიზაციული კულტურა არის ყველაფერი ის, რაც ორგანიზაციაში ხდება, მაგალითად დრესკოდი, სამუშაო გარემო, როგორ კეთდება საქმე, მენეჯერის მიდგომები ქვეშევრდომებისადმი, კომპანიის საერთო ღირებულებები და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ თუ სტარტაპის დამფუძნებლებს გააზრებული აქვთ რა არის ორგანიზაციული კულტურა, მისი დანერგვა თავიდანვე შესაძლებელია, თუმცა საწყის ეტაპზე, ეს, ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი. თუ დამფუძნებლებს/მენეჯერებს არ აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს და რატომ არის საჭირო, ესეთ სტარტაპებში ბუნებრივად მკვიდრდება გარკვეული ტიპის ორგანიზაციული კულტურა, თუმცა ეს ბრენდის მენეჯერებს, ხშირად გააზრებული არ აქვთ, რა არის და რას ნიშნავს. 

ჩვენი მთავარი ღირებულება არის მეგობრობა და სამართლიანობა. ვფიქრობ, ეს ღირებულებები ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილიცაა”, – რეზი ბესელაშვილი, თანადამფუძნებელი.

UPWAY

კორპორაციულ და სტარტაპ კულტურას შორის არის მსგავსება და ეს მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირია. თუმცა მიზნებისკენ სვლა კორპორაციებში და სტარტაპებში მეტწილად რადიკალურად სხვაა. დიდი კორპორაცია უფრო ხშირად დამკვიდრებულ წესებს და გეზს მისდევს, რომელთა ცვლილება ძალიან რთულია. სტარტაპები, მათგან განსხვავებით, მეტად იმპულსურები, ზრდაზე ორიენტირებულები არიან და არ უშინდებიან რისკებს. 

Upway-ს ყოველდღიურობა ძალიან ქაოსურია და ნაკლებად მიჰყვება წესებს, თუმცა კომპანიის კულტურასა და ღირებულებებზე ყველანი ვთანხმდებით. ჩვენი სტარტაპის ღირებულებები ეფუძნება მუდმივ ცნობისმოყვარეობაას, ნდობას, სამართლიანობასა  და პასუხისმგებლობას. აფვეის კულტურა ძალიან ცოცხალი, ბედნიერი და უშუალოა. ვცდილობთ, რომ ჩვენი ღირებულებებისა და პატარ-პატარა წესების მიხედვით ვიმოქმედოთ, თუმცა მუდამ გვახსოვს, რომ წესების დარღვევაც ჩვენი საყვარელი წესია ხოლმე”, – მარიამ ცანავა, თანადამფუძნებელი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ ამოვიცნოთ კონფლიქტური ადამიანები?

American Airlines „პასპორტებს ემშვიდობება“